ახალი ამბები

გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს

4 აპრილი, 2014 • • 1511
გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს

 

გამოცემის ცნობით, უწყებაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს ჩაბარდა, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა საქმეზე იბარებენ ბოკერიას დაკითხვაზე.

 

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ამ საკითხზე უახლოეს საათებში განცხადებას გაავრცელებენ. ტაბულას ცნობით, ბოკერია მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დღეს, 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გამომძიებელ დავით თევზაძეს, რომელმაც უწყების მიხედვით ბოკერია დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა მან არ ისურვა საუბარი საქმის შინაარსთან დაკავშირებით.

 

2013 წლის ბოლოს იმჟამინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “უშიშროების საბჭოს მიერ ლობისტებზე დახარჯული თანხების საქმე” პროკურატურაში იყო გადაცემული და გამოძიება მიმდინარეობდა:

 

“ისინი ახერხებდნენ ძვირი პიარკამპანიების წარმოებას. ძალიან ბევრი ლობისტები, მათ შორის ბოკერია… 16 მილიონი მარტო წინა წელს აქვს ბოკერიას, რომელიც ძირითადად პიარკამპანიით იყო დაკავებული და დღესაც, მთელი წლის განმავლობაში იმითაა დაკავებული, რომ ჩირქი მოსცხოს ქვეყანას. ბოკერიას სამსახური [უშიშროების საბჭო] მთლიანად სააკაშვილის პიარზე იყო მორგებული. ეს არის შედეგი, რატომ გამოიტანეს კომიტეტში და არა პარლამენტში, პარლამენტში კიდევ ვახერხებთ ამას. ეს არის შედეგი იმის, რომ მთელი ევროპა სიცრუეში ჰყავდა. ატყუებდნენ ამერიკასაც. დღეს რაც ხდება, ჩვენგან წაგლეჯილ ფულს იყენებდნენ და გარეთ ლობისტებს ამუშავებდნენ, მაგრამ ამას უკვე საფუძვლები გამოეცალა და ერთეულებიღა დარჩა. კლებაში წავიდა პროცესი”, – განაცხადა მაშინ ივანიშვილმა და დასძინა, რომ ბოკერიას უწყების საქმიანობა ამ მიმართულებით პროკურატურაშია გადაცემული. ივანიშვილის თქმით, იმ 16 მილიონიდან, რაც ბოკერიას სამსახურის მიერ ლობისტებზეა გადაცემული, 300, 400 ათასი ნაღდი ანგარიშსწორებითაა გაცემული, მათ შორის ელჩებზე:

 

“დაველოდოთ გამოძიებას”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი