ახალი ამბებისამართალი

ოჯახში ძალადობა და ბრალდებულთა გამართლების მაღალი სტატისტიკა

1 ივნისი, 2020 • 5610
ოჯახში ძალადობა და ბრალდებულთა გამართლების მაღალი სტატისტიკა

სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის საქმეებზე წლიდან წლამდე იზრდება სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, თუმცა, ამავდროულად, საგრძნობლად მაღალია ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენები სასამართლო სისტემაში, ანუ ბრალდებულის გამართლების სტატისტიკა. რატომ?

ოჯახში ძალადობის სტატისტკა

პარლამენტში პროკურატურის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2019 წელს ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე 4579 პირის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დევნა, რაც 624-ით მეტია წინ წლის მონაცემებთან შედარებით. პროკურატურის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, სამართლებრივი დევნის მონაცემები ყოველწლიურად მზარდია.

„2019 წლის განმავლობაში, გასული წლების მსგავსად, საგრძნობლად გაიზარდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ დევნის დაწყების მაჩვენებელი და დევნის დაწყების საერთო მაჩვენებლის 1⁄4 შეადგინა“, – ამბობს პროკურატურა.

თუმცა, როგორც სტატისტიკა უჩვენებს, ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოებში ხშირად დგება გამამართლებელი განაჩენი. 2019 წელს ყველა სახის დანაშაულის საქმეებზე არსებითი განხილვის საფუძველზე გამოცხადებული განაჩენებიდან სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი 11,1%-ის მიმართ გამოიტანა, ხოლო 4,7%-ის მიმართ – ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი. 2019 წელს გამამართლებელი განაჩენების დიდი ნაწილი (66%) ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მოდის.

პროკურატურა ამ არაპროპორციულობას საქმის განხილვის დროს ახლო ნათესავების მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენებას უკავშირებს. მარტივად რომ ითქვას, პროკურატურის თანახმად, ბრალდებულის ოჯახის წევრები ან/და ნათესავები, მათ შორის, დაზარალებულებიც, რაღაც ეტაპზე ჩვენებებს აღარ იძლევიან.

2019 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დაკითხვის ჩამტარებელმა პირმა დაზარალებულს უნდა შესთავაზოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან კონსულტაციის გავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი ვადით სარგებლობა.

“აღნიშნული ცვლილება ბრალდების მხარის ხელში წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლის მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება გაუცნობიერებლად – ძალადობის განმეორების რისკებისა და იმ საფრთხეების გათვალისწინების გარეშე, რის წინაშეც შესაძლოა დადგეს მოძალადის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში“, – წერია პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშში.

ჩვენებებისგან თავშეკავება, როგორც სამართლებრივი პრობლემა გამოძიებისთვის?

როგორც სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, ოჯახში დანაშაული ძირითადად გულისხმობს ქალთა წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 182 სხდომიდან, რომელიც ეხებოდა ოჯახში ძალადობას, 178 შემთხვევაში ბრალდებული იყო კაცი, ხოლო 4 შემთხვევაში- ქალი.

ამასთანავე 192 დაზარალებულიდან აბსოლუტური უმრავლესობა, 171 ქალი იყო. საიას ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტები, კერძოდ: 157 შემთხვევა.

პროკურატურის ანგარიშში დასახელებულ სამართლებრივ პრობლემაზე საუბრობენ იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მათ შორის საია და „საფარი“. ორივე ორგანიზაცია ადასტურებს, რომ  დაზარალებულები ხშირად ამბობენ უარს ჩვენებაზე და სამართლებრივი დავის გაგრძელებაზე.

„2019 წელს საია დაესწრო 21 ისეთ სასამართლო სხდომას, რომელზეც გამამართლებელი განაჩენი დადგა, აქედან 16 ეხებოდა ოჯახურ დანაშაულებს“, – უყვება ნეტგაზეთს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ჩიხლაძე.

იურისტი ამბობს, რომ არა მხოლოდ სასამართლო სხდომებზე, არამედ სასამართლოს მიმართვამდეც კი, კონსულტაციების პერიოდში, დაზარალებულები ხშირად ამბობენ უარს დავის გაგრძელებაზე.

„ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით მსხვერპლს ხშირად მოწმეები არ ჰყავს, ვინც დაადასტურებდა, რომ მსგავსი ფაქტი ნამდვილად მოხდა. ეს, ერთი მხრივ, შესაძლოა იყოს იმიტომ, რომ უბრალოდ ეშინიათ ადამიანებს ამ ფაქტის დადასტურების, რადგან შესაძლოა, მოძალადემ შემდგომ მათზეც იძალადოს. გამოძიების დაწყება ავტომატურად არ ნიშნავს პირის დაკავებას. ან უბრალოდ თავს არიდებენ ე.წ. სხვის საქმეში ჩარევას და ამიტომ უარყოფენ, რომ სმენიათ ან იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ“, – ამბობს ნინო ჩიხლაძე.

ჩვენების არმიცემის პრაქტიკასა და თანდართული გამოწვევების შესახებ ნეტგაზეთთან ასევე ისაუბრა „საფარის“ იურისტმა – ელისო რუხაძემ. ის გვიყვება, რომ სასამართლოში, ნათესავების მსგავსად, ხშირად ვერ საუბრობს თავად დაზარალებულიც, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველი ხდება. ელისო რუხაძე ამ კუთხით 4 ფაქტორის გამოყოფს.

„ჩვენებისგან თავშეკავებას რაც შეეხება, როდესაც საქმე ეხება ოჯახურ დანაშაულს ან/და ოჯახში ძალადობის არსებობას, ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც მსხვერპლი ამას აკეთებს.

1. ფსიქოლოგიური ასპექტი – როდესაც მსხვერპლს ახასიათებს ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომი, რის გამოც ხშირად მას აქვს მიჯაჭვულობა და დანაშაულის შეგრძნება მოძალადის მიმართ.

2. როდესაც ხდება მოძალადის და მისი გარემოცვის მიერ მსხვერპლის დაშინება, მოსყიდვა და ა.შ. რის გამოც ეს უკანასკნელი თავს იკავებს ჩვენების მიცემისაგან.

3. მოძალადის ადვოკატი არწმუნებს მსხვერპლს, რომ მოძალადე ჩაიდენს უარესს ან პირიქით, გამოსწორდება, თუ ამ ჯერზე აპატიებს მსხვერპლი

4. კანონის ჩანაწერი, რომელიც მსხვერპლს აძლევს შესაძლებლობას,არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ“, – ამბობს ელისო რუხაძე.

როცა უარი ჩვენებაზე გამამართლებელი გადაწყვეტილების საფუძველი ხდება – სასამართლო საქმეები

იურისტის, ამჟამად კი  შსს-ს თანამშრომელ გოგა ხატიაშვილის წიგნში „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“, რომელიც 2016-2018 წლების სასამართლი სხდომებს მოიცავს, 11 ისეთი საქმეა განხილული, როდესაც ბრალდებულის ნათესავებმა ჩვენებაზე უარი თქვეს.

რა დროსაც “მოსამართლეები სხვა მტკიცებულებებს ეყრდნობიან და, დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, გამამტყუნებელი განაჩენები გამოაქვთ, ან მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამამართლებელ გადაწყვეტილებას იღებენ“.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 

ბრალდების არსი: 2016 წლის იანვარში, ღამის საათებში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში სცემდა ხელებითა და ფეხებით სახისა და ტანის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

სასამართლოს განმარტება: აღნიშნულ საქმეზე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო. მოწმეებმა (დაზარალებულმა და ბრალდებულის დედამ) ისარგებლეს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით და სასამართლოში არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, თუმცა სააპელაციო სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით, მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც დეტალურად აღწერა მეუღლის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტი.

დაზარალებულმა გაიხსენა, თუ როგორ სცემა მეუღლემ 2017 წლის იანვარში ხელებითა და ფეხებით, ასევე, სკამის ფეხითა და იარაღის კონდახით. ამავდროულად, აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემის წინა დღეს მისი მეუღლე მოჰყვა ავტოავარიაში, რის გამოც შეეცოდა და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. დაზარალებულის გარდა, საქმეში წარმოდგენილი იყო გამომძიებლის ჩვენება, რომელიც პირველად შეხვდა დაზარალებულს.

გამომძიებლის განმარტებით, ძალადობის ფაქტიდან დაახლოებით 15 წუთში დაზარალებული გამოიპარა სახლიდან და მოვიდა პოლიციაში. მოწმემ აღნიშნა, რომ მსხვერპლი იყო შეშინებული და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

მან გამომძიებელს განუცხადა, რომ ქმარმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი, გაამტყუნა ბრალდებული მეუღლის მიმართ ძალადობაში და მიუთითა, რომ „დაზარალებულის ჩვენება, რომელიც დეტალურად და დამაჯერებლად მიუთითებს მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და გამომძიებლის ჩვენება, რომლებიც ამყარებენ დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, პალატის მოსაზრებით, ქმნის საკმარის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში“.

ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პროცესში სასამართლოს აკისრია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი, ვინაიდან მან უნდა დააკისროს მოძალადეს პასუხისმგებლობა, თუმცა, ამავდროულად, მიუთითა, რომ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ბრალდებულის უფლებების დარღვევის ხარჯზე.
სასჯელი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

სამტრედიის რაიონული სასამართლო 

ბრალდების არსი: 2017 წელს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულს მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახისა და ტანის არეში ხელებისა და ფეხების დარტყმით იძალადა მეუღლეზე.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).

სასამართლოს განმარტება: სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა და ძალადობის ფაქტის შემსწრე ოჯახის სხვა წევრებმა ისარგებლეს საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის დაკითხვის ოქმი, ადასტურებდა მხოლოდ დაზიანების არსებობას პირის სხეულზე. თუმცა არ არსებობდა დაზარალებულის ან/და მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მოწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებდა. ამდენად, „სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული, სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის“. ამიტომ, ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

რატომ არ იძლევიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და თავად მსხვერპლები ჩვენებებს – სოციალური და ეკონომიკური მიზეზები

ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან, მათ შორის, მსხვერპლებისგან, ჩვენებისგან თავშეკავების პრაქტიკას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე უკავშირებს საზოგადოებაში დამკვირდებულ სტერეოტიპებსა და ქალის სისტემურ ჩაგვრას.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ საკითხზე მსჯელობისას, სანამ სასამართლომდე ან ჩვენებებამდე მივალთ, უნდა დავსვათ კითხვა – თუ რატომ დუმან დაზარალებულები, უმეტეს შემთხვევაში ქალები, ოჯახში ძალადობაზე? ამ „რატომ-ს“ რამდენიმე პასუხი აქვს, უპირველესად კი ის, რომ ოჯახური დანაშაული, მათ შორის, ოჯახში ძალადობა, სხვა ტიპის არცერთ დანაშაულს ჰგავს.

„აქ არის ემოციური ფაქტორი ჩართული: ძალადობენ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს – ეს არის ურთულესი მომენტი ნებისმიერი ადამიანისთვის. იმდენად [რთული], რომ დაზარალებულს პირველივე წუთებში არ შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც ნებისმიერი გამვლელის მიმართ ვიმოქმედებდით. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი გზის გარეშე მოაგვარონ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, თუმცა ოჯახში ძალადობა, სამწუხაროდ, ისეთი ფენომენია, რომ პრაქტიკულად, მისი შეჩერება  საუბრითა და ლაპარაკით, როგორც წესი, არ ხდება“, – ამბობს უფლებადამცველი.

მისივე თქმით, ძალადობაში გატარებული წლების შემდეგ ქალებს უჩნდებათ განცდა, რომ მათ არავინ დაუჯერებს, მათ არ აქვთ არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების იმედი. უმეტეს შემთხვევაში, ეს შიში მართლდება და საზოგადოებაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს არათუ მხარს უჭერს, არამედ მორალური წნეხის ქვეშაც აყენებს.

„კიდევ ერთი სპეფიციკური მომენტი, როდესაც ადამიანები თავს იკავებენ ხმამაღლა ლაპარაკისგან – ეს არის ბავშვები. ხშირად, როდესაც ძალადობა ხდება ქალის მიმართ და ოჯახში ბავშვები არიან – ბავშვებს მოძალადე იყენებს, როგორც იარაღს, რომ გააჩუმოს ქალი ძალადობაზე საუბრისას. ქალს აშინებენ და ისიც ბოლოს ფიქრობს, რომ თუ არ გაჩერდება, მას ბავშვს წაართმევენ“ ,- ამატებს ანა აბაშიძე.

„ამ დროს, როდესაც სახელმწიფო  ეკონომიკურად ვერ აძლიერებს ქალს და მას წასასვლელიც კი არ აქვს… ან შეიძლება ჰქონდეს წასასვლელი, მაგრამ არ [გააჩნდეს] იმხელა ფინანსური რესურსი, რომ საკუთარი თავი და შვილები არჩინოს, ქალს უწევს არჩევანი გააკეთოს ცუდსა და უარესს შორის და ამ დროს წირავს საკუთარ ინტერესებს. ამ თვალსაზრისით ქალები ხშირად მსხვერპლშეწირულები არიან, თუმცა საზოგადოება საკითხს ამ კუთხით არ უყურებს“.

აბაშიძე განმარტავს, რომ როდესაც ქალი სასამართლოში ან სამართალდამცველ ორგანოსთან მიდის, მისთვის უმთავრესი ბარიერი ის რწმენაა, რომ მას არ დაუჯერებენ „და ჩვენ უკვე მტკიცებითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მათი მოსაზრება არის სწორი“.

„საქართველოში, სამწუხაროდ, სადაც კაცის კულტია და კაცის ცხოვრების ირგვლივ ტრიალებს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრება – იქ ქალმა თუნდაც ტანჯვაზე ან წამების დანაშაულზე ისაუბროს, იმ წამსვე არის ნიველირებული, იმ წამსვე ერთვება უმეტესობის აზროვნების ასეთი პატერნი, რომ ქალი იტყუება , ქალი არის ცუდი, ქალი არის გამომძალველი, რომ მას უნდა კაცი რეპუტაციულად გაანადგუროს და ა.შ.

ეს არის თემა, რომელიც ჩემი აზრით, პირველ ბარიერს უქმნის უკვე სამართალდამცავ ორგანოსთან მისულ ქალს. ქალები პრაქტიკულად ძალაგამოცლილები და დამარცხებულები არიან ჯერ კიდევ სასამართლომდე და ეს არის ლინჩის წესით გასამართლების ტოლფასი“, – ყვება ანა აბაშიძე ნეტგაზეთთან.

ანა აბაშიძე – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ამ ყველაფრის ერთობლიობა, აბაშიძის აზრით, ადამიანის ღლის და საბოლოოდ აფიქრებინებს, ხომ არ ჯობია დავრჩე ძალადობაში, ისევ ჩემს თავზე ავიღო ეს სასტიკი რეალობა, რაც წლების განმვალობაში დაგროვდა და “უბრალოდ ყველა გაჩუმდეს”.

მისივე თქმით, ქალი, რომელიც ოჯახში ძალადობაზე საუბრობს, არასდროს ყვება მხოლოდ ერთ ფაქტზე, “აქედან გამომდინარე, მისი შესაძლებლობები, გაუმკლავდეს მორალურ წნეხს, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი, როგორც აქვს სხვას, რომელიც მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში ცხოვრობს”.

მისივე თქმით, ეს იცის მოძალადემ, მისმა მხარდაჭერებმა და ამას იყენებენ, როგორც იარაღს.

„სწორედ ამ მიზეზების გამო ხდება ჩვენების უკან წაღება ან შეცვლა. ეს კარგად უნდა ვიცოდეთ და აქამდე არ უნდა მივიყვანოთ ადამიანები, რომლებიც შველას ითხოვენ,“.

რაც შეეხება გამოსავალს ამ სიტუაციიდან, აბაშიძე ამბობს, რომ რთულია ერთი ცალსახა პასუხისა და პრობლემბის გადაჭრის გზის პოვნა, ვინაიდან აქ როლს თამაშობს გამოხატვის თავისუფლებაც, მეორე მხრივ კი, დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაა.

„მაგრამ ყველაზე მყარი და ცალსახა, რაც შემიძლია გითხრათ აუცილებელი რეკომენდაციის სახით, არის ის, რომ დავფიქრდეთ: ვართ გამოქვაბულის პერიოდის, თუ განსხვავებული ადამიანები. თუ ჩვენ გვაქვს რაიმეზე პრეტენზია, უპირველესად საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე უნდა გვქონდეს – ვიქცევით, როგორც ჯოგური პრინციპით მცხოვრები ადამიანები… ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ეს ის თემაა, როდესაც პასუხს აგებს მოქალაქე და არა – აპრიორი სახელწმფო“, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი