ახალი ამბებისამართალი

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლეა

29 მაისი, 2020 • 3781
ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლეა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვასილ როინიშვილი დანიშნა.

როინიშვილს პლენუმის 21 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის გაუმჭვირვალეობაზე საუბრობდნენ და ითხოვდნენ, უზენაესი სასამართლოს პლენუმს 29 მაისის სხდომაზე მხოლოდ კანდიდატურები წარედგინა და მოსამართლე არ დაენიშნა.

საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს საქართველოს სამი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო – საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია 15 ივნისიდან გაჩნდება. ამ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა იწურება

ვასილ როინიშვილმა დღეს უპასუხა ბრალდებებს სასამართლოს კლანთან მისი დაახლოების თაობაზე.

“ვალდებული ვარ, ნიღაბი მეკეთოს, მაგრამ მეღიმება ამაზე. ხანდახან მგონია, რომ კლანის მნიშვნელობა არ იცის ხალხმა. ოჯახის წევრი არა ვარ… ბევრთან ვმეგობრობ”,- განაცხადა როინიშვილმა.

ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9 მოსამართლეს შორის იყო, რომელმაც 2017 წელს მხარი დაუჭირა “რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას.

ვასილ როინიშვილი 2008-09 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი