ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ფრინველებითა და გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები წერენ, რომ თბილისში, მტკვარზე, მეტეხის ტაძრის სიახლოვეს კონკრეტულ მონაკვეთში, სხვადასხვა ფრინველი ბინადრობს ჯგუფურად, მათ შორის, მცირე თეთრი ყანჩა, რომელთაც „პროჟექტორებით განათების“ გამო ბუნებრივი გარემო დაერღვათ და ეკოსისტემა დაზიანდა.
„ფოტოგრაფები და ბუნების მოყვარულები სპეციალურად დავდივართ მათზე დასაკვირვებლად. ვიღაცამ მოიფიქრა და ეს ადგილი ღამით პროჟექტორებით გაანათა, რაც პირდაპირ აფრთხობს და აზიანებს ეკოსისტემას“, — წერდა ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი.
როგორც მათზე დამკვირვებელი ადამიანები წერდნენ, ფრინველების ბუნებრივი ქცევა შეიცვალა.
მერიაში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ პრობლემა რამდენიმე ღამის განმავლობაში მართლაც არსებობდა, მაგრამ უკვე აღმოფხვრილია.
„მინათება ჩამქრალია, ფრინველებს აღარაფერი ემუქრებათ. რამდენიმე დღე გაგრძელდა ეს. გაკეთდა ახალი მინათებები. მხატვრულ-დეკორატიული განათება მანდ ადრეც იყო. შეიცვალა და რამდენიმე დღით შეიძლება უფრო მკვეთრი იყო, ან უფრო ქვემოთ მიმართული. რეაგირება მაშინვე მოხდა. მაგ კონკრეტულ მონაკვეთზე ე.წ. პროჟექტორები უკვე გათიშულია“, — აცხადებენ მერიაში.
