ახალი ამბები

პარლამენტმა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის” კანონში ცვლილებები მიიღო

22 მაისი, 2020 • 1285
პარლამენტმა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის” კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომაროების დაწესების გარეშე შემზღუდავი ზომების გატარების შესაძლებლობას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა და დაამტკიცა.

პროექტის საბოლოო ვერსიაში ავტორებმა მიუთითეს, რომ შეზღუდვები დროებითი იქნება და 15 ივლისამდე იმოქმედებს, მანამდე კანონპროექტი  მთავრობას  შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას WHO-ს მიერ პანდემიის დასრულებულად გამოცხადებამდე აძლევდა.

საუბარია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტზე, რომლის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, რადგან მას ატიკონსტიტუციურად მიიჩნევს. დამოუკიდებელი დეპუტატები კი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენეას სთხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიცია აპირებს 30 დეპუტატის ხმა მოაგროვოს და დამტკიცების შემთხვევაში, დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

„საქართველოს პარლამენტის წევრებთან ჩვენ ვაპირებთ, რომ დავიწყოთ კონსულტაციები იმისთვის, რომ მოგროვდეს პარლამენტის წევრთა 1/5 – ეს არის 30 დეპუტატი, იმისთვის, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვინაიდან დროში შეზღუდულად, მაგრამ ეს კანონი მაინც არაკონსტიტუციურია, უფლებრივ და უწყებრივ ნაწილში ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

იმედი გვაქვს, რომ პარლამენტში იქნება 30 დეპუტატი და პარტიული ინტერესების გარეშე შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტური მსჯელობის შემთხვევაში ამ კანონს არაკონსტიტუციურად ცნობს“, – ამბობს ბოკუჩავა.

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი