ახალი ამბები

კორონავირუსის ტესტების შესახებ – ინტერვიუ “შარიტეს” კლინიკის პროფესორთან 

29 მარტი, 2020 • 13444
კორონავირუსის ტესტების შესახებ – ინტერვიუ “შარიტეს” კლინიკის პროფესორთან 

გერმანიაში ერთ-ერთი  ყველაზე პოპულარული და სანდო ვირუსოლოგი, SARS-ვირუსის თანააღმომჩენი და კორონას ერთ-ერთი ტესტის შემქმნელი ბერლინის ყველაზე ძველი და ევროპის ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკის, “შარიტეს” პროფესორი ქრისტიან დროსტენი (Christian Drosten) ყოველდღე საუბრობს ენ-დე-ერ ინფო -ს  პოდკასტების სერიაში კორონოვირუსის შესახებ. 

21-ე პოდკასტში, რომელსაც “ნეტგაზეთი” გთავაზობთ,  ის კორინა ჰენიგის კითხვებს პასუხობს კორონავირუსის ტესტების შესახებ: 

კორინა ჰენიგი:  რობერტ კოხის ინსტიტუტის ბოლო განცხადებაში ფრთხილი ოპტიმიზმით გაისმა, რომ გატარებული ღონისძიებები ნელ-ნელა იღებს ნაყოფს. ყოველ შემთხვევაში ინფიცირებულთა რაოდენობის დინამიკა რბილად მიგვანიშნებს ამაზე, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამის დანამდვილებით თქმა. კრისტიან დროსტენიც გუშინდელ პოდკასტში ამბობდა, რომ დაახლოებით აღდგომისთვის გვეცოდინება, რა სიტუაცია გვაქვს.

მოგესალმებით.  დღეს არის ოთხშაბათი, 25 მარტი, ჩემი სახელია კორინა ჰენიგი, მე გახლავართ ენდეერ ინფოს სამეცნიერო რედაქტორი და თქვენი ინტერესი ჩვენი პოდკასტის მიმართ ძალიან მახარებს. უკვე მე-5 კვირაა, ყოველ სამუშაო დღეს ვესაუბრებით პროფესორ კრისტიან დროსტენს, ბერლინის შარიტეს ვირუსოლოგს,  რომელიც  გვერთვება ბერლინიდან.

დღეს მასთან ერთად გვინდა განვიხილოთ შემდეგი საკითხი: რა ტესტები არსებობს ამ ინფექციის ან მის მიმართ იმუნიტეტის დასადგენად? როგორ ფუნქციონიერებს და რა შეუძლიათ მათ?

გამარჯობა, ბატონო დროსტენ, მოკითხვა ბერლინს.

კრისტიან დროსტენი: მოგესალმებით.

კორინა ჰენიგი: ამ პოდკასტში უკვე რამდენჯერმე ვისაუბრეთ ანტისხეულების ტესტის შესახებ. მათზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან მათ შეუძლიათ ნათელი მოჰფინონ შესაძლო ინფიცირების მსუბუქ შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება აღმოუჩენელი დარჩეს. ასევე, მათი საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა იმუნიტეტი არსებობს მოსახლეობაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ვირუსზე ფართომასშტაბიანი ტესტირების აუცილებლობის შესახებ. იქნებ შევძლოთ ტესტირების ამ ფართო სფეროს მიმოხილვა.

აქამდე არსებული ვირუსის ტესტი არის პისიარ (PCR) ტესტი, ეს ნიშნავს პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას. ამ ტესტისას ხდება ვირუსის გენეტიკური ინფორმაციის გადამრავლება და ფერის ცვლილება. ზუსტად როგორ მუშაობს ეს ტესტი?

კრისტიან დროსტენი: ეს არის რეაქცია, რომლის დროსაც ვირუსის გენეტიკური მასალის გადაწერა და ამ დროს გადამრავლება ხდება. 80-იანი წლების დასასრულის გამოგონებაა, რომელმაც მას შემდეგ უფრო და უფრო  მოიკიდა ფეხი მიკრობიოლოგიურ და ვირუსოლოგიურ დიაგნოსტიკაში და პრინციპში. კულტივირების მეთოდი – რომელიმე ბაქტერიის ან ვირუსის დათესვა – თანდათანობით განდევნა, ეს განსაკუთრებით ითქმის ვირუსოლოგიაზე; მიკრობიოლოგია ისევ ხშირად მიმართავს დათესვის მეთოდს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს მეთოდი გახლავთ ძალიან მგრძნობიარე და სწრაფი. ასევე გამოირჩევა მაღალი სპეციფიკურობით. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც აქ ვპოულობთ, სწორედ ის არის, რასაც ვეძებდით. ეს ხდება იმიტომ, რომ ამ რეაქციაში ხდება დნმ-ის პატარა სეგმენტების, ანუ მოლეკულების – ფიზიკური მოლეკულების – დამატება, რათა სწორედ იმის გამრავლება მოხდეს, რაც ამ მოლეკულებს შეესაბამება. მაგალითად, თუ მსურს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ამ ახალი კორონავირუსის დადგენა, ამისთვის საჭიროა, რომ ამ ახალი კორონავირუსის პატარა სეგმენტები დნმ-ის სახით ლაბორატორიულად დავამზადო. ეს არის დნმ-ის პატარა მონაკვეთები, დაახლოებით 20 ფუძის სიგრძის. შემდგომ ისინი გენომის ირგვლივ განლაგდებიან, ეს კი მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ თითქმის ან სრულიად ჰგვანან საპოვნელი ვირუსის გენეტიკური მასალის ფუძეების თანმიმდევრობას. თუ საქმე გვაქვს სხვა ვირუსთან, რომელიც ამ ვირუსის მსგავსია, მაგრამ ეს ვირუსი არ არის, ასეთი ვირუსი ამ ტესტით არ დადგინდება. 

კორინა ჰენიგი: ეს ნიშნავს, რომ სხვა კორონავირუსებს ეს ტესტი არ გვაჩვენებეს, მხოლოდ ახალ კორონავირუსზე მოგვცემს დადებით პასუხს?

კრისტიან დროსტენი: დიახ, დანარჩენი ოთხი გაციების კორონავირუსი ამ ტესტით არ დგინდება და ჩვენ ეს არც გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ტესტმა მხოლოდ მაშინ მოგვცეს დადებითი პასუხი, თუ ამ ახალ კორონავირუსთან გვაქვს საქმე. 

კორინა ჰენიგი: როგორც ახლა ახსენით, ტესტი გვაჩვენებს ვირუსის არსებობას და არა პაციენტის იმუნურ რეაქციას. ეს ნიშნავს, რომ თუ ამ ტესტს გვიან ჩავიტარებ, ვთქვათ, სიმპტომები კი მაქვს, მაგრამ დაავადება უკვე ქრება, ამ ტესტს აზრი ეკარგება?

კრისტიან დროსტენი: ამ დაავადების დროს ასე ხდება: სიმპტომების ქონის პირველ კვირაში ყელიდან აღებული ნაცხი პისიარ ტესტზე უტყუარად იძლევა დადებით პასუხს, მეორე კვირაში ეს ასე აღარ ხდება. პაციენტს შეიძლება კვლავ ჰქონდეს სიმპტომები, მაგრამ შეიძლება ყელის ნაცხით ვირუსის დადგენა უტყუარად ვეღარ მოხერხდეს. ეს გამოწვეულია არა იმით, რომ ტესტი არის ცუდი, არამედ იმით, რომ მეორე კვირაში ვირუსი შეიძლება ყელში აღარ იყოს, მაგრამ სამაგიეროდ ფილტვში მოხვდეს.  ჩვენ უკვე ვიცით, რომ იმ პაციენტების ფილტვებშიც კი, რომლებიც ძალიან მსუბუქად ავადდებიან და ავადმყოფობას თითქმის ვერც კი გრძნობენ, ვირუსი დიდი რაოდენობით დგინდება. ეს ასე რჩება ორი ან ზოგჯერ სამი კვირის განმავლობაში, მსუბუქი შემთხვევების დროსაც კი. მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ფილტვში ვირუსის არსებობა უტყუარად შეგვიძლია დავადგინოთ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბევრ პაციენტს არ შეუძლია ვირუსის დასადგენად საჭირო მასალა ასე უბრალოდ ფილტვიდან ამოახველოს. აქედან გამომდინარე, ხახის ნაცხი რჩება ტესტირებისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებად მასალად. 

ასევე შესაძლებელია შემდეგი პროცედურის ჩატარება, თუმცა ეს მეთოდი სისტემატურად არ არის დანერგილი: შეიძლება განავლის ანალიზის აღება. იქაც შესაძლებელია ვირუსის დადგენა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,  თითქმის იმდენივე ხნის განმავლობაში, რამდენი ხანიც ვირუსი ფილტვშია. 

კორინა ჰენიგი: მაგრამ განავალში არსებული ვირუსით დაინფიცირება არ ხდება, ხომ? ეს ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთ სერიაშიც განვიხილეთ, რომ განავალთან კონტაქტით ინფიცირება, მაგალითად, როგორც ეს ნოროვირუსის შემთხვევაშია შესაძლებელი, აქ შესაძლებელი არ არის.

კრისტიან დროსტენი: დიახ ასეა. ჩვენი კვლევები გვაჩვენებს, რომ ვირუსის განავალში დადგენა ადვილად არის შესაძლებელი, ეს ინფორმაცია დიაგნოსტიკისთვის შეგვიძლია კარგად გამოვიყენოთ, მაგრამ ჩანს, რომ განავალში აღმოჩენილი ვირუსი არ იწვევს ინფიცირებას. ამის თქმა იქიდან გამომდინარე შეგვიძლია, რომ იგივე ანალიზის  აპლიკაციას ვახდენთ უჯრედულ კულტურაზე და ვაკვირდებით, ცოცხლად მრავლდება თუ არა ვირუსი. ეს კი ასე არ ხდება.

კორინა ჰენიგი: დავუბრუნდეთ ხახის ნაცხს: როგორც ვთქვით, ეს არის ყველაზე ხშირი მეთოდი. ტელევიზორში ზოგჯერ ვხედავთ პროვიზორულ სატესტო ცენტრებს სადაც ადამიანებს ნაცხის ასაღებად საჭირო მასალას თავად აძლევენ და შემდეგ ისინი მანქანაში თავად იღებენ ხახის ნაცხს. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნაცხის სწორად აღება. ხახაში რამდენად ღრმად შესვლა არის საჭირო?

კრისტიან დროსტენი: საჭიროა ხახის უკანა კედლამდე შესვლა. ამისთვის არსებობს ორი გზა. ერთ შემთხვევაში შესაძლებელია ცხვირიდან შეღწევა. ეს საკმაოდ მტკივნეულია, თვალებში შეიძლება ცრემლი მოგადგეთ. ეს ნიშნავს, რომ შევედით ცხვირის უკან, ზედა უკანა ხახის კედელთან. ეს კარგი ადგილია ნაცხის ასაღებად. მეორე გზა ნაკლებ მტკივნეულია  – პირის გავლით. მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად ხახის უკანა კედელთან უნდა მოვხვდეთ. როდესაც პირს გავაღებთ და სარკეში ჩავიხედავთ, ჩანს სასის ფარდა და მნიშვნელოვანია, რომ სასის ფარდის წინ, ანუ სასის ფარდამდე არ ავიღოთ ნაცხი, მას უნდა გავცდეთ, უფრო ღრმად შევიდეთ და ხახის უკანა კედელს მივადგეთ. სასის ფარდა არის ის, სადაც ნაქი ჰკიდია და მის უკან რომ კედელია, აი, იქ უნდა მოვხვდეთ. იქ კარგ ხანს უნდა დავყოვნდეთ და კარგად „მოვფხიკოთ“ იქაურობა, რათა ლორწოვანი გარსის აფხეკილი უჯრედების ზედა ფენა დარჩეს ნაცხის ასაღებ ჩხირზე, ვინაიდან იქ ბლომად ვირუსების ნარჩენებს შევხვდებით.

კორინა ჰენიგი: ეს ნიშნავს, რომ თუ ხახიდან ნაცხის აღება სწორად ვერ მოხდა, შეიძლება არასწორი უარყოფითი შედეგი მივიღოთ, იმის მიუხედავად, რომ თვითონ ტესტი ძალიან მგრძნობიარეა?

კრისტიან დროსტენი: საბედნიეროდ, ამ ტესტს მგრძნობელობის დიდი რეზერვი აქვს. მე მგონია, რომ თითქმის შეუძლებელია ვირუსის საერთოდ ვერდადგენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორი ნაცხის აღება ხდება და უმეტესი პაციენტის შემთხვევაში ეს სწორედ ასეა. ამ გზით სტატისტიკური სანდოობაც გვაქვს, რომ თუ ერთ-ერთი ნაცხი არასწორად იქნა აღებული, მეორე  ნაცხს გამოვიყენებთ, ამგვარად კი, სწორი პასუხის მიღების შანსი ძალიან დიდია.

რასაც ნაცხის აღების ზოგიერთ ვიდეო ან ფოტოინსტრუქციაში ვნახულობთ, მაგალითად, ცხვირში შეყოფილი ნაცხის ასაღები ჩხირის ფოტოს, შეიძლება დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ცხვირში ამ ჩხირის შეყოფა და ოდნავი სითხის აღება საკმარისია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მთლიანი ცხვირი უნდა გაიაროს ამ ჩხირმა, სანამ ხახის უკანა კედელთან მოხვდება.

კორინა ჰენიგი: ანუ სანამ ტკივილს არ ვიგრძნობთ? ტკივილს რომ ვიგრძნობთ, ესე იგი სწორ ადგილას ვართ?

კრისტიან დროსტენი: სამწუხაროდ, ცოტა ტკივილს მანამდეც იგრძნობთ, სანამ ხახამდე გახვალთ.

კორინა ჰენიგი: გერმანიაში ადამიანებს სხვადასხვა გამოცდილება აქვთ ტესტირების სისწრაფესთან დაკავშირებით. ეს გამოცდილება განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. მაგალითად, ჰამბურგში ბევრი ყვება, რომ ცხელ ხაზზე დარეკვითაც კი ვერ აწვდენენ ვერავის ხმას, სხვა ადგილებში ბევრად უფრო სწრაფად ხდება ტესტირება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ჩატარებული ტესტების მხრივ გერმანია ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. უკვე არსებობს მიდგომები, რომლის მიხედვითაც ტესტების უარყოფითი პასუხების სტატისტიკის შედგენაც იგეგმება. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა, რომ რაღაც დროს პოპულაციის უფრო დიდი შერჩევის ტესტირება მოხდეს? თუ ეს ილუზიაა?

 კრისტიან დროსტენი: ზოგადად არსებობს საზოგადოებაში შექმნილი წარმოდგენა, რომ თითქოს ადამიანები არ იტესტებიან, რომ დიდხანს უწევთ ლოდინი და, როგორც ახლა თქვენ აღწერეთ, თვით ცხელ ხაზთან დაკავშირებაც ჭირს. მე კი მგონია, რომ საზოგადოებაში საკუთარ უკმაყოფილებას განსაკუთრებით ის ადამიანები გამოხატავენ, ვინც გაღიზიანებულია, ვისაც დიდხანს მოუწია ლოდინი. არ მგონია, რომ ვინმემ ტვიტერზე დაწეროს: „ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემი ტესტის პასუხი მალე მივიღე“. Მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი შემთხვევები არსებობს და, როგორც წესი, ასეც ხდება. ჩვენ საკმაოდ სწრაფები ვართ და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი პირადი გამოცდილებით, პაციენტების უმრავლესობა მომდევნო დღეს პასუხს იღებს. სინჯი, რა თქმა უნდა, მიტანილი უნდა იქნას ლაბორატორიამდე. რა თქმა უნდა, აქ ერთ სინჯზე არ არის საუბარი. ლაბორატორიები გადავსებულია ანალიზებით. შესაძლებელია, სინჯმა ლაბორატორიამდე მალე მიაღწიოს, მაგრამ მოუწიოს ლოდინი. შეიძლება, მეორე დილამდეც კი, თუ სინჯი, მაგალითად, საღამოს 5-ზე შევიდა ლაბორატორიაში. ეს არის სწორედ ის საორგანიზაციო საკითხები, რომელთა გამოც შეიძლება ერთი დღე დასჭირდეს პასუხის მიღებას. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქალაქგარეთ ცხოვრობს, შეიძლება კიდევ უფრო გაიწელოს პროცესი, რადგან უფრო ხანგრძლივი ტრანსპორტირება უწევს ასეთ სინჯებს. ჯერ ხდება მათი შეგროვება და ლაბორატორიაში გაგზავნა, მაგრამ რადგან ეს ლაბორატორია თვითონ არ აკეთებს ტესტს, ხდება სინჯების ამ ლაბორატორიიდან სხვა ცენტრალურ სატესტო ლაბორატორიებში გაგზავნა. ეს ნიშნავს დამატებით ერთ დღეს ტრანსპორტირებისთვის. ეს ყველასთვის უნდა იყოს გასაგები. ასეთია ლოგისტიკა. ამასთანავე, გერმანიაში გვაქვს ტესტირების ძალიან დიდი რესურსი. ყველა, ვისაც ეს საკითხი ესმის, ყველა, ვისაც დაახლოებით შეუძლია თქმა, რა რიცხვებზე გვაქვს საუბარი, და ყველა, ვინც აკვირდება სხვა ქვეყნების მონაცემებს, დარწმუნებულია – ამ ადამიანების რიცხვს მეც მივეკუთვნები – რომ ახლა გერმანიაში სწორედ იმიტომ გვაქვს სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლი დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით, რომ ძალიან ბევრ ტესტს ვატარებთ. ჩვენ გვაქვს 31 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს დაახლოებით 160 გარდაცვლილი ადამიანი. ეს არის მხოლოდ 0,5 პროცენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ წინა კვირასთან შედარებით მოიმატა გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა, დროში ცოტა ჩამორჩება და გვიან ეწევა დადასტურებული შემთხვევების რიცხვს. ამაზეც ხშირად გვისაუბრია. ასევე,  ნელ-ნელა უკვე შევდივართ ისეთ ზონაში, სადაც გერმანიაში მოვლენების განვითარებას  შეიძლება ვეღარ დავეწიოთ, შემთხვევების ექსპონენციალურად განვითარებას ვგულისხმობ. ბოლო ორი სამი დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაგვემატა, მაგრამ ყოველდღიურად დამატებული შემთხვევების რიცხვი ბოლო დღეების განმავლობაში აღარ გაზრდილა. ეს საინტერესოა და ჩემი აზრით აქ სწორედ იმას ვაკვირდებით, რაც გერმანიაში ძალიან ადრე და ძალიან პირდაპირ ხდება თვალსაჩინო, იმიტომ, რომ ასეთი რაოდენობით ვტესტავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ იზოლაციის ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდ გატარდა, მხოლოდ ერთი კვირისთავზეც კი შედეგს გვაძლევს. აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ და ამის ახსნა შესაძლებელია იმით, რომ გერმანიაში ასეთი რაოდენობით ტესტირებას ვატარებთ და ასე ადრეულად დავიწყეთ გერმანიის მასშტაბით დიაგნოსტიკის შესაძლებლობის გავრცელება. ძალიან ბევრმა ლაბორატორიამ იანვარშივე დაიწყო მომზადება. სწორედ ამ ყველაფრის გამო ამ ეფექტს ასე სწრაფად ვხედავთ. 

 კორინა ჰენიგი: თუ გადავხედავთ გატარებულ ღონისძიებებს: თქვენ უკვე გვითხარით, რომ აღდგომისთვის უნდა გავაკეთოთ შემდეგი შეფასება და ამის საფუძველზე პოლიტიკოსებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა კურსით გაგრძელდება მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, კიდევ უფრო მეტი რომ ვიცოდეთ. გვექნება თუ არა იმის რესურსი, რომ უფრო ფართო მასა მოიცვას ტესტირებამ, რათა კიდევ უფრო მეტი დაუდგენელი ინფიცირებული პაციენტის აღმოჩენა შევძლოთ?

კრისტიან დროსტენი: მოსახლეობის ფართო მასის პისიარ-ტესტირება ამჟამად არ ხდება. რატომ უნდა ჩავუტაროთ ტესტი, მაგალითად, ათას ადამიანს, რომელთა ტესტირებისთვის არანაირი საბაბი არ არსებობს? ასეთი რამ არ მოხდება.  ეს იმიტომ, რომ ამ მომენტისთვის ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, რომელთა ტესტირების რეალური საფუძველიც არსებობს. ასეთ პაციენტებთან ხდება ჩვენი პისიარ-ტესტების სრული რესურსის გამოყენება. 

მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება შერჩევითი ტესტირება ანტისხეულებზე. ეს არის ტესტირების სრულიად სხვა მეთოდი. ამ დაავადებით დაინფიცირების შემთხვევაში დაახლოებით 10 დღე გვჭირდება ანტისხეულების გამოსამუშავებლად. ჩვენ ეს გამოვიკვლიეთ, სხვა კვლევებიც იგივეს გვეუბნება. თავიდან უფრო სუსტად ჩანს, ხოლო ორი- სამი კვირისთავზე ძალიან ცხადად შეიძლება სისხლში ანტისხეულების დადგენა. სისხლის სინჯის მეშვეობით, ტექნიკურად სულ სხვა ხასიათის ტესტით – ეს არის ეგრეთ წოდებული ELISA ტესტები ანუ ფერმენტ-იმუნოტესტები, როგორც მათ გერმანულად ვუწოდებთ – შესაძლებელია პაციენტის სისხლში ანტისხეულების გაზომვა, სულ ერთია, პაციენტს მძიმე ინფექცია ჰქონდა, მსუბუქი თუ სულაც უსიმპტომოდ ჩაიარა ავადმყოფობამ. სწორედ აქ გვიხდება სპეკულაცია. ჩვენ რომ დარწმუნებით ვიცოდეთ, რომ ყველა ინფიცირებული სიმპტომატურია, მაშინ ვიტყოდით, რომ საკმაოდ ზედმიწევნით აღვწერთ სიმპტომატურ პაციენტებს და მოდით, გამოთვლები ვაწარმოოთ აღწერილი მონაცემების ბაზაზე. მაგრამ რაც ჩვენ ამ წუთას არ ვიცით, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებიდანაც არ ჩანს (სამწუხაროდ, ჩინეთიდანაც არ გვაქვს სარწმუნო მონაცემები ამის შესახებ), არის სრულიად შეუმჩნევლად ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. ანუ, პოპულაციაში რა რაოდენობის ადამიანს აქვს შეუმჩნევლად გამომუშავებული იმუნიტეტი ამ ვირუსზე. ანუ რამდენი ადამიანი ინფიცირდება ისე, რომ ვერც ხვდება, ან ისე, რომ სერიოზულად არც იღებს, იმიტომ, რომ მხოლოდ ოდნავ ასტკივდა ყელი. სიმპტომების არქონის ან ძალიან სუსტად გამოხატული სიმპტომების მიუხედავად, ანტისხეულებზე ასეთი ადამიანების ტესტი მაინც დადებითი იქნება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ იმუნიტეტი გამომუშავებული ექნებათ და მოსახლეობის იმ 60-70 პროცენტში შევლენ, ვინც უნდა დაინფიცირდეს, სანამ პანდემიის ტალღა გადაივლის.

კორინა ჰენიგი: იმიტომ, რომ ჯოგურ იმუნიტეტს შევიძენთ.

კრისტიან დროსტენი: დიახ, ეს არის სწორედ ასე საჭირო ჯოგური იმუნიტეტი.  შეუმჩნევლად იმუნიტეტშეძენილი ადამიანებიც მონაწილეობენ ამ ჯოგური იმუნიტეტის შექმნაში. არსებობს ძველი სამედიცინო ტერმინი „ჩუმი დაცულობა“ (Stille Feiung“), ანუ ადამიანი დაცულია ინფექციისგან, ეს (Feiung) ძველი სიტყვაა. ეს შეიძლება შეუმჩნევლად მოხდეს, ისე, რომ ვერც შენიშნა ადამიანმა. ჩვენ არ ვიცით, ადამიანთა რა ნაწილში მოხდა სწორედ ასეთი რამ.  ახლა მთელი გერმანიის მასშტაბით იწყება პატარა და დიდი კვლევითი სამუშაოები სწორედ ამის დასადგენად. პისიარით დადასტურებული შემთხვევების და გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებთან ერთად, ეს იქნება ინფორმაციის მესამე სვეტი, რომელიც შემდგომი ეპიდემიოლოგიური მოდელირებისა და უახლოესი მომავლის პროგნოზირებისთვის დაგვჭირდება. ამგვარად, ეპიდემიოლოგების მიერ დახატული სურათი ბევრად ზუსტი იქნება. ასევე უნდა ითქვას, რომ  ეს ანტისხეულების ტესტები, პრინციპში, სულ ახლახან გამოვიდა. არსებობს ძალიან ცოტა კომპანია, რომელთაც უკვე ამ ტესტის შეთავაზება და დიდი რაოდენობით გაყიდვა და მოწოდება შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ ლაბორატორიებში ჯერ კიდევ მიდის იმაზე მუშაობა, თუ როგორ ააწყონ ტესტი ანტისხეულებზე ისე, რომ დღეში ბევრი ტესტის გაკეთება და მისი კვლევით საქმიანობაში გამოყენება იყოს შესაძლებელი.

ასევე არსებობს შესაძლებლობა, ასეთი ანტისხეულების ტესტები უფრო პატარა მასშტაბით ჩატარდეს ლაბორატორიაში. ეს ყველაზე მარტივი გზაა,  ჩვენ უკვე დავიწყეთ კიდეც: იანვრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ჩვენს ლაბორატორიაში უკვე შეგვიძლია ამ ვირუსზე ანტისხეულების ტესტის ჩატარება, მაგრამ უფრო პატარა მასშტაბით, რადგან ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ეს არის იმუნოფლუორესცენტ-ტესტი. ის შემდეგნაირად ფუნქციონირებს: ვიღებთ უჯრედული კულტურის უჯრედებს და მათ ვაინფიცირებთ ამ ვირუსით. სანამ ეს უჯრედები ბოლომდე მოკვდება  და გასკდება, ვაჩერებთ ინფექციას. ამ დროს უჯრედები სავსეა ვირუსის პროტეინებით. ამ უჯრედებს ან თავიდანვე სასაგნე მინაზე ვზრდით, რომელსაც შემდგომ მიკროსკოპით შეგვიძლია დავაკვირდეთ, ან შემდეგ ვაწებებთ ასეთ სასაგნე მინაზე. ამის გაკეთება, მაგალითად, აცეტონით არის შესაძლებელი.დაწეპების შემდეგ ვაშრობთ. მგონი, ყველამ იცის, რის შესახებაც ვსაუბრობ, პატარა შუშის დაფები, რომლებსაც მიკროსკოპში დასაკვირვებლად იყენებენ.

კორინა ჰენიგი: ადრე სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილიდან მახსოვს.

კრისტიან დროსტენი: ზუსტად, სკოლის ბიოლოგიის გაკვეთილიდან. მართლაც ასე გამოიყურება. იქ გვაქვს გახსნილი უჯრედების ძალიან თხელი ფენა. უჯრედების მემბრანები გახსნილია და ვირუსის პროტეინები ღიად ჩანს.

კორინა ჰენიგი: ანუ გარსი, და არა ვირუსის გენეტიკური მასალა?

კრისტიან დროსტენი: არც გენეტიკური მასალა და არც გარსი, ძირითადად-  ნუკლეოკაფსიდის პროტეინი. ეს არის ვირუსის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო პროტეინი, შიდა სამშენებლო პროტეინი. ვირუსი მას საკმაო რაოდენობით აწარმოებს.  ეს არის მთავარი ანტიგენი ამ მარტივი ლაბორატორიული იმუნოფლუორესცენტ-ტესტების დროს. პაციენტებს მათ წინააღმდეგ ძირითადად უკვე აქვთ ხოლმე გამომუშავებული ანტისხეულები. შემდეგ შეგვიძლია პაციენტის შრატი ამ სასაგნე მინას დავუმატოთ და ისევ მოვაშოროთ. თუ ამ ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები მასში არის, ეს სპეციფიკური ანტისხეულები პროტეინებს მიეკრობა. მათი დადგენა კი სხვა ანტისხეულების მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს ანტისხეულები შეიძლება უბრალოდ იყიდო. აქ ვსაუბრობთ, მაგალითად, მონოკლონალურ ანტისხეულებზე ადამიანის იმუნოგლობულინების წინააღმდეგ – ანუ ადამიანის პირველადი ანტისხეულების წინააღმდეგ. მათ აქვთ შეფერილობა და, როგორც წესი, ეს არის მწვანე ფლუორესცენტული საღებავი. ფლუორესცენტულ მიკროსკოპში ვხედავთ, რომ ეს უჯრედები მწვანედ ანათებს, თუ პაციენტს ანტისხეულები აქვს. ეს საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს და ამიტომ თავისი ლიმიტები აქვს. ამ პროცესს სჭირდება ასევე დრო. თუ ELISA-ტესტის რეაქცია ავტომატიზირებულ მოწყობილობაში მიმდინარეობს, ამ ტესტის შემთხვევაში ლაბორატორიის თანამშრომელი თავად უნდა მიუჯდეს მიკროსკოპს და თითოეული პაციენტის სინჯს რაღაც დროის განმავლობაში დააკვირდეს, შემდეგ გააკეთოს ჩანაწერები, პასუხი დადებითია თუ უარყოფითი. ზოგჯერ შრატის ნაცვლად პირდაპირ გამოიყენება სხვადასხვა გაზავების საფეხურები, მაგალითად, 1-10-ზე ანდ 1-100-ზე გაზავება, იმისათვის, რომ ნახონ, ასეთ შემთხვევაშიც ბევრი ანტისხეულებია თუ არა. ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ხელობასთან, ამიტომ ეს პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება.  მასობრივი კვლევისთვის, სადაც, მაგალითად, ერთი ქალაქიდან ან ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან ათასობით პაციენტის ტესტირება გვსურს, ამ მეთოდით ვერ ვიმუშავებთ. თუ წარმოვიდგენთ, რომ ასეთ მიკროსკოპულ მეთოდს თითოეულ პაციენტზე 20 ან 30 წამი სჭირდება და თითოეულ მიკროსკოპულ დაფაზე ხუთი, ექვსი ან სულაც ათი პაციენტის სინჯია, უბრალოდ, უნდა გამოვითვალოთ: ეს სასაგნე მინები მუდმივად უნდა გამოიცვალოს და ა.შ. ამგვარად, მივხვდებით, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ დღეები, არამედ კვირები გაგრძელდება. ასე არაფერი გამოვა. ჩვენ გვჭირდება ავტომატიზირებული ELISA-ტესტები და ამ წუთას სწორედ მათ აწყობაზე მიდის მუშაობა.

კორინა ჰენიგი: გასაგებია, ანუ ასეთი ტესტები ვითარდება. მათ ზედამხედველობაში თუ იღებთ მონაწილეობას? უკვე არსებობს გამოქვეყნებული კვლევები ასეთ ELISA-ტესტებზე?

კრისტიან დროსტენი: დიახ, არსებობს  საკმაოდ ცნობილი გერმანელი მწარმოებელი, რომელსაც თავიდანვე დავეხმარეთ ამ ტესტების აწყობასა და ევალუაციაში. შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: როგორია მათ მიერ შექმნილი ტესტი ჩვეს მიერ ლაბორატორიაში მიკროსკოპით ჩატარებულ ტესტთან შედარებით? ამით ვგულისხმობ იმ მიკროსკოპით ჩატარებულ ტესტს, რომელსაც ხელობის ძალიან კარგად ცოდნა სჭირდება, ის დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ იქ ზუსტად ვიცით, რა გვაქვს ხელში და რას ვაკეთებთ, ხოლო ასეთი ELISA-ტესტი საბოლოოდ მხოლოდ ფერს გვაძლევს შედეგად. ამისათვის საჭიროა ვალიდირების კვლევების ჩატარება. ისინი უკვე ჩავატარეთ და კარგი შედეგები გვაქვს. ამ მწარმოებელს შეგვიძლია ვუთხრათ: დაიწყეთ ამ ტესტის წარმოება, რათა ყველას შეეძლოს მისი გამოყენება. მსგავსი კვლევები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც ტარდება. უკვე სხვა მწარმოებლებიც გვთხოვენ, რომ მათ მიერ შექმნილი ტესტის ვალიდირებაში დავეხმაროთ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეხმარებით.

კორინა ჰენიგი: მსგავსი ELISA-ტესტის პრინციპს ბევრი ალბათ ალერგიის ანალიზებიდანაც იცნობს. როგორც უკვე თავად ბრძანეთ, მნიშვენლოვანია, „რამდენი ანტისხეული გვაქვს“. რამდენად მნიშვნელოვანია გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა? ყველა ადამიანი დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის ანტისხეულებს იმუშავებს?

კრისტიან დროსტენი: არსებობს გარკვეული ზონა, სადაც ყველა ადამიანი ხვდება. ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ტიტრზე ანუ გაზავების დონეზე. ჩვენ ვამბობთ: აი, ახლა ლაბორატორიული ტესტის შედეგი ამ შრატის შემთხვევაში დადებითია, მოდი, ახლა ვნახოთ, ისევ დადებითი პასუხი გვექნება თუ არა, თუ ამ შრატს გავათხელებთ, მაგალითად, ერთი- ორზე. თუ პასუხი ისევ დადებითია, შეგვიძლია ვიკითხოთ: პასუხი დადებითი დარჩება თუ არა, თუ ერთი-ოთხზე გავათხელებთ? შემდეგ ერთი-რვაზე, 16-ზე, 32-ზე, 64-ზე და ასე შემდეგ, 128-ზე, ათასამებამდე შეგვიძლია გავაგრძელოთ. გაზავების სხვადასხვა რიგები თავიდან ბოლომდე შეიძლება გავტესტოთ და ვიკითხოთ, სად ჩერდება? გაზავების რომელი დონიდან ვეღარ ვიღებთ დადებით პასუხს? გაზავების ის დონე, რომლამდეც ამ პაციენტის ტესტი დადებითია, სწორედ ეს არის ტიტრი. სწორედ ეს არის ჩვენთვის ანტისხეულების დონის საზომი. ზუსტად თუ დავაკვირდებით, მაინც ვერ ვიტყვით, რომ პაციენტი, რომელსაც ორჯერ უფრო მაღალი ტიტრი აქვს, ვიდრე მეორე პაციენტს, მის შრატში ორჯერ უფრო მეტი ანტისხეულებია. ასე მარტივად არ არის საქმე. ეს არ არის მარტივი კონცენტრაციის გაზომვა, ეს არის ასევე ბმის ძალის საზომი. შესაძლებელია, რომ ორ პაციენტს სისხლში ზუსტად ერთი და იგივე კონცენტრაციის ანტისხეულები ჰქონდეს, მაგრამ ერთი პაციენტის ტიტრი მაინც ორჯერ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მეორესი. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ერთი პაციენტის შემთხვევაში ანტისხეულები ბევრად უფრო კარგად და ძლიერად ებმება ვირუსს, ვიდრე მეორის შემთხვევაში.  რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე არსებობს საინტერესო პასუხი: იმუნური სისტემა იმუნური რეაქციის დასაწყისში ზოგად და საკმაოდ თავისუფალ ანტისხეულებს ქმნის, თავისუფალი, წებვადი ანტისხეულები, რომლებიც ბევრ სხადასხვანაირ პროტეინს ებმიან. მაგრამ შემდეგ იწყება პროცესი, რომელსაც ჩვენ ავიდურობის მომწიფებას ვუწოდებთ. ავიდურობაც პროფესიული ტერმინია და მისი პირდაპირ თარგმნა, როგორც „ბმის  ძალა“, არ არის შესაძლებელი. აქ საქმე გვაქვს სხადასხვა ფიზიკურ მახასიათებლებთან. ყველაზე კარგად ამ ტერმინის თარგმნა შესაძლებელია, როგორც „სიხარბე“. ანუ, რამდენად ხარბდება ანტისხეული ვირუსის პროტეინს?  ინფექციიდან რამდენი დღის, ან კვირის შემდეგ ეს ავიდურობა იმატებს. ახლად წარმოქმნილი ანტისხეული ნაკლებად ავიდურია. თუ ორი-სამი კვირა დავიცდით, ანტისხეული ძალიან ავიდური გახდება. ის ძალიან დახარბდება ამ ვირუსის პროტეინს.

ეს არის სხვადასხვა ეფექტების ნაზავი. საბოლოო ჯამში, ეს არის ოპტიმიზაციის პროცესი, ბიოლოგიური ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის დროსაც ანტისხეულების შემქმნელი უჯრედები ზოგიერთ კლონს ანიჭებს უპირატესობას. ავადმყოფობის ელიმინაციის პროცესში ისინი მუდმივად მოწმდება.  მათ სელექციური უპირატესობა ენიჭებათ და ამ პროცესში თავი გააქვთ და იმარჯვებენ. საბოლოოდ ანტისხეულების შემქმნელი ის უჯრედები არიან წინა პლანზე, რომლებიც საუკეთესო ანტისხეულებს აწარმოებენ. იმიტომ, რომ ჩვენ ამ ანტიგენებს ანტისხეულების ტესტის დროს როგორც სატესტო ანტიგენებს ვიყენებთ (ანტიგენში ვგულისმობ ვირუსის პროტეინებს), ვხედავთ, რომ პაციენტს ინფიცირებიდან რაღაც დროის მერე უკვე ძალიან ადვილად დასადგენი და ავიდური ანტისხეულები აქვს. 

ეს არის მხოლოდ ერთი ასპექტი. როგორც ხედავთ, ლექციის სახე ეძლევა ამ ახსნას.

კორინა ჰენიგი: ჩვენ ძალიან ცნობისმოყვარენი ვართ და გვსურს, მეტი ვისწავლოთ.

კრისტიან დროსტენი: ეს არის თქვენს კითხვაზე პასუხის მხოლოდ ერთი ასპექტი, კითხვაზე, თუ რა განსსხვავებაა იმუნურ რეაქციებს შორის. ვისაუბრეთ ტიტრზე და მის უკან მდგომ ავიდურობაზე. ასევე საქმე გვაქვს სხვა რამესთან: ანტისხეულებს შეუძლიათ ვირუსის რომელიღაც პროტეინს მიებან. ან მათ შეუძლიათ ისეთ ადგილს მიებან, რომელიც ფუნქციურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვირუსი უნდა შეიჭრას უჯრედში, ამისთვის საჭიროა, რომ მაგალითად, ამ უჯრედის რეცეპტორზე მოხდეს ვირუსის მიბმა. თუ ეს არ მოხდა, ვირუსი კი არის შიგნით, მაგრამ უჯრედში ვერ აღწევს და ჩვენი ჯანმრთელობისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. ახლა გვაქვს ანტისხეულები, რომლებიც ვირუსის ზედაპირს რაღაც ადგილას ებმიან. მათ ვზომავთ ამ ELISA-ტესტის საშუალებით. მაგრამ ამ ანტისხეულებს შორის არსებობს რამდენიმე ანტისხეული, რომელიც ზუსტად ვირუსის სუსტ წერტილში ხვდება. ისინი, მაგალითად,  მისი ზედაპირის ზუსტად იმ ადგილს ებმიან, რომლითაც თვითონ ვირუსი უნდა მიებას უჯრედის რეცეპტორს მასში შეღწევისთვის.

კორინა ჰენიგი: ანუ განსაკუთრებით ეფიციენტური ანტისხეულები?

კრისტიან დროსტენი: დიახ, განსაკუთრებით ძლიერად ხელის შემშლელი ანტისხეულები, რომლებიც ინფექციას განსაკუთრებით ურთულებს საქმეს. აქ ჩვენ ვამბობთ: ისინი ანეიტრალებენ ინფექციას, ისინი არიან გამანეიტრალებელი ანტისხეულები. ეს ანტისხეულები ზოგადი ანტისხეულებისგან რომ განვასხვავოთ, ამისთვის კიდევ სხვა ლაბორატორიული ტესტი უნდა ჩავატაროთ: ეს არის ეგრეთ წოდებული ნეიტრალიზაციის ტესტი. ის შემდეგნაირად ფუნქციონირებს: ჩვენ ვამოწმებთ, როგორ შეგვიძლია კონკრეტული პაციენტის შრატში ინფექციის თავიდან არიდება. პირველ შემთხვევაში ვიღებთ ლაბორატორიულ ვირუსს და უჯრედული კულტურების უჯრედებთან ერთად ერთ რეაქციაში ვათავსებთ.  მეორე, შედარებით რეაქციაში, ეს არის თავად სატესტო რეაქცია, მანამდე პაციენტის შრატს ვუმატებთ. თუ ამ შრატში სწორედ ის ანტისხეულებია, რომლებიც სწორ ადგილას ებმება ვირუსს, ვნახავთ, რომ ამ შედარებით რეაქციაში ინფექცია არ დაიწყება, ხოლო პირველ შემთხვევაში კი, როგორც მოველოდით, უჯრედები დაინფიცირდება და ვირუსი გამრავლდება. ლაბორატორიაში ამ ყველაფერს დავინახავთ. მაგალითად, დავინახავთ, რომ უჯრედები კვდება.

და მეორე შემთხვევაში იმასაც დავინახავთ, რომ ამ პაციენტის შრატი უჯრედულ კულტურებს ვირუსული ინფექციისგან იცავს. აქაც შეგვიძლია ტიტრირება. აქაც შეგვიძლია ვთქვათ: მოდი, გავიმეორეთ ტესტი სხვადასხვა გაზავების საფეხურებზე. Მაშინ კი დავინახავთ, რომ ჩვეულებრივი ანტისხეულების ტესტში ტიტრის სიდიდისგან დამოუკიდებლად გვაქვს სხვა სიდიდეც,  ეს არის ტიტრის დონე გამანეიტრალებელ ანტისხეულებში. ეს ორი სიდიდე არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთის პარალელური იყოს. არსებობენ პაციენტები, რომლებსაც ძალიან ცოტა ზოგადი ანტისხეულები აქვთ, მაგრამ ძალიან მაღალი განეიტრალების ტიტრი, როგორც ჩვენ ამას ვუწოდებთ NT-ტიტრი, ანუ განეიტრალების ტესტის ტიტრი. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მაღალი NT-ტიტრი, მაგრამ სუსტი ზოგადი ანტისხეულების ტიტრი, ასეთი შემთხვევებიც არსებობს. ეს ამ პატიენცისთვის სავარაუდოდ კარგია. ასევე არსებობს შებრუნებული შემთხვევაც. არსებობენ პაციენტები, რომლებიც ბევრ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. მათ აქვთ ზოგადი ანტისხეულების ტიტრის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ დაბალი გამანეიტრალებელი ტიტრი. ზუსტად არ ვიცით, ეს ასე რატომ ხდება.  ადამიანები ამ მხრივ ბევრ განსხვავებას ამჟღავნებენ ერთმანეთისგან.

კორინა ჰენიგი: ეს ტესტირებისთვის რას ნიშნავს? წარმოვიდგინოთ რიგითი ადამიანები ან კლინიკებში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც ავტომატიზირებულ ELISA-ტესტების ქონის შემთხვევაში, ანტისხეულებზე ტესტი ჩაუტარდებათ.

კრისტიან დროსტენი: გვაქვს შემდეგი მოცემულობა: თუ ვსაუბრობთ რუტინულ ტესტირებაზე, ELISA-ტესტები ერთადერთი ვარიანტია, რომლის რუტინულ პრაქტიკაში გამოყენებაცაა შესაძლებელი, თუ ჩვენ იმის გადამოწმება გვსურს, გადაიტანა თუ არა ადამიანმა ეს ინფექცია. ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ანტისხეულებზე ტესტის გამოყენება, მაგალითად, აცრის სიტუაციებშიც შეიძლება. ბუნებრივი ინფექციის დროს ერთადერთი, რისი ცოდნაც გვჭირდება, არის შემდეგი: გადაიტანა პაციენტმა ინფექცია? კი თუ არა? ამისთვის მარტივი ELISA-ტესტი საკმარისია.  და ამ შემთხვევაში ტიტრის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვინდა მხოლოდ ერთის გაგება: კი თუ არა. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, ზოგად ანტისხეულებთან ერთად კარგი გამანეიტრალებელი ანტისხეულებიც აქვს თუ არა პაციენტს, საჭირო არ არის. ამის ცოდნა ამ შემთხვევაში არ გვჭირდება.

ანტისხეულების ტესტის შემთხვევაში მარტივი პასუხები საკმარისია. რატომ არის ეს ასე? ბუნებრივი ინფექციის შემთხვევაში ანტისხეულები მაინცდამაინც ის მექანიზმი არ არის, რომელიც ვირუსს კლავს, სინამდვილეში იმუნური სისტემის სულ სხვა დონეზე ხდება იმუნური დაცვა. ვსაუბრობ უჯრედულ იმუნურ პასუხზე. მისი გაზომვა მხოლოდ ძალიან ირიბად არის ანტისხეულებით შესაძლებელი. უჯრედული პასუხის ორი განყოფილება არსებობს. ერთი, T-დამხმარე უჯრედები, მეორე კი, T-ეფექტორი უჯრედები. დამხმარეები ეხმარებიან B-უჯრედებსაც, ესენი არიან უჯრედები, რომლებიც ანტისხეულებს აწარმოებენ. იმუნური რეაქციის ეს ქვედა შრეები, ანუ ორივე ტიპის T-უჯრედები, ამ მარტივი ანტისხეულების ტესტით საერთოდ არ შეგვიძლია კარგად გავტესტოთ. მათი ტესტირება ლაბორატორიაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ასეთი ტესტები ბევრად უფრო შრომატევადია, ვიდრე მარტივი ანტისხეულის ტესტები.

იმის დასადგენად, გადაიტანა თუ არა ადამიანმა ინფექცია და გამოუმუშავდა თუ არა მას იმუნიტეტი, ჩვენ გვჭირდება იმუნური სისტემის არსებობის ნებისმიერი ნიშანი, სულერთია რომელი. ამ შემთხვევაში ავიღოთ ასეთ ნიშნად ანტისხეულების არსებობა, იმიტომ, რომ მათი გაზომვა ყველაზე მარტივია. თუ ანტისხეულები წარმოიქმნა, ეს ნიშნავს იმას, რომ იმუნური სისტემის სხვა განყოფილებებიც გააქტიურდა. მაშინ შევძლებთ ვთქვათ: პაციენტმა ეს დაავადება გადაიტანა.  აქედან ასევე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ პაციენტს იმუნიტეტი აქვს. ისე რომ, იმუნური რეაქიის ქვედა პარამეტრების სპეციალური ლაბორატორიული კვლევა აღარ იქნება საჭირო. უბრალო ტესტი ანტისხეულებზე საკმარისია.

რასაკვირველია არსებობს სხვა შემთხვევებიც, სადაც  სასურველია უფრო ზუსტი დაკვირვება. შემთხვევები, როცა ზუსტად გვინდა გავიგოთ,  მოხდა თუ არა იმუნური სისტემის კონკრეტული აქტივობები. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ვაქცინის კვლევები. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვინდა, ზუსტად ვიცოდეთ, ვაქცინის მეშვეობით მოხდა თუ არა ძლიერი გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტიტრის ინდუცირება.

კორინა ჰენიგი: ანუ ვაქცინის შექმნის დროს.

კრისტიან დროსტენი: დიახ, ვაქცინის შექმნის დროს და ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს. ამ დროს მართლაც ტარდება ასეთი კვლევები, თავდაპირველად- ლაბორატორიებში, სადაც ვაქცინის პირველადი შემოწმება ხდება, შემდეგ კი -უკვე ადამიანებშიც.

კორინა ჰენიგი: ეს ნიშნავს, რომ პრინციპში ისევ იმას ვუბრუნდებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ: პასიური იმუნიზაცია იმ ინფექციაგადატანილი ადამიანების ანტისხეულების მეშვეობით?

კრისტიან დროსტენი: სინამდვილეში, ახლა მე აქტიურ იმუნიზაციაზე ვსაუბრობდი. ანუ აქტიური ვაქცინების გამოცდაზე. ასეთ დროს გვსურს გავიგოთ, რა რეაქცია წარმოიქმნება ადამიანში, ანუ წარმოიქმნება თუ არა კარგი გამანეიტრალებელი იმუნური პასუხი აცრის შემდეგ. ასევე, რა თქმა უნდა, იმუნური სისტემის სხვა განყოფილებების შემოწმებაც გვსურს. ასეთ შემთხვევაში შევამოწმებთ T-უჯრედების კარგ რეაგირებას, ვნახავთ, B-უჯრედები საკმარისი დროით რჩებიან თუ არა. ასეთი რაღაცების გადამოწმება ვაქცინის კვლევებში პირდაპირი და ირიბი ტესტების საშუალებით ხდება. ასეთი რამ ჩვეულებრივი პაციენტის შემთხვევაში არ გვაინტერესებს. მასთან გვსურს მხოლოდ ვიცოდეთ, ბუნებრივად დაინფიცირდა თუ არა.

მაგრამ რადგან თქვენ ამაზე საუბარი დაიწყეთ, არსებობს ასევე მოსაზრება, რომ პასიური იმუნიზაცია ამ დაავადების შემთხვევაშიც შეიძლება მოვახდინოთ. მაგალითად, შეიძლება უკვე ინფექცია გადატანილი პაციენტების პლაზმის შეგროვება. ეს პლაზმა შეიძლება მძიმედ დაავადებულ პაციენტს გადაესხას იმ იმედით, რომ ის ვირუსს გაანადგურებს. სანამ ასეთი გადასხმა მოხდება, ეს შრატი, რა თქმა უნდა, ლაბორატორიულად უნდა გაიტესტოს ვირუსის განეიტრალებაზე. ასეთ შემთხვევაში ზუსტად და ფუნქციონალურად უნდა დავაკვირდეთ, მართლა შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ჩაბარებული სისხლით ვირუსის განეიტრალება, აქვს თუ არა ფუნქციონალური შესაძლებლობა ვირუსის წინააღმდეგ.

კორინა ჰენიგი: ვაქცინის შექმნა ძალიან დიდი თემაა, რომელსაც შემდგომ სერიებში აუცილებლად დავუბრუნდებით, განსაკუთრებით- ანტისხეულების კუთხით. როგორც მივხვდი, რაც უფრო კარგად გავიგებთ, მით უფრო კარგად წავა ერთ-ერთი ასეთი ვაქცინის კლინიკური გამოცდა.

კრისტიან დროსტენი: ასეა.

კორინა ჰენიგი: თქვენ თქვით, რომ ორიდან სამ თვეში ასეთი ავტომატიზირებული ანტისხეულების ტესტის არსებობა შესაძლებელია. მაგრამ ისე არ იქნება, რომ აფთიაქში შევალ და იმიტომ, რომ ჩემს შვილებს ოდნავ ახველებთ, მე კი მათი ბებია-ბაბუასთან მიყვანა მსურს, ასეთ ტესტს ვიყიდი, ისინი უცებ რომ გადავამოწმო. ვისთვის არის ასეთი ანტისხეულების ტესტები, პირველ რიგში, საჭირო?

კრისტიან დროსტენი: დიახ, ეს მართლაც ასეა. ჩვენ უკვე აქ, ჩვენს ინსტიტუტში გვაქვს აპარატი და ორ კვირაში კიდევ ბევრად უფრო დიდ აპარატს ავაწყობთ ჩვენს დიდ ლაბორატორიაში. იმავეს გააკეთებენ ამ დღეებში სხვა დიდი გერმანული ლაბორატორიებიც. ანუ სულაც არ არის საჭირო, რომ კიდევ ორი-სამი თვე გაგრძელდეს ლოდინი. ტესტების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ოჯახის ექიმის გავლით. ოჯახის ექიმი აიღებს სისხლის ანალიზს და მეორე ან მესამე დღეს ტესტის პასუხი უკვე იქნება.  ეს არის პასუხი, რომელიც საკმაოდ მყარია და უცებ არ იცვლება, რადგან შეკითხვა, რომელსაც ვსვამთ, არის შემდეგი: გადაიტანა ადამიანმა ეს ვირუსი თუ არა. თუ ვირუსი ერთხელ გადავიტანეთ, ესეიგი გადავიტანეთ. ამიტომ პასუხის მიღების სისწრაფე ასე საჩქარო არ არის, სუ ერთია, მეორე დღეს იქნება პასუხი თუ მესამე დღეს.

ასევე არსებობს ამ ტესტის გამოყენების სხვა არეალებიც. მაგალითად, შეკითხვა: შეუძლია თუ არა ამ ექიმს ან ექთანს ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა შემცირებული დამცავი საშუალებებით იმის გამო, რომ მას იმუნიტეტი უკვე აქვს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ასევე გარეთ, ამბულატორიაში მომუშავე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, გადატანილი აქვს თუ არა მომვლელ პერსონალს ეს ინფექცია. მგონი,  კითხვაში ამაზე მიანიშნებდით.

ახლა, რა თქმა უნდა, ბაზარზე გაჩნდება ისეთი ანტისხეულების ტესტები, რომლის შეძენაც თავად შეგეძლებათ, შეიძლება მალე აფთიაქებში, ან სულაც იბეიზე უკვე არის ხელმისაწვდომი. ეს ტესტებიც ანტისხეულებზე ტესტავენ, მაგრამ სულ სხვა პრინციპით. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთ ტესტებთან, რადგან ჯერჯერობით არ გვაქვს კარგი ვალიდირების კვლევები. ჩვენ ამ წუთას ვცდით რამდენიმე მწარმოებლის მსგავს ტესტს და მწარმოებლებს ვაწვდით ინფორმაციას, თუ რამდენად კარგად მუშაობს მათი ტესტები. შემდეგ კვირებში, ალბათ, პირველ პუბლიკაციებს და სტატიებს ვნახავთ ასეთი სწრაფი ანტისხეულების ტესტების ვარგისიანობაზე.

კორინა ჰენიგი: ანუ ეს არ არის სრული ილუზია, რომ შეიქმნას ტესტი, რომელსაც სახლში გამოვიყენებთ. თქვენ უკვე ახსენეთ საავადმყოფოს თანამშრომლები, ექიმები, ჯანდაცვის თანამშრომლები, მაგრამ არსებობენ სხვა მნიშვნელოვანი ადამიანებიც, ფარმაცევტები აფთიაქში, სუპერმარკეტის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენი სისტემისთვის ძალიან რელევანტურ როლს ასრულებენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ვალიდირებულ ტესტებს სწორედ ამ ადამიანებისთვის შევინახავთ, რათა საზოგადოებამ ფუნქციონირება შეძლოს? თუ მოხალისე ადამიანებსაც შეეძლებათ სადმე ჩაიტარონ ეს ტესტი? ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, რომ თუ მათ იმუნიტეტი უკვე აქვთ, დიდი სიამოვნებით იმუშავებნენ მონახილესეებად. ასეთი რამ შესაძლებელია?

კრისტიან დროსტენი: რა თქმა უნდა, ასეთი რამ შესაძლებელი მგონია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უპირველეს ყოვლისა ორგანიზება ჭირდება. ამაზე ჯერ არ მიფიქრია. სპონტანურ პასუხს გცემთ, მაგრამ მიმაჩნია შესაძლებლად ასეთი ცენტრების მოწყობა, ალბათ, სწორედ იქ, სადაც დახმარება მართლა საჭირო იქნება. პრინციპულად ჯერ საკუთარ თანამშრომლებს შეეკითხებოდა, სურთ თუ არა, საკუთარი სურვილით ჩაიტარონ ასეთი ტესტი. შემდეგ უკვე მოხალისე დამხმარეებთან, რომლებიც სწორედ იმუნიტეტის ქონის შემთხვევაში განიხილებიან მოხალისეებად. ასევე, წინა ხაზზე მომუშავე ადამიანები, რომლებსაც ბევრი კონტაქტი უწევთ ხალხთან. არ არის აუცილებელი, ეს იყოს მხოლოდ სამედიცინო პერსონალი, უბრალოდ, ადამიანები, რომლებსაც პროფესიიდან გამომდინარე ბევრი კონტაქტი უწევთ სხვებთან. ასეთი რამის წარმოდგენა შემიძლია.

კორინა ჰენიგი: ანუ ორ-სამ თვეში, შესაძლოა, უფრო მეტი ვიცოდეთ და ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ ვირუსის შეკავების საქმესა და მოსახლეობაში ინფექციის მონაცემების თვალსაზრისით. ბატონო დროსტენ, დღეს უფრო გაგვიგრძელდა საუბარი. მაგრამ ჩვენ ხვალაც გვინდა კორონავირუსზე ვისაუბროთ და იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ მის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. დიდი მადლობა, დღეისათვის სულ ეს იყო.

კრისტიან დროსტენი: არაფრის, ხვალამდე.

კორინა ჰენიგი: ეს პოდკასტი შუადღეობით აერდე-ს აუდიოთეკაში შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე ინტერნეტ-გვერდზე ndr.de/coronaupdate


ინტერვიუ გერმანულიდან თარგმნა მარიამ მურუსიძემ. “ნეტგაზეთი” მადლობას უხდის მარიამს და ლაშა ბაქრაძეს მოხალისეობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი