ახალი ამბები

თუ საერთო კანდიდატებით გამოვლენ, ყველა ოლქში პირველივე ტურში დამარცხდებიან – მდინარაძე ოპოზიციაზე

4 ივნისი, 2020 •
თუ საერთო კანდიდატებით გამოვლენ, ყველა ოლქში პირველივე ტურში დამარცხდებიან – მდინარაძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ თუ ოპოზიცია ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატით წარდგება, “ქართული ოცნება” ყველა ოლქში პირველივე ტურში მოახერხებს გამარჯვებას.

მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია სხვა ტაქტიკით გამოვა არჩევნებზე და ოლქებში რამდენიმე კანდიდატს დააყენებს, მაშინ რამდენიმე ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტურების გამართვა იქნება საჭირო. მდინარაძის აზრით, ორივე შემთხვევაში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, რადგან ოპოზიციის რეიტინგი დაბალია.

“არანაირი  მნიშვნელობა არ აქვს. თუ საერთო კანდიდატი ეყოლებათ, ამ შემთხვევაში გაიოლებას დავარქმევდი მე, რადგან პირველივე ტურში ყველანი დამარცხდებიან. თუ რამდენიმე კანდიდატი ეყოლებათ, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ამ რამდენიმე კანდიდატის და ხმების გაყოფის გამო შესაძლებელია, რომ რამდენიმე ოლქში დაგვჭირდეს მეორე ტური. ჩვენითვის ორვე შემთხვევა იოლია, რადგან მათ დაბალი რეიტინგი აქვთ”, – განაცხადა მდინარაძემ და ზოგადად პრობლემა უწოდა იმას, რომ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს.

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიერ დაანონსებული შეთანხმება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლოა აღარ შედგეს, ყოველ შემთხვევაში, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილე ყველა ოპოზიციური ძალის მონაწილეობით.

პარტია “ლელომ” საბოლოოდ დაადასტურა თავდაპირველი პოზიცია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტშიც დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობას, თუმცა საგამონაკლისო წესით ოპოზიციასთან რამდენიმე ოლქში თანამშრომლობას არ გამორიცხავს. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, პირველივე ტურში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილმა ბოლო დღეებში დისკუსია დაიწყო მეორე ტურში გასული ოპოზიციონერების მხარდაჭერაზე.

გაიგეთ მეტი ამ თემაზე

რატომ დაიწყო ოპოზიციაში დისკუსია II ტურებში კოორდინაციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი