პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან მარნეული სრულად გაიხსნება. გახარიას თქმითვე, მუნიციპალიტეტში გარკვეული რაოდენობის ტესტირების ჩატარების აუცილებლობა კიდევ არსებობს, ამიტომ მისი გახსნა, სხვა ქალაქებთან შედარებით რამდენიმე დღით გვიან მოხდება:
“მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი რაოდენობა ტესტებისა, რომელიც უნდა ჩატარდეს. სწორედ ამიტომ გვჭირდება დამატებითი დრო.”
გახარიას თქმით, 11 მაისიდან იხსნება თბილისი, 14 მაისიდან კი – გარდაბანი და რუსთავი. ჯერჯერობით რჩება შეზღუდვა 21:00 საათიდან გარეთ გადაადგილებასთან დაკავშირებით.
23 მარტს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიზღუდა ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, დაიხურა ყველაფერი, გარდა საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისა.