ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რიცხვები იზრდება, შეზღუდვები მცირდება – COVID-19 სომხეთში

20 მაისი, 2020 •
რიცხვები იზრდება, შეზღუდვები მცირდება – COVID-19 სომხეთში

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ანალიტიკოსი, ერევანი


უკანასკნელ ოთხ დღეში სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს – მეტი, ვიდრე საქართველოში მთელი პერიოდის განმავლობაში. მით უმეტეს, სომხეთი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოზე მცირეა.  პარალელურად, 18 მაისიდან ქვეყანაში მთლიანად გაუქმდა კარანტინი – გაიხსნა კაფეები [მათ შორის დახურული ტიპის], საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.

ამავე დროს, სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა. აკრძალვა შეეხება არასანქცირებულ აქციებს ხუთზე მეტი ადამიანის მონაწილეობით და მათი დარღვევისთვის სოლიდური ჯარიმების დაწესებაც განიხილება. ეს აკრძალვები პოლიტიკურად მოტივირებულია: უკანასკნელ დღეებში ხუთზე მეტი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმეები დაიწყო. ასევე, მზადდება რეგულაციები საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლებისთვის დაქვემდებარებისთვის.

ჯანდაცვის სფეროში მიღებული ზომები კი მეტწილად არაეფექტური აღმოჩნდა. ქვეყანამ მკაცრი კარანტინი 16 მარტს შემოიღო, მაშინ, როდესაც დღე-ღამეში 17 შემთხვევა ვლინდებოდა, 18 მაისს კი, როდესაც 351 შემთხვევა დადასტურდა, საკარანტინო ზომები გაუქმდა.

ეს შესაძლოა უცნაური იყოს, მაგრამ რაღაც მომენტში ხელისუფლებამ, რომელმაც საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, “ფარხმალი დაყარა” და გადაწყვიტა ნაკლები წინააღმდეგობრივი გზით წასულიყო. ასევე, ამ გადაწვყეტილებით, ხელისუფლებამ  ეკონომიკის “გადარჩენა” არჩია. აქ კი მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება – შესაძლებელია კი დაკეტილი საზღვრებით ეკონომიკის გადარჩენა? ან ვინ უფრო მეტად დაზარალდება ეკონომიკურად – ის, ვინც მკაცრი კარანტინი შემოიღო და აქცენტი ადამიანების ჯანმრთელობაზე გააკეთა, თუ ის, ვინც გადაწყვიტა ეკონიმიკის გადარჩენა, თუნდაც ასეთი მაღალი ფასის სანაცვლოდ?

დღეს სომხეთში შემთხვევათა რაოდენობა მეტია, ვიდრე საქართველოში და აზერბაიჯანში ერთად აღებული. თუმცა ვირუსი სომხეთში, ორივე ქვეყანასთან შედარებით, ოფიციალურად უფრო გვიან დაფიქსირდა.

აპრილის დასაწყისიდან სომხეთში ვირუსის ექსპოტენციური ზრდა დაიწყო, რომელსაც მახასიათებელი აქვს, თავიდან ძალიან ნელა მიმდინარეობს, შემდეგ კი ჩქარდება.

დღეს სომხეთში 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების 179 შემთხვევაა, აზერბაიაჯანში – 57, საქართველოში – 18.  იმისთვის, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია ეს, შევხედოთ სურათს საერთო ციფრების მიღმა.

დაავადების შემთხვევების რეგისტრაცია უპირობოდ ჩამორჩება ინფიცირებულთა ფაქტობრივ მაჩვენებელს. ეს განპირობებულია საინკუბაციო პერიოდით და ადმინისტრაციული შეზღუდვებით. ასევე- ქვეყანაში ტესტირების სისტემის შესაძლებლობებით. დაინფიცირებულთა რეალური ციფრი ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა, ვინაიდან ვიცით დაავადების საშუალო ხანგრძლივობა, საინკუბაციო პერიოდი და  გარდაცვალებამდე დღეების რაოდენობა  [სიკვდილობის შემთხვევაში], შეგვიძლია გამოვთვალოთ დარეგისტრირებულ პაციენტთა ინფიცირების რეალური სტატისტიკა და რეგისტრაციის სტატისტიკას შევადაროთ. შესაბამისად, ასეთ სურათს მივიღებთ.

 ინფიცირებულთა და დარეგისტრირებულთა მაჩვენებელი

ზედა გრაფიკზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ იმ დროს, როცა 19 მარტს ქვეყნის ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ერთი, ისიც იზოლირებული ინფიცირებულის შესახებ, ქვეყანაში უკვე არსებობდა 107 დაავადებული. ინფიცირებულთა რეგისტრაცია კი დაახლოებით 8-9 დღით ჩამორჩებოდა რეალურ ციფრს. ამ დროს პრემიერს უკვე დაწყებული ჰქონდა ქვეყნის რეგიონებში რეფერენდუმის საკითხზე  აქცია-მიტინგები.

აპრილის დასაწყისში ეს ჩამორჩენა უკვე მინიმუმამდე იყო დაყვანილი – დარეგისტირებული იყო ნავარაუდევი პაციენტების 78%, ჩამორჩენის სხვაობა კი 6-7 დღმდე შემცირდა. თუმცა მას შემდეგ, რაც კარანტინის ზომების შერბილება დაიწყო, ჩამორჩენის შუალედმა ისევ დაიწყო ზრდა. უკვე 20 აპრილისთვის ეს პროცესი საკმაოდ გამოხატული გახდა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და 11 დღეს მიაღწია. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ დღეს დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი არ არის დარეგისტრირებული.  ეს ნიშნავს იმასაც, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ იზოლირებული და სხვა ადამიანების დაინფიცირებას აგრძელებდნენ.

ჩვენ ასევე გვაქვს ყოველდღიური მონაცემები იმისა, თუ რამდენად ინტენსიურია კარანტინი და როგორ აისახება ის დაავადების გავრცელებაზე. ეს მონაცემები იმას გვეუბნება, რომ სომხეთში კარანტინის  დე ფაქტო გაუქმება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც დაავადების რიცხვმა იმატა – აპრილის დასაწყისში.

კარანტინის დაცვის დონე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და შესადარებლად – მოსკოვში.

თუ გავასაშუალებთ აღნიშნული ინდექსის დინამიკას და შევადარებთ დაავადების გავრცელების ინტენსივობას, კანონზომიერებას დავნახავთ. რაც უფრო ინტენსიურია კარანტინი, მით უფრო ნაკლებია დაავადების გავრცელების სიჩქარე, რაც თავის მხრივ დაავადების გავრცელების შენელებას ხელს უწყობს და, შესაბამისად, პიკი  არ არის გამოხატული. და პირიქით, ყველა შეზღუდვის მოხსნა დროზე ადრე დაავადების გავრცელების ინდექსის დაჩქარებას და ტალღის ზრდას იწვევს.

იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორია დაინფიცირების სიჩქარე, უნდა ვნახოთ არა ახალი შემთხვევების ზრდა ზოგად სურათთან მიმართებაში, არამედ აქტიური შემთხვევებთან მიმართებაში, რადგანაც ისინი, ვინც განიკურნა და ისინი, ვინც გარდაიცვალა, გავრცელების წყარო არ არიან. იმისთვის, რომ გრაფიკი გავათავისუფლოთ დღეღამური გარდაუვალი რყევებისგან და გამოთვლის სხვა ხარვეზებისგან, უნდა შევხედოთ კვირის საშუალო მონაცემებს. ეს შეეხება თვითიზოლაციის ინდექსსაც, სადაც ვხედავთ იზოლაციის პიკებს არასამუშაო დღეებში. ზრდის სიჩქარის შესწავლა მნიშვნელოვანია ავიღოთ არა რეგისტრაციის თარიღიდან, არამედ რეალური დაინფიცირების თარიღიდან [რომელიც ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ].

ინფიცირების ზრდის სიჩქარისა და სოციალური კონტაქტების ინტენსივობის ურთიერთკავშირი

როგორც ვხედავთ, სომხეთში ინფიცირების შემთხვევების ზრდა ამ კანონზომიერებაში სრულიად ჯდება და სამომავლო გათვლებსაც მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვივარაუდოთ, ყოველდღიური ინფიცირების რეალური ციფრი უკვე აღემატება 1000-ს. მაგრამ რეგისტრაცია არ არის სრული და დროში ჩამორჩება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ  ჩატარებული ტესტების რაოდენობა არ არის საკმარისი სრული სურათის მისაღებად. თუ აპრილის შუა რიცხვებისთვის 15-20 ტესტზე 1 დადებითი პასუხი იყო, უკანასკნელ დღეებში საშუალოდ 5-6 ტესტზე 1 დადებითი პასუხია და ეს რიცხვი კიდევ უფრო იკლებს.

სომხეთის “შვედურ მოდელზე” გადასვლას ქვეყნისთვის განსხვავებული შედეგები ექნება. ჩვენ ვიცით, რომ შვედეთში გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია მის მეზობელ ქვეყნებში გარდაცვლილთა რაოდენობაზე. ამასთან, ის არც ისე ბევრია. საქმე ის არის, რომ შვედეთს აქვს რიგი მაჩვენებლები კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობის დაბალი დონის შესანარჩუნელბად – იქ ეწევიან მსოფლიოში ყველაზე ცოტას [5%], ჭარბწონიანობა, ასევე, ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებელზეა მსოფლიოში [16%], ერთ სულ მოსახლეზე საცხოვრებელი ფართობი დიდია, მედიცინა კი  ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამიტომაც სომხეთს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პანდემიას შვედეთის შედეგებით დაასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი