ახალი ამბები

კომიტეტმა შრომის კოდექსში ნაცვლიშვილის ინიცირებული ცვლილებები ჩააგდო

3 ივნისი, 2020 • 1091
კომიტეტმა შრომის კოდექსში ნაცვლიშვილის ინიცირებული ცვლილებები ჩააგდო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ.

კანონპროექტი დასაქმებულთა სამუშაო დროის, დასვენების დროისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხების მკაცრად დარეგულირებას ეხებოდა. ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოში შრომით ურთიერთობებში არსებულმა მანკიერმა პრაქტიკამ, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას, თავისუფლებას და ხშირ შემთხვევაში დამსაქმებულს მისცა შესაძლებლობა, შრომითი ექპსლუატაცია გაუწიოს დასაქმებულებს.

“რამდენადაც ქვეყანას დასაქმებულთა დაცვის კუთხით აღებული აქვს ვალდებულებები, მოცემული საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ამ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას ემსახურება. ძალიან გახშირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე, რომლის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი სწორედ გადაჭარბებული, არარეგულირებადი სამუშო დროა, საჭიროა წარმოდგენილი ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება, რითაც, ერთი მხრივ, მოხდება დასაქმებულთა უსაფთხოების და ჯანმრთელობის დაცვა და, მეორე მხრივ, ისინი შეძლებენ შესრულებული სამუშაოს გარკვეულწილად ადეკვატური ანაზღაურების მიღებას იქიდან გამომდინარე, რომ დამსაქმებელი ვეღარ შეძლებს თავი აარიდოს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ პროფესიული კავშირების წამომადგენლები.

საკანანონმდებლო ცვლილებებმა კენჭისყრაზე ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა.

“ზოგჯერ უარს ვამბობთ ხოლმე, გარკვეულ ცვლილებას მხარი დავუჭიროთ. არა იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით, არამედ მცირემასშტაბიანი ცვლილებები ითხოვს ხოლმე, სისტემურად იქნას განხილული. არის სამმხრივი კომისია, სადაც არაერთხელ მიგვიმართავს, რომ მათთან ერთად მოხდეს შეთანხმება“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ეს კანონი ერთნაირად ეკუთვნის როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულს, და ზოგჯერ შეიძლება კარგი ჩანაწერი დამაზიანებელიც გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი