ახალი ამბები

რატომ დაიწყო ოპოზიციაში დისკუსია II ტურებში კოორდინაციაზე

2 ივნისი, 2020 • 1288
რატომ დაიწყო ოპოზიციაში დისკუსია II ტურებში კოორდინაციაზე

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიერ დაანონსებული შეთანხმება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე დიდი ალბათობით აღარ შედგება, ყოველ შემთხვევაში, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილე ყველა ოპოზიციური ძალის მონაწილეობით.

პარტია “ლელომ” საბოლოოდ დაადასტურა თავდაპირველი პოზიცია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტშიც დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობას. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, პირველივე ტურში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილმა ბოლო დღეებში დისკუსია დაიწყო მეორე ტურში გასული ოპოზიციონერების მხარდაჭერაზე.

შექმნილ ვითარებაში გეგმა “ბ”-ს – მეორე ტურებში გასული ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერას – უალტერნატივოდ მიიჩნევს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი. ბერძენიშვილის თქმით, გასული წლის ბოლოს პარტნიორ კონკურენტებს შესთავაზა სქემა 73 მაჟორიტარული ოლქიდან დაახლოებით 1/3-ზე შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული სქემით, 25-28 შეთანხმებული ოლქიდან ნახევარში თუ იქნებოდა პირობითად ყველაზე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანების – “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ბლოკის კანდიდატი, მეორე ნახევარი სხვა ოპოზიციურ პარტიებზე უნდა გადანაწილებულიყო, ხოლო შეუთანხმებელ ოლქებში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის საკითხს პარტიები დამოუკიდებლად გადაწყვეტდნენ.

“შემდეგ გაძლიერდა ეს მიდგომა და თბილისის ოლქების დიდ ნაწილში უმრავლესობის შეთანხმება ძველი საარჩევნო სისტემის პირობებში რეალური ხდებოდა. მას მერე, რაც მოხერხდა შეთანხმება 120/30-ზე, ველოდი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან მოხდებოდ ამ შესაძლო შეთანხმების გადახედვა. 30 ოლქის შემთხვევაში გაიზარდა ალბათობა, რომ როგორც “ლელო”, ისე ზოგი სხვა პარტია, არ დათანხმდებოდა ერთი ან რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქს. წარმოიდგინეთ, 30 მაჟორიტარული ოლქი, სადანაც 3-4 ისეთია, რომ ხელისუფლებას აქვს შესამჩნევი სასტარტო უპირატესობა. ამ ვითარებაში, მომცრო თუ საშუალო პარტიებს მოუწევდათ 1, 2, 3 ან მაქიმუმ 4 კანდიდატი. თუნდაც 4 ოლქში გყავდეს შეთანხმებული საერთო ოპოზიციური კანდიდატი და 26 ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში არ მონაწილეობდე, ეს ძალიან დაასუსტებდა ახალ შექმნილ პოლიტიკურ სუბიექტებს, ან თუნდაც ძველ, მაგრამ სუსტ პოლიტიკურ  პარტიებს. “ლელოს” პირობა არ დაურღვევია, იმიტომ, რომ არ მოუცია რაიმე პირობა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, “ლელომ” უბრალოდ პანდორას ყუთი გახსნა. ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ გზას ბევრი სხვაც დაადგება. შესაბამისად, რამდენიმე პარტიამ რომც შეძლოს შეთანხმება რამდენიმე ოლქზე, მათ მაინც ეყოლებათ კონკურენტი ოპოზიციიდან და ეს უკვე აღარ იქნება საერთო ოპოზოციური კანდიდატი, არამედ იქნება ნაწილობრივ  რამდენიმე ოლქში შეთანხმებული კანდიდატი.

“ჩემი მიდგომა ასეთია – არსებითია, მეორე ტურებში პროდასავლელმა კანდიდატებმა და პარტიებმა ერთმანეთს მხარი დაუჭირონ. ასევე, ფასეულია იმდენი მაჟორიტარული ოლქი, რამდენი მაჟორიტარული ოლქის გადარჩენაც მოხერხდება საერთო შეთანხმებისთვის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, “შესაძლებელია, რომ ცალკეულ ოლქებში, ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმების საფუძველზე, პარტიების ინტერესი იყოს, რომ  ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ, ორი და მეტი კანდიდატიც”.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ასევე, განაცხადა, რომ ოპოზიციაში ყველა ოლქში  კანდიდატებზე შეთანხმება ვერ მოხდება, რადგან არის ოლქები, სადაც შეიძლება რამდენიმე პარტიის ინტერესი ისე დაემთხვეს ერთმანეთს, რომ შეუძლებელი გახდეს შეთანხმება. მიუხედავად ამისა, ბურჯანაძის აზრით, ოპოზიციის შანსი უფრო მეტია შეთანხმებული კანდიდატების შემთხვევაში. ამავდროულად, უნდა არსებობდეს გარკვეული ჩარჩო და არცერთმა პარტიამ არ დააყენოს ისეთი კანდიდატი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება სხვებისთვის.

“ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” მიიჩნევენ, რომ საკვანძოა ზოგიერთ ოლქში და განსაკუთრებით თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება.

“ქვეყნისთვის რისკების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ტურში გაფორმდეს არსებითი უპირატესობა და გამარჯვება. ამას სჭირდება სპეციფიკურ ოლქებში, განსაკუთრებით თბილისში, პირველივე ტურში გამარჯვებები. მესმის, რომ სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება იყოს – ზოგი ძალიან პატივსაცემი პოლიტიკოსი, ჩემი აზრით, ცდება და გვინდა დისკუსია გვქონდეს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს უფრო ღრმა პრობლემას პოლიტიკური სიხარბისა და იმ კონსენსუსის დარღვევის, რომ არავის აღარ უნდა ჰქონდეს ერთპიროვნული ძალაუფლება”, – განაცხადა ბოკერიამ.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, რომელ პოლიტიკური ძალის სიხარბეზე საუბრობს.

“სხვათა შორის, მე არ ვიღებ, კენჭებს რომ ისვრიან ენმ-ის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ენმ-ს არაფერი დაუშავებია. სიხარბეზე როცა ასეთი ტექსტი ითქმება, ადრესატიც უნდა დასახელდეს. “ნაციონალურ მოძრაობას” თუ გაცილებით მეტი შანსი აქვს, მეტი კანდიდატი გაიყვანოს, ვიდრე სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმა, ეს ენმ-ის დანაშული ხომ არ არის, ამომრჩევლის განწყობაა”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

ევროპული საქართველოს კიდევ ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, “ლელოს” გარეშე გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმების მიღწევა რეალისტურია, “რთულია “ლეიბორისტების” გარეშე, არ გამოვა “ევროპული საქართველოს” გარეშე და შეუძლებელია “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე”.

“ნაციონალური მოძრაობა” ამ დიდი ოპოზიციური ერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. უკიდურესი ქოცი უნდა იყო, რომ იძახდე, რომ არ არსებობს ეს ხალხი და არ არსებობს ეს მოცემულობა. მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა ესმოდეთ, რომ მარტო ისინი ვერ მოუგებენ [ოცნებას] და საერთო ოპოზიციურ ამბავს ისე დაანგრევენ, რომ პასუხისმგებლობა მათზე იქნება”, – განაცხადა უგულავამ ფორმულას ეთერში.

თავად “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, პირველივე ტურში საერთო კანდიდატების წარდგენის გზით წავა, თუ მეორე ტურში მხარდაჭერის, თვითონ კი ორივე სცენარისთვის მზადაა.

“ენმ ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაძლებელი იყოს ერთანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა. ასევე, ვითვალისწინებთ ძალიან ბევრი იმ ადამიანის მოსაზრებას, ვინც ფიქრობს, რომ შესაძლოა სჯობდეს, მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერის დარეზერვება. ვეცდებით, თბილსიში მაინც შესაძლებელი იყოს 8 საერთო კანდიდატის წარდგენა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ იქნა ადეკვატური მიდგომა ყველა პარტიის მხრიდან, ეს შესალძებელია. ადეკვატურ მიდგომაში იგულსხმება ყველა ფაქტორის – პარტიის ელექტორალური წონის, კონკრეტული შესაძლებლობების, კანდიდატების არჩევითობის  გათვალისწინება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიორგი ბარამიძემ.

”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გარკვეული პარტიები, რომლებიც საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არიან ჩართული, რიტორიკას ცვლიან და ასეთ ვითარებაში “ლეობორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატს აზრი ეკარგება.

“მოლაპარაკებების მაგიდა პროპორციული არჩევნების მიღების შემდეგ ისედაც დასატოვებელი იყო. იქ ხალხი ძირითადად დადიოდა მაჟორიტარებზე შესათანხმებლად. უცებ ის ხალხი, რომელიც აქამდე ამაზე დადიოდა, იძახის, რომ ჩვენ პირველ ტურზე არ უნდა შევთანხმდეთ, მეორე ტურზე უნდა შევთანხმდეთ და მე მგონი, მე კი არ უნდა დავტოვო, უბრალოდ აზრი ეკარგება მაგ ფორმატს. მე არ მინდა მონაწილეობა მივიღო აბსურდში, სადაც ადამიანები მეუბნებიან, თითქოს ყველაფერი ლოგიკურია, ასეც უნდა ხდებოდეს, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, მანამდე რასაც ერთად ვაკეთებდით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის მორიგი კონსულტაციები ჯერ არ დანიშნულა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ, უახლოეს პერიოდში, ერთობლივი შეხვედრაც გაიმართება და ოპოზიცია შეეცდება, რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა (და რა ფორმით) არჩევნებში კოორდინაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი