25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი შობას აღნიშნავს. გთავაზობთ მალხაზ სონღულაშვილის, თბილელი მიტროპოლიტის საშობაო ქადაგებას “ნათელი ბნელში ანათებს”.
შობას იმიტომ ვზეიმობთ, რომ შობა ღამეს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ სინათლეზე – ჩვენ ვირჩევთ სინათლეს. ვირჩევთ არა იმიტომ, რომ სიბნელე გაქრა და მისი ჭაჭანება აღარსად არის; არც იმიტომ, რომ სამყარო სამართლიანობამ, სიკეთემ და სიყვარულმა აავსო, არამედ იმიტომ, რომ სიბნელე – რაც არ უნდა ყელყელაობდეს, რაც არ უნდა ბობოქრობდეს, რაც არ უნდა შხამსა და გესლს ანთხევდეს, რამდენ ხანსაც არ უნდა ბოგინობდეს – ყოველთვის მარცხდება სინათლესთან.
შობის ადგილი არ არის მდიდრული საცხოვრებელი ან სრა-სასახლე. მას თან არ ახლავს თვალისმომჭრელი სანახაობა, ზარ-ზეიმი, ცამპა-ცუპა. შობა მოდის წყნარად, შეუმჩნევლად, მოდის უმწეო ყრმის სახით, სიცივეში, სიღარიბეში, უსამართლობაში. ის მოდის და თავის ალაგს პოულობს საქონლის ბაგაში.
ღმერთი ძალის პოზიციიდან არ ელაპარაკება და ურთიერთობს ამ სამყაროსთან. ღმერთს სჯერა – შეიძლება ეს ვინმემ გულუბრყვილობაში ჩავუთვალოთ მას – რომ ენა, რომლითად ჩვენთან უნდა ისაუბროს, არის არა ძალის, არამედ სიყვარულის ენა.
ამიტომ შობა ჩვენ გვევლინება არა როგორც რელობიდან გაქცევა, არამედ როგორც უღრმესი ჭეშმარიტება. შობა წლეულს გვევლინება სამყაროში, სადაც შიშიანობა მძვინვარებს, სადაც უსამართლობა თარეშობს, სადაც მუხანათობა და თავგასულობა პარპაშობს. შობას ის არ აშინებს, რომ ჩვენ წინ გრძელი, ამორფული და ხშირად გულისამრევი ღამეები გვაქვს გასავლელი.
ერთხელ ხასიდ რაბინს ჰკითხეს:
- რაბი, სად ცხოვრობს ღმერთი?
რაბინმა უპასუხა:
- შიშიანობის დროს ღმერთი ბინას იდებს პატრ-პატარა მოქმედებებში, მაგლითად: სიკეთის კეთებაში, სიმართლის აუღელვებლად და დინჯად თქმაში. უმთავრესად კი ღმერთი ცხოვრობს იმ ადამიანებში, ვინც ღირსებაზე უარს არ ამბობენ. ასე და ამგვარად ხდება ამ სამყაროს გამოსყიდვა წყნარად და მშვიდად.“
შობის ღამე ჩვენ გვახსენებს, რომ თითოეულ ადამიანაში ყოველთვის ღვივის სასოების ნაკვერჩხალი. ღმერთი ჩვენ არ გვტოვებს განსაცდელის ჟამს, ამ მრუმე წუთისოფელში. რაღაცნაირად ღმერთი უფრო პატრავდება, უფრო ახლოს მიდის ადამიანთან. ამ დროს ძალიან ადვილია, რომ ვეღარ შეამჩნიო ღმერთი. ის ამ დროს თავშესაფრარს ეძებს იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ადამიანების გულებში. ცხადია, ამ ბინდისფერ სოფელში ძალიან ადვილია, ვეღარც ღმერთი დაინახოს ადამინმა და ვეღარც მოყვასი, მაგრამ ეს შეუძლებელი სულაც არ არის.
ერთმა მასწავლებლმა ჰკითხა თავის მოწაფეებს:
- როგორ შეგიძლიათ გაარჩიოთ, რომ ღამე წავიდა და დღე დადგა?
ერთმა მოწაფემ უპასუხა:
- აი, როცა გაიხედავ და შეძლებ, რომ გაარჩიო ძაღლი და მგელი ერთმანეთისგან, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ ღამე წავიდა და დღე დადგა.
მეორე მოწაფემა თქვა:
- როცა შეძლებ, რომ გაარჩიო ქალი და კაცი ერთმანეთისგან, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ ღამე წავიდა და დღე დადგა.
მესამემ თქვა:
- როცა შეძლებ, რომ გაარჩიო, შავკანიანი რომელია და თეთრკანიანი რომელი, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ ღამე წავიდა და დღე დადგა.
მეოთხემა თქვა:
- როცა შეძლებ, რომ გაარჩიო, შენი ორიანტაციისა რომელია და რომელი არა, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ ღამე წავიდა და დღე დადგა.
მასწავლებელმა თავი გაიქნია და თქვა:
- ღამე მაშინ მთავრდება და დღე მაშინ იწყება, როცა შენ თვალებში ჩახედავ უცხო ადამიანს და მასში შენს დასა და ძმას დაინახავ.
მერე მან გადახედა თავის მოწაფეებს და დასძინა:
- მანამდე კი ჩათვალეთ, რომ ღამეა.
ეს სამყარო, სადაც ჩვენა ვცხოვრობთ, ვადაგაუსვლელ ღამედ გვექცა.
არ იქნა, არ გათენდა…
შობის საზრისიც ის არის, რომ შეგვაძლებინოს, რომ თვალებში ჩავხედოთ უცხოს და მასში ჩვენი დედმამიშვილი დავინახოთ.
საქართველოში არ გვესწავლება ღამის გამოცდილების ამბავი. თუ წარსულიდან, თუ აწმყოდან. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ღამეში დგომა, ღამეში გაძლება და ჯიუტად შენარჩუნება მომავლის იმედისა.
უკვე ასობით ღამეებია, რაც ჩვენი თანამემამულეები ცარიელი ხელებითა და სავსე გულებით დგანან და ითხოვენ არა ძალაუფლებას, არამედ სამართლიანობას, არა მშვიდობის დარღვევას, არამედ ნამდვილი მშვიდობის დამყარებას, ითხოვენ არა მონურ მორჩილებას, არამედ თავისუფლების გამარჯვებას, ითხოვენ არა უღირსობას, არამედ ღირსების დაცვას, ითხოვენ არა სიძულვილს, არამედ სიყვარულს.
ყველა ამ ადამიანს შობა პასუხსა სცემს არა წივილ-კივილითა და აურზაურით, არამედ დინჯად, სულგრძელად. ის პასუხს იძლევა დაპირებით: „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი!“
ერთხელ ბუდასა ჰკითხა თავისმა მოწაფემ:
- როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ აუტანლად მძიმე და უსამართლო წუთისოფელშიო?
ბუდამ მაშინვე არ გასცა პასუხი. სანთელი აანთო და მოწაფეს უთხრა:
- ეს სანთელი რომ ვინმეს გადაუნთო, ამ სანთელს რამე დააკლდება?
- არაფერიც არ დააკლდება, – მაშინვე მიუგო მოწაფემ.
- ჰოდა, სინათლის ამბავი ეს არის, სანთელს არაფერი აკლდება სინათლის გადაზიარებისას. პირიქით, სინათლე მრავლდება და ძლიერდება, – უთხრა მას ბუდამ.
შობაც ამას გვასწავლის, სინათლეს გაზიარებისას არაფერი აკლდება. სინათლის გადაზიარებისას სასოება მრავლდება და ძლიერდება. ამის საკეთებლად გვაქეზებს შობა.
ერთი შოტლანდიელი მწერალი, რობერტ ლუის სტივენსონი იხსენებს, ბავშვობაში როგორ იჯდა ფანჯარასთან და უყურებდა, როგორ ჩამოიარა „ლამპიონის კაცმა“ და დაიწყო ქუჩაში ლამპიონების ანთება ერთიმეორის მიყოლებით. თითო ჯერზე კაცი თითო პატარა ლამპარს ანთებდა და ნელ-ნელა ქუჩაში სინათლე მატულობდა.
დედამისმა ჰკითხა მას, თუ რას უყურებდა ის ქუჩაში ასე გაფაციცებით.
ბავშვმა უპასუხა:
- მე იმას ვუყურებ, თუ ამ ღამეში ერთი კაცი სიბნელეს ნახვრეტებს როგორ უკეთებს.
სინათლის თავისებურებაც ის არის, ის ერთბაშად არ ავიწროებს სიბნელეს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ, დინჯად ათავისუფლებს სიბნელის მიერ დაკავებულ ალაგებს და ასე ენაცვლება სიბნელეს. ჯერ ერთი ლამპიონის ანთებით, მერე- მეორეთი, მერე- მესამეთი და ასე შემდეგ. გულიდან – გულში, ოჯახიდან -ოჯახში, უბნიდან – უბანში, ქალაქიდან – ქალაქში…
შობის ღამე ამას გვასწავლის: სინათლეს ნებართვა არ სჭირდება, რომ გაანათოს. სიმართლე არ იკარგება, როცა მას ზღუდავენ. სიყვარული გზას მიიკვლევს მაშინაც კი, როცა მას ეწინააღმდეგებიან და მის განადგურებას ლამობენ.
შეიძლება ეს ნამეტანი პოეტურად არ ჟღერდეს, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია, რომ სიბნელეში ხვრელები გავაკეთოთ. სიბნელეს წავართვათ ჩვენი გულები, ჩვენი აზროვნება, ჩვენი გარემო, ოჯახი, სამშობლო. საამისოდ საკმარისია, ადამიანმა თავის ადამიანობაზე უარი არ თქვას და წყალს არ გაატანოს თავისი ღირესბა.
შობისა არ იყოს, სინათლის სათავე შეიძლება ძალიან მოკრძალებული იყოს. მაგრამ მას უნარი შესწევს, რომ ყველაფერს გაუძლოს, ყველაფერი დათმინოს, გავრცელდეს და მოეფინოს მთელ სამყაროს.
მოდით, ამ შობა ღამეს ავირჩიოთ სინათლე.
მოდით, მას თავშესაფარი მივცეთ ჩვენს გულებში.
მოდით, ეს სინათლე ერთმანეთს გავუზიაროთ.
მოდით, გულით ვატაროთ ეს სინათლე, მაშინაც კი, როცა ირგვლივ კუნაპეტი სიბნელეა:
როცა მშვიდობის არქონას – მშვიდობა ჰქვია.
როცა უსამართლობას – სამართლი ჰქვია,
როცა ბოროტებას – სიკეთე ჰქვია,
როცა ხელმოკლეობას – შეძლებულობა ჰქვია,
როცა ერთგულებას – ღალატი ჰქვია,
როცა სილაჩრეს – გმირობა ჰქვია,
როცა მამაძაღლობას – სიბრძნე ჰქვია,
როცა უყვარულობას – სიყვარული ჰქვია.
როცა მეგობრობას – მტრობა ჰქვია და მტრობას – მეგობრობა…
ჰოდა, სანამ ასეთ ღამეში ვცხოვრობთ, გვახსოვდეს, ჩვენ ვირჩევთ სინათლეს, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს. „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.“
მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი მიტროპოლიტი







