ახალი ამბები

საქართველოს თავმჯდომარეობა ევროსაბჭოში სრულდება – 6 თვის შედეგები

15 მაისი, 2020 • 1296
საქართველოს თავმჯდომარეობა ევროსაბჭოში სრულდება – 6 თვის შედეგები

საქართველოს 6-თვიანი თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოში დასრულდა.

დღეს, 5 მაისს, სტრასბურგში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომლის ფარგლებშიც საქართველო თავმჯდომარეობას ოფიციალურად საბერძნეთს გადააბარებს. 

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი, ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი, ანდერს კნაპე და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ელჩები. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი თავის გამოსვლაში გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებს და შედეგებს შეაჯამებს. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა და თავმჯდომარეობის უპირველეს პრიორიტეტად ადამიანის უფლებები შეარჩია. საქართველოს მთავრობის წევრებმა მაშინ ეს ფაქტი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების აღიარებად წარმოაჩინეს, მაშინ როდესაც თავმჯდომარეობა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებზე ანბანის მიხედვით გარდამავალია. “ქართულმა ოცნებამ” ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა რამდენიმე პარტიული ღონისძიებით აღნიშნა, რომლებზეც მოქალაქეები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს. სახალხო დამცველის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, ასევე, ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

მანამდე, 2 დეკემბერს თბილისში “ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ კონცერტი გამართა, რომელზე დასასწრებადაც სტუდენტები რეგიონებიდან ჩამოიყვანა. კონცერტის პარალელურად, “ოცნების“ ოფისთან მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში“ აქციას მართავდა. აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის არაერთხელ მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. 

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში დისკუსიის საგანი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტი თბილისში. მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, უნდა უნდა ემასპინძლა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრისთვის. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. საქართველო იდგა დილემის წინაშე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეხვედრაში მონაწილეობას მინისტრის დონეზე გადაწყვეტდა, ვინაიდან სერგეი ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გადატანის თაობაზე. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, 15 მაისს სტრასბურგში დაგეგმილი მინისტერიალი 4 ნოემბერს ათენში, უკვე საბერძნეთის თავმჯდომარეობის ქვეშ გაიმართება.  

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის 2- თვიანი პერიოდი სწორედCOVID-19-ის პანდემიას დაემთხვა, რომელზეც მიიღეს მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების შეფასებით, შექმნილი უპრეცედენტო ვითარება ორგანიზაციის მუშაობისთვის ურთულეს გამოწვევას წარმოადგენდა, მოითხოვდა რა ახალი სამუშაო მეთოდების შემუშავებას, როგორიცაა წერილობითი პროცედურა და ვიდეოკონფერენციები.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს თავმჯდომარეობის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შემდგომი ხელშეწყობისა და კიდევ უფრო გაძლიერებისათვის თავმჯდომარეობის შემდეგი პრიორიტეტები შეარჩია:

  1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
  2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
  4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობით.

უწყების ინფორმაციით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი თავმჯდომარეობის პრიორიტეტად აღიარა და ხელი შეუწყო ამ საკითხის განხილვას ევროპის საბჭოს ფორმატში.  შესაბამისად, მიღებულია საქართველოს თავმჯდომარეობის და მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების – საბერძნეთისა  და გერმანიის- ერთობლივი დეკლარაცია ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის საკითხზე, რომელიც შეასრულებს საბაზისო დოკუმენტის როლს.

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: მაღალი დონის კონფერენცია გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებზე; საერთაშორისო კონფერენცია  „სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ და მაღალი დონის მრგვალი მაგიდა: „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება“.

“ზემოხსენებული ღონისძიების შედეგად საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტები, სადაც ჩამოყალიბდა რეკომენდაციები აღნიშნული მიმართულებების კონტექსტში ევროპის საბჭოს სამომავლო საქმიანობის თაობაზე. მიღებულმა დოკუმენტებმა დიდი მხარდაჭერა ჰპოვა ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული ფაქტი შესაძლებელია ჩაითვალოს საქართველოს თავმჯდომარეობის მემკვიდრეობად”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგიის ოფიციალური პრეზენტაცია.

კომიტეტის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წევრი სახელმწიფოების მიერ წესდებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საპასუხოდ მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი პროცედურის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა. განხილვებისა და კონსულტაციების შედეგად, ხსენებული გადაწყვეტილების დამტკიცდა.

დავით ზალკალიანმა, თავმჯდომარის რანგში, გააკეთა სხვადასხვა განცხადებები, კერძოდ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 70 წლის იუბილესთან (აღნიშნული განცხადება გაკეთდა გენერალურ მდივანთან, საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან ერთად), ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიის მე-6 წლისთავთან, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან, ევროპის დღესთან და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

თემატური ღონისძიებების გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმოხილვაში მოხვდა საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის სტრასბურგში გამართული კულტურული ღონისძიებები. კერძოდ: სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე განთავსდა ქართული კოტეჯი; სტრასბურგის ერთ-ერთ ტრამვაიზე 6 თვის განმავლობაში განთავსდა ქართული ანბანი; გაიმართა ანსამბლ „სუხიშვილებისა“ და გვანცა გაგნიძის კონცერტები, ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება და ქართული ფილმების კვირეული Odysee-ში.  

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ქვეყანა გახდა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი. 

ეს იყო საქართველოს პირველი თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოში მას შემდეგ, რაც 1999 წელს ორგანიზაციის წევრი გახდა.

რიგითობა თუ რეფორმების აღიარება – რატომ ხდება საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე?

პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი