ახალი ამბები

რჩევაა თუ ჩვენება? – გახარია ლობისტებზე ბოკერიას რეკომენდაციაზე

27 მაისი, 2020 • 943
რჩევაა თუ ჩვენება? – გახარია ლობისტებზე ბოკერიას რეკომენდაციაზე

“ლობისტებთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს რჩევაა თუ ჩვენება, საერთოდ ღიმილის მომგვრელია, თუმცა გავითვალისწინებ”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას გამოსვლას პარლამენტში 27 მაისს.

ლობისტებთან დაკავშირებით ბოკერიას გამოცდილებაში გახარია, სავარაუდოდ, გულისხმობს გიგა ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე მუშაობის პერიოდს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბოკერია მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს უშიშროების საბჭოს მიერ ლობისტებზე დახარჯული თანხების საქმეზე.

გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერს ჰკითხა, თუ ვინ ურჩია, „მთავრობის მაგივრად ლობისტმა მიმართოს პარტნიორებს“ და განაცხადა, რომ „ეს ითვლება სამარცხვინო და ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელ ამბად“. ასევე, ურჩია, წერილები ვაშინგტონში მთავრობამ გააგზავნოს და არა ლობისტებმა.

წერილი, რომლის შესახებაც ბოკერიამ ისაუბრა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა  — მასში „ქართული ოცნების“ პარტია და მის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ბოკერიამ აგრეთვე იკითხა, თუ როდის იტყუებოდა მთავრობა, პარტნიორებისთვის გაგზავნილ წერილში, სადაც ამბობდა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ორი პატიმრის შეწყალებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად, თუ საჯაროდ გაკეთებულ კომენტარებში.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე ობიექტური სურვილი ვინმეს თუ აქვს, ეს ხელისუფლებაა, პოლიტპატიმრები კი ქვეყანაში არ არსებობენ.

“არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები. ერთი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთან მიმართებაში, რომელიც შტურმისკენ მოუწოდებდა და ამ შტურმში იღებდა მონაწილეობას პარლამენტში. ამ შტურმის პროცესში ბევრ თქვენგანსაც ვხედავდი. მეორე ადამიანმა, უბრალოდ, ბიუჯეტიდან მოიპარა თანხა. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამით დამთავრდა პროცესი. პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების საკითხი დადგება. იქ გამოჩნდება, ვინ არის პოლიტიკური კონსენსუსის, მშვიდობის, არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით, დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ვინ გირჩიათ, მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს პარტნიორებს” – ბოკერია გახარიას

გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი