ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“Продается Дом” – როდესაც აფხაზეთში შენი სახლის გაყიდვაზე ფოტოდან იგებ

5 მაისი, 2020 • 3264
“Продается Дом” – როდესაც აფხაზეთში შენი სახლის გაყიდვაზე ფოტოდან იგებ

აფხაზეთიდან დევნილმა მზეონა გულუამ გულრიფშის რაიონში საკუთარი სახლის გაყიდვის შესახებ ფოტოსურათით შეიტყო.

“ეს ფოტო მძიმე სანახავი იყო, იმის მიუხედავად, რომ ომის შემდეგ იქ ჩვენ აღარ ვყოფილვართ. ჩვენი სახლი აფხაზ პროკურორ კაცს, გვარად ხარანძიას ჰქონდა ჩაბარებული და ის უვლიდა. მას და მამაჩემს შეთანხმება ჰქონდათ, რომ სახლს ჩაგვაბარებდა. ეზოში ორი სახლი დგას, ბიძის და ჩვენი. ახლა ის კაცი ორივე სახლს ყიდის”, – გვიყვება ამჟამად ზუგდიდში მცხოვრები მზეონა გულუა.

პროფესიით მასწავლებელი მზეონა გულუა აფხაზეთის ომის დროს დაახლოებით 35 წლის იყო. მამაც პედაგოგი ჰყავდა, რომელსაც ომამდე სკოლის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

“ჩვენს სახლში მაშინ ბევრი ქართველი მწერალი და პოეტი ჩამოდიოდა. ძალიან დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა”, – გვიყვება მზეონა გულუა.

აფხაზეთის ომის დროს მამამ და ბიძამ მოხუცი დედა ვერ დატოვეს მარტო და აფხაზეთშივე დარჩენენ. ოჯახის სხვა წევრები ზუგდიდში გაგზავნეს.

“იმ დროს ჩვენს სახლში შამილ ბასაევი და მისი დაჯგუფება შევიდა. ბიძა მოხუცი დედის თვალსწინ მოკლეს. მამა კი  სასწაულებრივად და მხოლოდ იმის წყალობით გადარჩა, რომ კარგად იცოდა ჩეჩნეთის ისტორია და ბასაევისთვის რაღაც ამბები მოუყოლია. ამიტომაც აღარ მოუკლავთ. ბიძა იქვე, ეზოში დაასაფლავა მამამ”.

ზუგდიდში, ოჯახში ჩასვლამდე კი, ავთანდილ გულუა გუდაუთაში ტყვედ აიყვანეს, თუმცა ალექსანდრ ანქვაბის [ამჟამად აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი] დახმარებით ის სოხუმამდე თვითმფრინავით ჩაიყვანეს, საიდანაც შემდეგ უკვე ზუგდიდში წავიდა.

ფოტო, რუსულ ენაზე წარწერით “Продается Дом” [“იყიდება სახლი”], რომლითაც მისი ოჯახის სახლის გაყიდვის შესახებ გახდა ცნობილი, ქალს რუსეთში მცხოვრებმა დეიდაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოუგზავნა.

“რაც მამა გარდაიცვალა, 1999 წლიდან, ჩვენ იმ აფხაზ კაცთან, რომელსაც სახლი ჰქონდა ჩაბარებული, აღარ გვქონია ურთიერთობა. მხოლოდ ერთხელ ჩემმა დამ დარეკა სახლის ნომერზე და ცოლმა უპასუხა. მაშინ ჩემმა დამ უთხრა, იქნებ ზაფხულში ჩამოვიდეთო და ქალმა მაშინვე ყურმილი გაუთიშა. მას შემდეგ აღარ დაგვლაპარაკებიან”.

აფხაზეთიდან დევნილები, ხშირ შემთხვევაში, შემთხვევით იგებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი უძრავი ქონების გასხვისების ან გადაფორმების შესახებ.

მზეონა გულუას სახლი. მაისი, 2020

მასალების გადაბეჭდვის წესი