სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქე დენის კულანინი, მესამე ქვეყანაში გაძევებამდე, მიგრაციის დეპარტამენტში დარჩება.
ამის შესახებ ნეტგაზეთს დენის კულანინის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს, 30 აგვისტოს, გამართული სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გასაფრენი თვითმფრინავის ბილეთი წარადგინეს. ადვოკატის თქმით, ის ქვეყანას უახლოეს დღეებში დატოვებს.
„მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა იყო, რომ გაძევების პროცესის დაწყებამდე, დენის კულანინი დარჩენილიყო ისევ მიგრაციის დეპარტამენტში. სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ჩვენ წარვადგინეთ ბილეთები და როდესაც არის ბილეთში მითითებული ფრენის დრო, იმ პერიოდამდე, რამდენიმე დღე დარჩება მიგრაციის დეპარტამენტში“, – განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.
მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსების შემდეგ დენის კულანინმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, მან შიმშილობა შეწყვიტა.
დენის კულანინი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა. თუმცა, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ის არ გათავისუფლებულა და ციხიდან მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, კულანინის რუსეთში დეპორტაცია დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ვინაიდან მას წერილი აქვს გავრცელებული ციხიდან, სადაც უკრაინას დიდებას და მშვიდობას უსურვებს. რუსეთში კი ომზე თითქმის ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება შეუძლიათ ისე, რომ ადამიანის ბრალი წაუყენონ.
თუმცა კულანინს უფლება ჰქონდა, საქართველოდან არა რუსეთში, არამედ მესამე ქვეყანაში წასვლა აერჩია და სწორედ ასე მოიქცა.
