ახალი ამბები

მე და ჩინჩალაძე მეგობრები ვართ, ღირსეული ადამიანია – როინიშვილი

29 მაისი, 2020 • 1393
მე და ჩინჩალაძე მეგობრები ვართ, ღირსეული ადამიანია – როინიშვილი

ვასილ როინიშვილი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძის მეგობარია, თუმცა სასამართლო სისტემაში გავლენიანი კლანის არსებობას უარყოფს.

სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძის ირგვლივ გაერთიანებული “კლანის” არსებობის თაობაზე, როგორც ცნობილია, წლებია საუბრობს არასამთავრობო სექტორი, თავად მოსამართლეები ამ ფაქტის არსებობას უარყოფენ.

“მიშა ჩინჩალაძეს ვიცნობდი მანამდე, სანამ მოსამართლე გავხდებოდით ორივე. მართალია, სამსახურეობრივად მოხდა ჩვენი ურთიერთობა, ბავშვობის მეგობარი ნამდვილად არ ყოფილა. ახლა კი, მეგობრები ვართ. ვთვლი, რომ ღირსეული ადამიანია”,- განაცხადა როინიშვილმა.

ვასილ როინიშვილი, რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად არის წარდგენილი, საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის შესახებ ნინო ქადაგიძისგან შეთავაზების მიღებას ჩინჩალაძის ფაქტორს არ უკავშირებს.

“მიშა ჩინჩალაძის გადასაწყვეტი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის წარდგენა. იმას თუ მეკითხებით, მიშა ჩინჩალაძეს გაუხარდება თუ არა ჩემი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, ალბათ, გაუხარდება, როგორც მე გამიხარდებოდა მისი ახალი გამოწვევა. არანაირი [მურუსიძე-ჩინჩალაძის] კლანი არ არის, დამიჯერეთ. რატომ არ არის, მაგალითად, ჩემი კლანი, იქნებ მე ვარ თავმჯდომარე ამ კლანის, თქვენ რა იცით?!”- მიმართა როინიშვილმა ჟურნალისტებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანტური თანამდებობა 15 ივნისიდან ჩნდება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს უფლებამოსილება ეწურება. როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი