საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხილს გამოხატავს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
უწყება ამტკიცებს, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის შეტანას სანქციების ჩამონათვალში არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.
განცხადებაში წერია, რომ საქართველო „სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს, და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის“.
„ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას.
საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას“, – წერია განცხადებაში.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას და კრიპტოპლატფორმებს საქართველოდან.
„ამ ჩარჩოში ევროკავშირი აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას — რომელიც ძალაში შევა ექვს თვეში — ქართულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ვაჭრობს და ამუშავებს რუსულ ნავთობს ყულევში“, – ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ:
EU-მა ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა
