ახალი ამბები

“დავაკვირდებით შემხვედრ ნაბიჯებს” – უკრაინაში ელჩის დაბრუნების თარიღი უცნობია

25 მაისი, 2020 • 1256
“დავაკვირდებით შემხვედრ ნაბიჯებს” – უკრაინაში ელჩის დაბრუნების თარიღი უცნობია

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიად ტოვებს კითხვას, თუ როდის დაბრუნდება საქართველოს ელჩი უკრაინაში.

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის გამო თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს მივიდა, სადაც კონსულტაციების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

“ელჩისგან მოვისმინეთ ინფორმაცია უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და, რა თქმა უნდა, არ იგეგმება უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობის გადახედვა. ქართული მხარე დააკვირდება უკრაინაში პროცესების განვითარებას, მათ შორის იმას, თუ რა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების თვალსაზრისით და ამის შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა.


უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში გამოწვევის შესახებ ცნობა 8 მაისს დადასტურდა.  ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

9 მაისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემდგომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და დიპლომატიურ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უკრაინიდან ელჩი იმისათვის გამოიწვიეს, რომ იმსჯელონ, როგორ არ დააზარალონ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები „ავანტიურისტმა პოლიტიკოსებმა“.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.

არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა – შარაშენიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი