ახალი ამბები

პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში

28 იანვარი, 2020 • 2891
პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის PACE-ში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსმა სენატორმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა დაუსვა კითხვა.

კალაშნიკოვის თქმით, „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა“, თუმცა, ზურაბიშვილმა, როგორც „სტუმართმოყვარე პრეზიდენტმა, არ დაგმო რუსული დელეგაციის ცემის ფაქტი“. კალაშნიკოვის თქმით, „საქართველო საფრთხის შემცველი გახდა – არა მარტო პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებისთვის, ებრაელებისთვის, სხვა ეროვნული უმცირესობების და ქალებისთვის, არამედ პარლამენტარებისთვისაც“.

„საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების მასპინძლობაში. მინისტრთა კომიტეტის სესია თქვენს ქვეყანაში ჩატარდება და თქვენ აგრეთვე მიიღეთ მართლმადიდებლური მისიები. თუმცა თქვენ, როგორც სტუმართმოყვარე პრეზიდენტმა, არ დაგმეთ ჩვენი დელეგაციის ცემის ფაქტი. თქვენი ქვეყანა საფრთხის შემცველი გახდა – არა მარტო პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებისთვის, ებრაელებისთვის, სხვა ეროვნული უმცირესობების და ქალებისთვის, არამედ პარლამენტარებისთვის. როგორია თქვენი პასუხი ამაზე?“, – იკითხა კალაშნიკოვმა.

ზურაბიშვილმა კალაშნიკოვის კითხვას „საინტერესო“ უწოდა და განაცხადა, რომ „საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას [ს.ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას გულისხმობს] მაისში მიიღებს”.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო აპირებს, ეს გააკეთოს საკუთარი კანონმდებლობის გვერდის ავლით, “რომლის თანახმადაც, ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტეროტირიაზე ჩვენი ავტორიზაციის გარეშე იყვნენ, აღარ შეუძლიაათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. ასე, რუსეთის დელეგაციის ბევრი წევრი [საქართველოში] ვერ შემოვიდოდა.“

თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, „რადგანაც ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ მოსწონს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ახლახან დეკლარირებული პოლიტიკა, რადგანაც ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავის ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, ვაპირებთ პატივი ვცეთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, რადგანაც ჩვენ ვიცავთ საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციებს და ორგანიზაციის პრინციპებისადმი ჩვენს პატივისცემას“.

ზურაბიშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს [გადაწყვეტილება] მარტივი არ იყო: „ეს მარტივი არაა. ამას მოსახლეობა მარტივად არ მიიღებს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგანაც ვიცავთ ვალდებულებებს ჩვენი პრინციპების, გზისა და ამ ორგანზიაციის მიმართ“.

მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და როგორი იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – აფხაზეთში და გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – ცხინვალის რეგიონში. შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის წევრების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ წესის დარღვევით იმყოფებოდნენ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი