ახალი ამბები

რას აპირებს ოპოზიცია 20 ივნისს

18 მაისი, 2020 • 1176
რას აპირებს ოპოზიცია 20 ივნისს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, 20 ივნისს რეალურ სივრცეში აქცია გაიმართება, თუმცა პანდემიიდან გამომდიანრე უცნობია, ზუსტად რა ფორმა ექნება მას. ამის შესახებ უგულავამ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკურია, აბსოლუტურად სწორია და მორალურად და პოლიტიკურადაც გამართლებულია. ამავე დროს, ამ პოსტპანდემიურ თუ პანდემიურ პირობებში ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს. ქვეყანა ცხოვრებას აგრძელებს, საპროტესტო ფორმები შეიძლება შეიცვალოს ამ პანდემიის გამო, მაგრამ მუხტი არ შეიცვლება, განწყობა არ შეიცვლება, ამიტომ ახალი სტანდარტია საჭირო”, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, 20 ივნისის პროტესტი რაღაც თვალსაზრისით ექსპერიმენტული იქნება, რომელიც “უნდა მოვარგოთ ახალ რეალობებს, მაგრამ შინაარსი უნდა იყოს უცვლელი”.

“შინაარსი არის კვლავ დეოკუპაციის მოთხოვნა, ცვლილებების მოთხოვნა და ახლა უკვე კიდევ უფრო მწვავე დაემატება: ანტიკრიზისული სულისკვეთება. იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკის ქარიშხალი დაუბერავს, რომელმაც შეიძლება ერთიანად წარხოცოს მთავრობაც და ხალხიც, ისეთი მძიმე დღეები და თვეები და წელიწადი გველის წინ. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომ რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც იყოს ნდობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ხელისუფლება უნდა მიხვდეს სიტყვის ფასს. დღეს მის სიტყვას აღარ აქვს ფასი, ეგ არის მათი პრობლემა. ამიტომ 20 ივნისი იქნება ამ ახალი ენერგიის, განახლების და ძველი პრობლემების არ დავიწყების დღე”, – განაცხადა უგულავამ.

უგულავას განმარტებით, აქციის დეტალებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციას გაივლის სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან.

20 ივნისთან დაკავშირებით კომენატრი გააკეთა გიგა ბოკერიამაც, რომელმაც განმარტა, რომ ამ თარიღის აღნიშვნა აუცილებლად მოხდება, თუმცა, ზუსტად რა ფორმით, ამ ეტაპზე უცნობია. ირაკლი ოქრუაშვილის თქმით კი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე “20 ივნისის სავარაუდო აქციაზეც” ისაუბრეს.

“20 ივნისი იმ ტიპის თარიღია, რომლის აღნიშვნაც ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს საზოგადოებრივი ინტერესებისთვის იქნება შესაფერისი. 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი ჩვენი მთავარი მტრის – პუტინის აგრესიას და ჩვენი ხელისუფლების მინიმუმ უპასუხისმგებლობას და დაიცვა საქართველოს ინტერესები, ამიტომ ამ თარიღის აღნიშვნა მოხდება ამა თუ იმ ფორმით”, – განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს, 18 მაისს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ, სადაც იმსჯელეს მაჟორიტარულ სიებზე, 20 ივნისის სავარაუდო აქციასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განმარტებით, მათ მიაღწიეს შეთანხმებას და საერთო განცხადებას დღეს გამოაქვეყნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი