ახალი ამბები

ხარვეზები კანონმდებლობაში და COVID-19-ის ეფექტი – “საია” ბავშვთა უფლებებზე საქართველოში

1 ივნისი, 2020 • 1218
ხარვეზები კანონმდებლობაში და COVID-19-ის ეფექტი – “საია” ბავშვთა უფლებებზე საქართველოში

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს კანონმდებლობაში ამ კუთხით არსებულ ხარვეზებსა და პანდემიის კრიზისის თანმდევ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პრინციპი აისახა, თუმცა ჯერ კიდევ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

“საიას თქმით”, საკანონდებლო ხარვეზები ბავშვთა უსაფრთხოების კუთხით საფრთხესა და რისკებს ზრდის.

“იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ბავშვის უფლებათა დაცვის კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერირების სისტემა კვლავ გაუმართავია, აღნიშნული უფრო მეტად ზრდის საფრთხეს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები ეფექტური რეაგირების გარეშე დარჩება.

ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ დღემდე ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა შრომა, ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციისა და ალტერნატიული ზრუნვის სისტემის გამართულობა, რაც მიმართული უნდა იყოს ბავშვის კეთილდღეობაზე”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

“საია” წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს გასული წლის სექტემბერში მიღებულ ბავშვის უფლებათა კოდექსს, რომელიც გაეროს კონვენციით გათვალისწინებული უფლებების ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვას ისახავს მიზნად. თუმცა, ორგანიზაციის თქმით, კვლავ პრობლემად რჩება აღნიშნული ცვლილებების უშუალო ამოქმედების ვადა, რომელმაც 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გადაიწია.

“აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას 2020 წლის პირველ მარტამდე უნდა მიეღო და ჯერ არ მიუღია ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორებიცაა, ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი, ბავშვის მიმართ ძალადობის რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, სოციალური განვითარების ხელშემწყობი, ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახში მხარდამჭერი პროგრამები. აღნიშნული კი ეფექტურობას უკარგავს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილ ბავშვის დაცვის მექანიზმებს”, – აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს, რომლებიც კოდექსში “საერთოდ არ ასახულა”:

“საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კანონმდებლობა კვლავ არ ადგენს ბავშვის ინდივიდუალური შემფასებლის უფლებამოსილებებს და არ მიჯნავს მას ბავშვის საპროცესო წარმომადგენლისგან. აღნიშნული იწვევს სოციალური მუშაკის, როგორც ბავშვისა და მისი გარემოს ობიექტური შემფასებლის ფუნქციებში დამატებით ბავშვის წარმომადგენლობის შემოჭრას, რაც სოციალური მუშაკისთვის ინტერესთა კონფლიქტს იწვევს და ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაციას არ ემსახურება”.

განცხადებაში აღნიშნულია პანდემიის კრიზისის ნეგატიური გავლენა ბავშვის არაერთ უფლებაზე, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს განსაკუთრებით შეეხო, ხოლო საყოველთაო კარანტინის დროს ოჯახში ან/და ბავშვის მოვლის ცენტრებში დარჩენილი ბავშვების მიმართ გაიზარდა ძალადობის განხორციელების რისკები. ორგანიზაციის განცხადებით, პრობლემურია განათლებაზე ხელმისაწვდომობაც, ამ კუთხით მიღებული ზომების მიუხედავად:

“მისასალმებელია, რომ საქართველოში მოხდა დისტანციური სწავლების დანერგვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ე.წ. ტელესკოლის პროგრამის შემუშავება. სამწუხაროდ, აღნიშნული ღონისძიებები ვერ ჩაანაცვლებს სკოლებს, მით უფრო იმ დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და არ აქვს გაჯეტი ან/და ინტერნეტზე წვდომა, რომლის მეშვეობითაც ჩაერთვება გაკვეთილზე”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საია” სახელმწიფოს მოუწოდებს:

  • გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბავშვის უფლებათა კოდექსისა და მისგან გამომდინარე აქტების დროულად ამოქმედებისთვის, რაც გაზრდის ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტს.
  • COVID-19-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფომ აქტიურად განახორციელოს/გააძლიეროს ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები და შეიმუშაოს შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები და უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად, ასევე, ბავშვების ძალადობისგან დასაცავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი