ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება

26 თებერვალი, 2020 • 1436
ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა. მისი თქმით, ამის გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული.

“ჩვენ 2019 წლის ნოემბერში, როდესაც გადმოვიბარეთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან,  განვაცხადეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ მინისტერიალი ჩატარებულიყო საქართველოში. ეს იყო ჩვენი გულწრფელი სურვილი, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. დღემდე ჩვენს პარტნიორებთან, ასევე, ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან კონსულტაციების რეჟიმში ყველაფერი გავაკეთეთ, რათა განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის, რეპუტაცია, გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების და მისი მოვალობების გათვალისიწნებით და, ამავე დროს, არ დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა. ჩვენ გვევალებოდა, რომ უზრუნველგვეყო ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ამიტომ მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ვიყავით, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოს მხრიდან “სრული გაგებაა” მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებაზე. მინისტრის თქმით, არსებობს 4-5 პრეცედენტი, როდესაც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნებმა მინისტერიალი სტრასბურგში ჩაატარეს.

“მე ძალიან გული მწყდება, მართლაც ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრს და თავმჯდომარეს, გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა. მაგრამ ეს არის მოცემულობა. ჩვენ ვიმოქმედეთ სრულ შესაბამისობაში ორგანიზაციის წესდებასთან მიმართებაში და ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, რადგანაც არ უნდა მიეცეს არცერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ესკალაცია, ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს სერიოზული ყოველდღიური გამოწვევები, ამიტომ მსგავსი სახის მოვლენების განვითარება ყოვლად მიუღებელი იქნება”, – განაცხადა ზალკალიანმა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული საზოგადოება აღნიშნულს გაგებით მოეკიდება.

კითხვაზე, დესტაბილიზაციის საფრთხეში გულისხმობს თუ არა ოპოზიციას, ზალკალიანი ამბობს, რომ მხოლოდ შიდა ძალებზე არაა საუბარი, არამედ გარე ძალებზეც და როცა მსგავსი პოლარიზაციაა ქვეყანაში, ნებისმიერს შეუძლია, მსგავსი საკითხი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, დააანონსა, რომ მიმდინარე წლის 14-15 მაისს თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმასპინძლებს. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში.

შესაბამისად, საქართველოს, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სწვეოდა, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, შიდა კანონმდებლობის გვერდის ავლით და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ზოგიერთ წევრს, შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის 6-თვიან ვადაში თბილისში ჰქონდა დაგეგმილი. საგარეო უწყება გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გრაფიკის შედგენისას საფრთხეები არ გაითვალისწინა. ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელის, დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საქართველომ სწორედ რუსეთის დელეგაციებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით უარი თქვა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩასატარებელი სხვა ღონისძიებების თბილისში გამართვაზე და შესაძლებელი ეყო, მინისტერიალიც აეცილებინა თავიდან.

ამ თემაზე წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია:

პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი