ახალი ამბები

რა წესები უნდა დაიცვან სალონებმა და მომხმარებლებმა მომსახურების მისაღებად

15 მაისი, 2020 • 2104
რა წესები უნდა დაიცვან სალონებმა და მომხმარებლებმა მომსახურების მისაღებად

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებს ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა ამისათვის მათ შესაბამისი წესები უნდა დაიცვან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა წესები, რომლებიც უნდა დაიცვან როგორც მომხმარებლებმა, ასევე, დასაქმებულებმა და დამსაქმებლებმა.

რეკომენდაციების მიხედვით, სალონებმა შემდეგი წესები უნდა დაიცვან:

  • რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის  თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყოფილი უნდა იყოს წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებლების მოცდა.
  • დასაქმებულებსა და მომხმარებლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
  • სამუშაო სივრცეში უნდა გაკონტროლდეს მომხმარებელთა რაოდენობა – საერთო სივრცეში 5 კვადრატულ მეტრზე 1 მომხმარებლის დაშვებაა ნებადართული (აღნიშნული ფართი მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს), ხოლო თითოეულ სამუშაო უბანს შორის 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იქნას დაცული. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება, რომელიც ექვემდებარება რეცხვას/დეზინფექციას.
  • სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომლებსაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულთა/ვიზიტორთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი (ობიექტზე შესვლის წინ).
  • შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით.
  • იმ შემთხვევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2  მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან.
  • ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიანიჭეთ ბარათს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, მომხმარებელი ვალდებულია:

  • მომხმარებელი გამოცხადდეს მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე (რიგების თავიდან ასაცილებლად).
  • არ გამოცხადდეს მომსახურების სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე.
  • სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, მოხდეს მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნა (მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას ნიღაბი). პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2- მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებით.
  • მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა.
  • დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.

დამსაქმებელი ვალდებულია:

  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
  • სალონის შესასვლელში, დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის განათავსოს ხელის ანტისეპტიკური საშუალებები.
  • უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერტჯერადი ხელსახოცები).
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილები ერთჯერადი ხელსახოცებითა და სუფთა პირსახოცებით.
  • უზრუნველყოს დასაქმებულები სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
    • იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან, ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენება.
    • ნიღბებით ნებისმიერი პროცედურების დროს. ნიღბების შეცვლა უნდა განხორციელდეს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 4 საათში ერთხელ.
  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებისა და შემსდგომში მათ შენახვა/მოხსნაზე.
  • უზრუნველყოს გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა.
  • სამუშაო ადგილზე განათავსოს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო სასუალებები და უზრუნველყოს მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა.
  • უზრუნველყოს სამუშაო პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინგექცია/სტერილიზაცია.
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერის გაზრდილი კონცენტრაციით.
  • უზრუნველყოს დასაქმებულთა, მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინოს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ
  • მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოს გამჭვირვალე ბარიერთი, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად, აღჭურვოს დამცავი ფარით
  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
  • განახორციელოს კონტროლი ამ რეკომენდაციების შესრულებაზე.

დასაქმებული ვალდებულია:

  • დაიცვას ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა). ხილული დაბინძურების ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით.
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრული კომპლექტის გამოყენება სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით.
  • შესაბამისი ასეპტიკური პრაქტიკა.
  • სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგი პრაქტიკა.
  • თითოეული სამუშაო ადგილის ზედაპირებისა და აღჭურვილობის დასუფთავება, წმენდა, დეზინფექცია ყოველი მომხმარებლის მიღებამდე და მის შემდეგ.
  • ხელების თვალზე, ცხვირზე და პირზე შეხებისგან თავის შეკავება, მუშაობის პერიოდში თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რადგან მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი