ახალი ამბები

ბასილაშვილმა გირაო უკვე გადაიხადა – ადვოკატი

24 მაისი, 2020 •
ბასილაშვილმა გირაო უკვე გადაიხადა – ადვოკატი

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, მან სასამართლოს მიერ შეფარდებული 100 000-ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

ჭკადუა ამბობს, რომ გირაო, დაახლოებით, 2 საათის წინ გადაიხადეს, თუმცა, საქმის შინაარსობრივ ნაწილზე ჯერჯერობით დაცვის მხარე კომენტარს ვერ გააკეთებს.

დღეს საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე განიხილეს. მოსამართლემ ბასილაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა, პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდება ითხოვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“    ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი