აივ დადებით პირთა სათემო ასოციაცია “ბროწეული” მესამედ უერთდება “აივ დადებით პირთა გლობალური ქსელის” ორგანიზებულ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო კამპანიას.
აივ ინფიცირებულთა თემმა ამ დღის აღნიშვნა 1983 წლიდან დაიწყო, ყოველწლიურად მსოფლიოში ათასობით ღონისძიება იმართება სათემო ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმა დისკრიმინაციასთან ბრძოლას. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე არის დრო, როდესაც იხსენებენ ადამიანებს ვისი სიცოცხლეც შიდსის ეპიდემიამ იმსხვერპლა.
ასოციაცია “ბროწეულის” ცნობით, საქართველოში შიდსით 1 674 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ ყოველი მეხუთე ვისაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი ქვეყანაში 9 400 ადამიანის შეადგენს, მათმა 42%-მა ჯერ კიდევ არ იცის თავისი აივ სტატუსი. გამოვლენილი 5 480 ადამიანია (58%), არვ (ანტი რეტრო ვირუსული) მკურნალობაზე 4 597 (84%) იმყოფება, ვირუსული სუპრესია (არაგანსაზღვრადი ვირუსი) 4 070 (89%) აივ დადებით ადამიანს აქვს მიღწეული უფასო ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღებით. არაგანსაზღვრადი ვირუსი არაგადამდებია. მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე დაყავს.
“საქართველოში შიდსის მკურნალობის სერვისები ცენტრალიზებულია, კერძო მფლობელობაში არსებული კლინიკების მიერ. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გაცემა მხოლოდ საქართველოში არსებულ 4 ინფექციურ საავადმყოფოს მიერ ხდება. რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. აივ დადებით თემს ეზღუდება არჩევანის შესაძლებლობა”, – აცხადებს ასოციაცია “ბროწეული”.
2020 წლის კამპანიის გლობალური გზავნილია: “არავინ დატოვო ჯანმრთელობის სერვისების მიღმა”.
მსოფლიოში 38 მილიონი აივ ინფიცირებული ცხოვრობს. როგორც “ბროწეული” აცხადებს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე ემსახურება მნიშვნელოვან ინტერვენციას, გლობალური სოლიდარობას, სტიგმა დისკრიმინაციით გამპირობებული ბარიერების მსხვრევას და აძლევს იმედს მომავალ თაობას.
ასოციაცია “ბროწეული” COVID-19 პანდემიისას “შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს” შიდსის პანდემიის მსხვერპლთა მოსაგონრად და აივ დადებით პირთა სოლიდარობისთვის 11-18 მაისს ვირუსული ონლაინ კამპანიით “სიჩუმე=სიკვდილს” ეხმიანება.