ახალი ამბები

როინიშვილი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციოში მოსამართლეობის კანდიდატია

29 მაისი, 2020 • 1386
როინიშვილი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციოში მოსამართლეობის კანდიდატია

ვასილ როინიშვილი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

როინიშვილის თქმით, შეთავაზება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მიიღო.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს პლენუმის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა.

“ვფიქრობ, ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები”, – განუცხადა როინიშვილმა ჟურნალისტებს.

ის არ იზიარებს არასამთავრობო სექტორის შეფასებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცესის გაუმჭვირვალეობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მისი კანდიდატურის შესახებ პლენუმის წევრებმა იცოდნენ.

კითხვას, არის თუ არა მნიშვნელოვანი საზოგადოების აზრი კანდიდატის შერჩევისას, როინიშვილი კონტრკითხვით პასუხობს:

“საზოგადოება ხომ არ ირჩევს ამ შემთხვევაში?!”

ვასილ როინიშვილი ასევე პასუხობს ბრალდებებს სასამართლოს კლანთან მისი დაახლოების თაობაზე.

“ვალდებული ვარ, ნიღაბი მეკეთოს, მაგრამ მეღიმება ამაზე. ხანდახან მგონია, რომ კლანის მნიშვნელობა არ იცის ხალხმა. ოჯახის წევრი არა ვარ… ბევრთან ვმეგობრობ”,- განაცხადა როინიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია 15 ივნისიდან გაჩნდება. ამ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა იწურება.

ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9 მოსამართლეს შორის იყო, რომელმაც 2017 წელს მხარი დაუჭირა “რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას.

ვასილ როინიშვილი 2008-09 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი