ახალი ამბები

სულხან სალაძე საკონსტიტუციოს ახალ მოსამართლესა და “კლანზე”

29 მაისი, 2020 • 1820
სულხან სალაძე საკონსტიტუციოს ახალ მოსამართლესა და “კლანზე”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის საკითხის განხილვის დროს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე მხოლოდ 4 შეკითხვა დაისვა.

“ვასილ როინიშვილი არ იცნობს კარგად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. თავად ის მხარდამჭერი განცხადებები, რაც სხდომაზე გაკეთდა, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილის მხრიდან, ამოდიოდა იქიდან, რომ სასამართლოს სჭირდება წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში და არა მართლმსაჯულებას. გარეთ ჟურნალისტებმა უფრო მეტი კითხვა დასვეს ახალ მოსამართლესთან, ვიდრე შიგნით – პლენუმის წევრებმა. ფორმალურად თუ შევხედავთ, კითხვის დასმა მაინც შეიძლებოდა. რეალურად დღეს სხდომა იყო ფორმალური”,- განაცხადა სულხან სალაძემ.

იმის გათვალისწინებით, რა სახის მხარდაჭერა მიიღო ვასილ როინიშვილმა, საია-ს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატურა გავლილი და შეთანხმებული იყო, მათ შორის, “კლანთან”.

ვასილ როინიშვილი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დღეს დანიშნა, აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძის მეგობარია, თუმცა სასამართლო სისტემაში გავლენიანი კლანის არსებობას უარყოფს.

სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძის ირგვლივ გაერთიანებული “კლანის” არსებობის თაობაზე, როგორც ცნობილია, წლებია საუბრობს არასამთავრობო სექტორი, თავად მოსამართლეები ამ ფაქტის არსებობას უარყოფენ.

“მიშა ჩინჩალაძეს ვიცნობდი მანამდე, სანამ მოსამართლე გავხდებოდით ორივე. მართალია, სამსახურეობრივად მოხდა ჩვენი ურთიერთობა, ბავშვობის მეგობარი ნამდვილად არ ყოფილა. ახლა კი, მეგობრები ვართ. ვთვლი, რომ ღირსეული ადამიანია”,- განაცხადა როინიშვილმა.

ვასილ როინიშვილი, რომელიც, ამავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად არის წარდგენილი, საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის შესახებ ნინო ქადაგიძისგან შეთავაზების მიღებას ჩინჩალაძის ფაქტორს არ უკავშირებს.

“მიშა ჩინჩალაძის გადასაწყვეტი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის წარდგენა. იმას თუ მეკითხებით, მიშა ჩინჩალაძეს გაუხარდება თუ არა ჩემი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, ალბათ, გაუხარდება, როგორც მე გამიხარდებოდა მისი ახალი გამოწვევა. არანაირი [მურუსიძე-ჩინჩალაძის] კლანი არ არის, დამიჯერეთ. რატომ არ არის, მაგალითად, ჩემი კლანი, იქნებ მე ვარ თავმჯდომარე ამ კლანის, თქვენ რა იცით?!”- მიმართა როინიშვილმა ჟურნალისტებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანტური თანამდებობა 15 ივნისიდან ჩნდება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს უფლებამოსილება ეწურება. როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი