ახალი ამბები

გვქონდა შემთხვევები, მძიმე პაციენტებს ანტისხეულები არ დარჩათ – იმნაძე

20 მაისი, 2020 • 4355
გვქონდა შემთხვევები, მძიმე პაციენტებს ანტისხეულები არ დარჩათ – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 20 მარტს დააანონსა სეროპრევალენტობის კვლევის დაწყება ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. კვლევამ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, უნდა დაადგინოს, როგორია კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების მასშტაბი ორ რაიონში, რომელთაგან ერთი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მეტად დაზარალდა, ხოლო მეორე, სადაც COVID-19-ის დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საკონტროლოდ შეირჩა. ტესტირება ანტიგენისა და ანტისხეულის სწრაფი ტესტებით ჩატარდება.

ანტიგენის (Ag) ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას.

ანტისხეულების (IgM/IgG) ტესტი არის, ასევე, სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს კაპილარულ ან ვენურ სისხლში, შრატსა და პლაზმაში SARS-CoV-2 ვირუსის მიმართ IgM-ს და IgG-ს.

ორივე სახის სწრაფი ტესტის უპირატესობაა, რომ არ საჭიროებს სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიას და მარტივია გამოსაყენებლად, ღირებულება PCR კვლევასთან შედარებით ბევრად დაბალია და შედეგი სახეზეა 10-15 წუთში.

ანტისხეულების ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა დაახლოებით 80-90%-ის ფარგლებში მერყეობს. მოსახერხებელია მასობრივი სკრინინგისთვის, ამასთან, IgM და IgG-ის მიხედვით შესაძლებელია ინფექციის ხანდაზმულობის დადგენაც. თუმცა სუსტ მხარეებად მიიჩნევა ცრუ უარყოფითი შედეგის მაღალი ალბათობა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ტესტირების დაავადების ადრეულ ან გვიან ეტაპზე ჩატარება – IgM ჩნდება კლინიკური გამოვლინებიდან 3-5 დღის შემდეგ, ხოლო IgG – მე-10-14 დღეს. ასევე, შესაძლოა ტესტმა აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი, რაც მსგავსი კორონავირუსების ჯგუფთან ჯვარედინი რეაქციის გამო შეიძლება იყოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ არ არის კარგად შესწავლილი.

ანტიგენის ტესტის შემთხვევაში ცრუ დადებითი შედეგი თითქმის არ აღინიშნება. ანტისხეულებთან შედარებით ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ტესტირების ჩატარება დაავადების ადრეულ ან გვიან ეტაპზე.

ანტისხეულები ორგანიზმში მისთვის უცხო ნივთიერების, ანტიგენის მოხვედრის საპასუხოდ წარმოიქმნება. სისხლში ანტისხეულების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი შევიდა ანტიგენთან ურთიერთქმედებაში ამ უკანასკნელის მიერ გამოწვეული დაავადების – ვირუსების ან ბაქტერიების  – საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ამ ეტაპზე მეცნიერულად დაუდასტურებელი, — რომ Covid-19-ის დაავადების გადატანის შემდეგ ორგანიზმი Sars-CoV-2 ვირუსის ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რაც გარკვეული პერიოდით მაინც აყალიბებს იმუნიტეტს.

ბევრმა ქვეყანამ დაიწყო SARS-CoV-2-ის ანტისხეულებზე ტესტირება პოპულაციაში ან სპეციფიკურ ჯგუფებში. სეროლოგიური კვლევის მიზანია, დაადგინოს, მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს გამომუშავებული ანტისხეულები COVID-19-ის ინფექციის მიმართ (ბევრმა შეიძლება, ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა და დიაგნოსტირებული არ ყოფილა), თუმცა ჯანმო მათ მოუწოდებს, არ ჩათვალონ, რომ ორგანიზმში ანტისხეულების ქონა განმეორებითი ინფიცირებისგან იმუნიტეტს ნიშნავს.

ამ ფაქტორზე მიუთითებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეც მასობრივი სეროპრევალენტობის კვლევის მიზანშეწონილობაზე საუბრისას. იმნაძის თქმით, ანტისხეულებზე მასობრივი კვლევები ტარდება იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის ძალიან ფართო გავრცელება იყო, ჰოსპიტალურ სექტორში ხვდებოდნენ მხოლოდ მძიმე პაციენტები, საქართველოში კი ასეთი აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან ყველა მსუბუქი და პრაქტიკულად უსიმპტომო პაციენტიც ჰოსპიტალიზებულია და ტესტი ჩატარებული აქვთ.

“ახლა შევისწავლით იმ რაიონს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ვირუსისგან. ეს გვაჩვენებს, იქ, სადაც ბევრი შემთხვევა იყო, როგორი იქნება სეროპრევალენტობა. მასობრივად ჩატარებას რაც შეეხება, რაღაცას რომ ატარებ, ფულს ხარჯავ და თან ბევრ ფულს ხარჯავ, ამას პრაქტიკული შედეგი უნდა ჰქონდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოდთ, მეცნიერულად ღირებული შედეგი უნდა მიიღო. სამწუხაროდ, ჯერ არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს, თუ რამდენი ხანი რჩება იმუნიტეტი, ან თუ რჩება. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკმაოდ მძიმე პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, ანტისხეულები უბრალოდ არ ჰქონდათ. თენგიზ ცერცვაძემაც თქვა, რომ როდესაც სამკურნალოდ ვირუსგადატანილი ადამიანების პლაზმა ესაჭიროებათ, 20-დან ერთ ადამიანშია მხოლოდ საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რა მეთოდით და სად შეიძლება ანტისხეულებზე კვლევა საქართველოში?

პაატა იმნაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს მცირე, მაგრამ საკმარისი რაოდენობით ELISA-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც ახალი კორონავირუსის ანტისხეულებს სხვა კორონავირუსების ანტისხეულებისგან ასხვავებს. პაატა იმნაძის თქმით, ანტისხეულებზე გამოკვლევა შესაძლებელია რამდენიმე კერძო ლაბორატორიაშიც.

“ჩვენ ელაიზა ტექნოლოგიის საშუალებით ვადგენთ IgG ანტისხეულების არსებობას.  ეს არის გერმანული წარმოების ახალი ტესტები, რომელიც ახლა გამოჩნდა ევროპაში. ჯერ ბევრი რაოდნეობით არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვანი კვლევებისთვის, გვაქვს. ამ კვლევას ვატარებთ გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებში. დანარჩენი, ბევრი სწრაფი ტესტი არსებობს, მათი ხარისხი განსხვავებულია და უმრავლესობას უწერია, რომ ასხვავებენ ერთმანეთისგან კორონავირუსებს. რაც უფრო დრო გავა, უკეთესი ტესტები გამოჩნდება”, – ამბობს იმნაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კი დარწმუნებულია, რომ “სეროპრევალენტობის მასშტაბურ კვლევას საქართველოში რაღაც დროს ჩავატარებთ, როდესაც გადაუდებელი ეპიდსიტუაცია დამშვიდდება და უფრო ხელმისაწვდომი იქნება მეტად ვალიდირებული ტესტები”.

“ჯერჯერობით წამყვან კომპანიებს IgM ვალიდურობის ტესტიც არა აქვთ, IgG კი აქვს რამდენიმეს”, – ამბობს გამყრელიძე და იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე შესაძლებელი იქნება ანტისხეულებზე ტესტების ფართომასშტაბიანი კვლევებისთვის გამოყენება.

ანტისხეულებზე ტესტების შესახებ ასევე გთავაზობთ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ვირუსოლოგის ქრისტიან დროსტენის ინტერვიუს:

კორონავირუსის ტესტების შესახებ – ინტერვიუ “შარიტეს” კლინიკის პროფესორთან 

მასალების გადაბეჭდვის წესი