ახალი ამბები

WHO-ს განცხადება ანტისხეულებსა და განმეორებით ინფიცირების შანსზე | Covid-19

26 აპრილი, 2020 • 1286
WHO-ს განცხადება ანტისხეულებსა და განმეორებით ინფიცირების შანსზე | Covid-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა გამონაკლისის წესით არ უნდა მისცენ გადაადგილების ნებართვა (როგორც ჯანმო უწოდებს, „იმუნიტეტის პასპორტები“ ან „რისკისგან გათავისუფლების სერტიფიკატები“) იმ ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 უკვე გადაიტანეს.

ამის მიზეზად ჯანმო (WHO) ასახელებს შემდეგ გარემოებას: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რათა დაასკვნან, რომ ადამიანები, რომლებსაც გამოჯანმრთელების შემდეგ ანტისხეულები განუვითარდათ, დაცულები არიან ხელმეორედ ინფიცირებისგან.

შესაბამისად, ჯანმო გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, ასეთმა ნაბიჯებმა, რასაც სხვადასხვა მთავრობა განიხილავს — ინფექციაგადატანილი ადამიანების გათავისუფლებამ გადაადგილების თუ სხვა სახის შეზღუდვებისგან, გააძლიეროს ვირუსის გავრცელების ინტენსივობა.

ანტისხეულებზე ტესტები (სისხლში ანტისხეულების არსებობა) ვირუსით ინფიცირების დროს არ ავლენს, თუმცა აჩვენებს, რომ ადამიანს შესაძლოა უკვე გადატანილი ჰქონდეს Covid-19.

არსებობს მოსაზრება, — ჯანმოს თანახმად, ამ ეტაპზე მეცნიერულად დაუდასტურებელი, — რომ Covid-19-ის დაავადების გადატანის შემდეგ ორგანიზმი Sars-CoV-2 ვირუსის ანტისხეულებს გამოიმუშავეს, რაც გარკვეული პერიოდით მაინც აყალიბებს იმუნიტეტს.

როგორც „გარდიანი“ წერს, ექიმების ნაწილი, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ამოწმებენ, ამბობს, რომ პაციენტების სისხლში ანტისხეულების საკმაოდ დიდ რაოდენობას პოულობენ.

„ცხადია, რომ იმუნური სისტემის რეაქციას ადგილი აქვს COVID-19-ის წინააღმდეგაც, დაავადებული ადამიანების შემთხვევაში. ამ რეაქციის შედეგად შექმნილი ანტისხეულები უზრუნველყოფს დაცვას მომავალი ინფიცირებისგან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ალბათობით, ეს დაცვა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გასტანს“, — მოჰყავს „გარდიანს“ ლონდონის იმპერიული კოლეჯის ვირუსოლოგი პროფესორის, მაიკ სკინერის განცხადება.

თუმცა ქალაქ ნიუ-იორკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, დოქტორმა დემეტრე დასკალიკისმა, წინა კვირას განაცხადა, რომ არ შეიძლება ანტისხეულებზე ტესტირებებზე დაყრდნობით მიღებული იქნას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სოციალური დისტანცირების ზომების შესუსტების თუ ეკონომიკური საქმიანობის განახლების შესახებ.

მან განაცხადა, რომ ასეთმა ტესტებმა „შეიძლება მოგვცეს ცრუ უარყოფითი ან ცრუ დადებითი შედეგი“ და ხაზი გაუსვა, რომ არსებობს „მნიშვნელოვანი ხარვეზები“ ასეთი ხერხით იმის დასადგენად, აქვთ თუ არა ადამიანებს Covid-19-ზე იმუნიტეტი.

რა ხდება საქართველოში?

როგორც „ნეტგაზეთს“ ინფექციური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ უთხრა, პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობის და გამოჯანმრთელების შემდეგ გაწერენ ხოლმე, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ;

ამასთან, მისი თქმით, ისინი, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, არ არის გათავისუფლებული იმ შეზღუდვებისგან, რაც მთელს მოსახლეობაზე ვრცელდება და მსგავსი ცვლილება არც განიხილება და არც დამდგარა დღის წესრიგში.


25 აპრილს COVID-19-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოში 200 000-ს გადააჭარბა.

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 200 ათასს გადააჭარბა

მასალების გადაბეჭდვის წესი