ახალი ამბები

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან, 18 მაისიდან

18 მაისი, 2020 • 1620
რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან, 18 მაისიდან

18 მაისიდან კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

დღეიდან შესაძლებელი ხდება 3-ზე მეტი პირის შეკრება, თუმცა კვლავ აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. ასევე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

ასევე დღეიდან იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები, თუმცა ამ დაწესებულებებში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. ადგილზე მისვლისას კი კლიენტებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, სამუშაო სივრცეში უნდა გაკონტროლდეს მომხმარებელთა რაოდენობა – საერთო სივრცეში 5 კვადრატულ მეტრზე 1 მომხმარებლის დაშვებაა ნებადართული (აღნიშნული ფართი მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს), ხოლო თითოეულ სამუშაო უბანს შორის 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იქნას დაცული. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება, რომელიც ექვემდებარება რეცხვას/დეზინფექციას. ასევე, სალონსა და ესთეტიკურ ცენტრში მისვლისას აუცილებელია, რომ კლიენტს თან ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა.

ამასთან, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან, ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები და იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთან, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

გარდა ამისა, 18 მაისიდან სრულად გაიხსნება მარნეულიც. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი დღეიდან მკაცრდრება შეზღუდვები და იკრძალება შიდა გადაადგილებაც.

საგანგებო მდგომარეობის წესები 22 მაისამდე რჩება ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დახრულ სივრცეებში მაღაზიებში და ა.შ. საჭიროა პირბადე, საკარანტინო საათებში გადაადგილება აკრძალულია და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა

მასალების გადაბეჭდვის წესი