ახალი ამბები

EMC: ხელისუფლება თავს არიდებს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას

12 მაისი, 2020 • 1085
EMC: ხელისუფლება თავს არიდებს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციიდან გასულ ორ წელს აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე მუშაობის საჯარო დაპირებისა, პროცესი ორი წელია გაყინულია.

EMC-ის განცხადებით, ხელისუფლებამ მისი დანაპირები არ შეასრულა და ამ დრომდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებზე მსჯელობის ორწლიანი შეჩერების ფონზე, დღემდე უპასუხოდ რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურ და უსამართლო სასჯელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ელოდებიან:

“არაპროპორციული სასჯელებით თავისუფლებააღკვეთილ პირთა გარდა, მძიმეა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ იმ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაც, რომელთაც წლობით ჩამორთმეული სამოქალაქო უფლებები დასაქმების, მინიმალური საარსებო შემოსავლისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე ტოვებს” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC-ის თქმით, მოქმედი არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის შედეგად, მხოლოდ 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4591 პირის მიმართ; გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 3127 პირის მიმართ, მსჯავრდებულებს ავტომატურად ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები; 600 ადამიანი სასჯელს იხდის საპატიმროში; 258 მსჯავრდებულს პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; პირობითი მსჯავრის ქვეშ კი იმყოფება 5000-მდე ადამიანი, რომელთაც შეზღუდული აქვთ დასაქმების, ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა სამოქალაქო უფლებები:

“12 მაისის მოვლენები, ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებაში ჩართულ სამართალდამცავთა და აქციაზე დაკავებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მასშტაბური ოპერაცია იყო ბოლო წლების განმავლობაში, რასაც მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევის გამო საზოგადოების დიდი მღელვარება და რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქის ორდღიანი აქცია მოჰყვა. პროტესტის მთავარ მოთხოვნას მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, ასევე, საპოლიციო სისტემისა და ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის გატარება წარმოადგენდა.

სწორედ ამ საზოგადოებრივი პროტესტის საპასუხოდ გასცა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის უმოკლეს ვადებში გადაწყვეტის დაპირება. სამწუხაროდ, 2018 წლის 12 მაისის მოვლენების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ხელისუფლებას არცერთი სამუშაო ფორმატი ამ საკითხის რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტისთვის არ გამოუყენებია”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” აცხადებს, რომ ხელისუფლება თავს არიდებს სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და დღემდე უცნობია მისი დამოკიდებულება ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად განაახლოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანური, ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას;

ამავდროულად, EMC-ში მიიჩნევენ, რომ ვინაიდან საპატიმროებში ამ დრომდე რჩებიან მსჯავრდებულები, რომლებიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის მრავალწლიან სასჯელებს იხდიან, ხელისუფლებამ მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს შეწყალების და ამნისტიის მექანიზმები, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის უსამართლო სანქციებით მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული.

2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ღამის კლუბებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია დაიწყო. ღამის კლუბების ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციელისა და შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლამ სტუმრებით ხალხმრავალ სივრცეში, ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდა გააჩინა”.

სამართალდამცავების განმარტებით, 12 მაისის საპოლიციო ღონისძიება 8 პირის დაკავებას უკავშირდებოდა, რომლებიც კლუბების მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე აიყვანეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა მიმართ გამოძიება აღნიშნულ სპეცოპერაციას რამდენიმე თვით უსწრებდა წინ და მათ წინააღმდეგ შეკრებილი მტკიცებულებები 12 მაისამდე გაცილებით ადრე იყო მოპოვებული. EMC მიიჩნევს, რომ ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა ღამის კლუბებში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიების დაწყების პარალელურად, კლუბებთან მოქალაქეები საპოლიციო მოქმედებების გაპროტესტებისა და კლუბებისთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით სპონტანურად შეიკრიბნენ, რომელთა  წინააღმდეგ პოლიციამ ფიზიკური ძალა გამოიყენა და ტერიტორია დაატოვებინა, რა დროსაც სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 40-მდე აქტივისტი პროტესტის შესუსტების მიზნით დააკავა.

EMC აღნიშნავს, რომ რომ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ნარკოპოლიტიკის რეფორმის თაობაზე შემუშავებული კანონპროექტის და მისი მხარდამჭერი ჯგუფების, მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მადისკრედიტირებელი ინფორმაციების აქტიური გავრცელება. უშუალოდ 12 მაისის თანმდევი პროტესტის დროს კი ადგილი ჰქონდა ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მობილიზებასა და მათ ინსტრუმენტალიზებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი