ახალი ამბები

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

19 მაისი, 2020 • 1304
რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

დღეს, 19 მარტს, ბიურომ დაარეგისტრირა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტი , რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

კანონპროექტით ზუსტდება ტერმინების „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ განმარტებები. თუ მოქმედი რედაქცია ითავლისწინებს ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევებას სხვა ადამიანებისგან, ინიცირებული ცვლილებებით, შესაძლო ინფიცირებული პირის განცალკევებაც დასაშვები ხდება. ამასთან, მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებები არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. კანონპროექტით კი, ზემოაღნიშნულს ემატება ღონისძიებები, რომლებიც გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

“ჯანმოს მიერ გამოცხადებული პანდემია არ დასრულებულა, ინფექციის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს. 22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამისთვის აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის: საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი; საკარანტინო სივრცეების მართვა; საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება; პრევენციული ღონისძიებებისთვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება, მაგალითად, პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ა. შ.“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ თქვა, რომ ეს არის “დიქტატორული კანონი”, რომელიც მთავრობას აძლევს რეპრესიების, პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტს.

“კანონპროექტის ზოგიერთი ნაწილი, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას, თავშეყრის თავისუფლებას და ა.შ., ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ძალიან უცნაური და გასაკვირია, რომ პარლამენტი, ფაქტობრივად, ეთიშება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას და დელეგირებას აკეთებს ისეთი უფლებამოსილებების, რომელიც შეუძლებელია, აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდეს ამ ზომით. თქვენ საკარანტინე ღონისძიებებს დაუმატეთ ყველა შესაძლო შეზღუდვა, რაც კი დღეს მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ეს არის სერიოზული იარაღი მთავრობის ხელში, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული”, – განაცხადა გოცირიძემ.

ის მომხრეა, ყველა შეზღუდვისთვის საგანგებო მდგომაროების გამოცხადება აუცილებელი არ იყოს, თუმცა მიიჩნევს, რომ საკარანტინო ღონისძებები შეთანხმებული უნდა იყოს პარლამენტთან.

ხუნდაძე მცდარს უწოდებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ კანონმდებლობით მთავრობის ხელში გადადის მთელი რიგი ბერკეტები და პარლამენტის როლი მცირდება და ამბობს, რომ პარლამენტი არ წყვეტს თავის საზედამხედველო ფუნქციას. ამასთან, პარლამენტის პოზიციას კანონის მხარდაჭერა დაადასტურებს.

“საკანონმდებლო ინიციატივაში მკვეთრად არის განსაზღვრული ის პირობა, რა შემთხვევაშიც იმოქმედებს ეს რეგულაციები. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში და ადგილობრივი ბერკეტი ამისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ სპეკულაციები უადგილოა. ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს პანდემიას ან საშიში ინფექციების გავრცელებას”, – დასძინა ხუნდაძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევს ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაშიც და ამბობს, რომ თუ მომდევნო თვეების განმავლობაში იმდენად არასტაბილური ეპიდსიტუაცია უნდა იყოს, რომ ასეთი კანონის მიღება გახდეს საჭირო, უმჯობესია, ხელისუფლებამ არჩევნების გადადებაზე იფიქროს.

“არ შეიძლება, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, რომ ერთი შემთხვევის აღმოჩენის დროს თუნდაც თეორიულად მისთვის არასასურველი საარჩევნო უბანი დაკეტოს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიუთითებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედ რედაქციაზე, რომელიც, მისი თქმით, ისედაც ითვალისწინებს შეზღუდვებს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ადამიანი ვალდებულია, ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას; ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; გ) დაიცვას სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ნორმები, რომელსაც მიუთითითებენ ჯანდაცვის სამსახურები. ამვდროულად, კანონი ითვალისწინებს პირის იზოლაციას და კარანტინში მოთავსებაც.

“ცვლილებები, რომელიც შემოგვაქვს, აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განსაზღვრავს, როგორ უნდა განხორციელდეს ეს შეზღუდვები და ეს პრევენციული ზომები, რომელიც დღეისთვის გვჭირდება. ასე რომ, დავასრულოთ აპოკალიპტური პროგნოზები”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია – TI

მასალების გადაბეჭდვის წესი