ახალი ამბები

ტრამპი WHO-ს დირექტორს აშშ-ის მიერ ორგანიზაციის შესაძლო დატოვებაზე აფრთხილებს

19 მაისი, 2020 • 996
ტრამპი WHO-ს დირექტორს აშშ-ის მიერ ორგანიზაციის შესაძლო დატოვებაზე აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს (WHO), თედროს ადანომ გებრეისუსს კრიტიკული წერილი გაუგზავნა, რომელიც თავადვე გამოაქვეყნა ტვიტერზე.

წერილში ტრამპი წერს, რომ ორგანიზაციამ “2019 წლის დეკემბერში ან უფრო ადრეც სარწმუნო ცნობების იგნორირება მოახდინა ვუჰანში ვირუსის გავრცელების შესახებ “ და „ვერ მოახერხა დამოუკიდებლად გამოეძიებინა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით“.

წერილში ტრამპი აგრეთვე აცხადებს, რომ 26-30 დეკემბერს ჩინურ მედიაში გამოჩნდა ცნობები ვუჰანში არსებული ვირუსის შესახებ, ხოლო არაუგვიანეს 2019 წლის 30 დეკემბრისა ორგანიზაციის წარმომადგენლობა პეკინში ფლობდა ინფორმაციას ვუჰანში არსებული ვირუსის შესახებ.

გარდა ამისა, ტრამპის თქმით, 31 დეკემბრისთვის ტაივანის ხელისუფლებამ ორგანიზაციას შეატყობინა დაავადების ადამიანიდან ადამიანისთვის გადადებაზე, თუმცა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გაეზიარებინა ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანარჩენი მსოფლიოსთვის, შესაძლოა, პოლიტიკური მიზეზების გამო“.

აგრეთვე, ტრამპი აცხადებს, რომ ორგანიზაციამ „გააკეთა რამდენიმე განცხადება კორონავირუსზე, რომელიც ან ბოლომდე არასწორი, ან შეცდომაში შემყვანი იყო“. კერძოდ, ტრამპს მოჰყავს ჯანმოს მიერ 14 იანვარს  გავრცელებული ცნობა, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. აგრეთვე ის, რომ 28 იანვარს ჯანმომ შეაქო ჩინეთი „გამჭვირვალობისთვის“, მიუხედავად იმისა, რომ „ჩინეთმა გააჩუმა ან დასაჯა რამდენიმე ექიმი, ვინც ვირუსის შესახებ საუბრობდა“.

ტრამპი ასევე წერს, რომ 21 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი საფრთხედ არ გამოაცხადა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ზეწოლის გამო, თუმცა 30 იანვარს არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია.

ტრამპი აგრეთვე აკრიტიკებს თავად გებრეისუსსაც და აცხადებს, რომ ჯანმოს წინა დირექტორივით რომ მოქცეულიყო, რომელმაც SARS-ის ეპიდემიის (2002-03) დროს ჩინეთი გააკრიტიკა ინფორმაციის დამალვის მცდელობისთვის და გავრცელების ეპიცენტრებში მგზავრობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა, „ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი“.

ბოლოს, ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროა ორგანიზაციაში რეფორმების გატარება და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, ხოლო მომავალი 30 დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, უკვე პერმანენტულ ხასიათს მიიღებს ჯანმოსთვის დაფინანსების დროებით შეწყვეტა. ასევე, აშშ ორგანიზაციის წევრობასაც გადახედავს.


დონალდ ტრამპი აქამდეც არაერთხელ აკრიტიკებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელობას და აცხადებდა, რომ ისინი ჩინეთის ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ტრამპი აგრეთვე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დღევანდელი ფორმებით არსებობაში ბრალეულობა ჩინეთის ხელისუფლებასაც მიუძღვის.

კორონავირუსის პანდემიის თავდაპირველ ეტაპებზე და სხვადასხვა მხარეების მიერ იმ პერიოდის განცხადებების ქრონოლიგიას შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ მასალაში:

როგორ დაიწყო და ვინ რას ამბობდა კორონავირუსის აფეთქებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი