ახალი ამბები

დავიწყეთ შესწავლა – ომბუდსმენი ბასილაშვილის საქმეზე

24 მაისი, 2020 • 1135
დავიწყეთ შესწავლა – ომბუდსმენი ბასილაშვილის საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ამბობს, რომ აპარატმა ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა დაიწყო.

„მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები,“ – წერს ნინო ლომჯარია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

დღეს საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე განიხილეს. მოსამართლემ ბასილაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა, პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდება ითხოვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“    ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი