ახალი ამბები

ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან – პასუხი ყველა კითხვაზე

11 მაისი, 2020 • 5410
ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან – პასუხი ყველა კითხვაზე

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით, მთავრობამ მოსახლეობისთვის სხვადასხვა ჯგუფისთვის დახმარების პაკეტები შეიმუშავა.

საქართველოს სახალხო დამცველმა თავი მოუყარა მოქალაქეთა კითხვებს მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპენსაციების მიღების შესახებ და გამარტივებული სახით მათ პასუხი გასცა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული დახმარებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები,  მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე პირები.

თუ თქვენ იყავით თვითდასაქმებული, რა შემთხვევაში მიიღებთ ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას

1. რამდენია დახმარება თვითდასაქმებულებისათვის?

თვითდასაქმებულებს მიეცემათ ერთჯერადი 300- ლარიანი დახმარება.

2. რა შემთხვევაში ჩავითვლები თვითდასაქმებულად

თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული ფიზიკური პირი შემოსავლების სამსახურში, ან არ ხართ რეგისტრირებულ და 2020 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-თებერვალი- მარტი) ეწეოდით ეკონომიკურ საქმიანობას ან/და გქონდათ შემოსავალი, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით – მიიჩნევით თვითდასაქმებულად.

3. ვინ მიიჩნევა შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირად და რა შემთხვევაში ეძლევა მას კომპენსაცია?

ასეთ პირებად მიიჩნევიან ინდივიდუალურ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირები, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

4. რას ნიშნავს ეკონომიკური აქტივობა

ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა, რაც შემოსავლის მიღებისათვის ხორციელდება, არის ეკონომიკური საქმიანობა. ასეთად ჩაითვლება პირის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება, საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი ან/და ბიუჯეტში გადასახადის/სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა.

5. თუ ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული, ვის მივმართო კომპენსაციის მისაღებად.

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში თქვენ პირველ ეტაპზე უნდა დაელოდოთ შეტყობინებას სპეციალურ სიაში მოხვედრის შესახებ, რომელსაც მიიღებთ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

6. როდის შევძლებ 300-ლარიანი კომპენსაციის აღებას?

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

7. თუ არ ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული ფიზიკური პირი, როგორ მივიღებ 300- ლარიან კომპენსაციას?

კომპენსაცია მოგეცემათ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებთ საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) იმის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდით რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას ან/და გქონდათ შემოსავალი.

8. როგორ უნდა მოვიქცე და რომელ უწყებას მივმართო შემოსავლების სამსახურში არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა პირმა, რომ მივიღო 300-ლარიანი კომპენსაცია?

თუ არ ხართ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებად, ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც 2020 წლის 15 მაისიდან დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი. არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც 2020 წლის 15 მაისიდან დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი და წარადგინოთ:

ა) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს შესახებ და
ბ) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა).

9. არარეგისტრირებული თვითდასაქმებული როდის მივიღებ 300-ლარიანი კომპენსაციას?

როდესაც ატვირთავთ განცხადებას კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, მას ატვირთვიდან მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას. კომპენსაცია გაიცემა უწყებათაშორისი კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

10. ვიყავი დასაქმებული, 2020 წლის პირველ კვარტალში მერიცხებოდა ხელფასი, თუმცა გამათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო როგორც ყოველთვიური 200-ლარიანი, ისე თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300-ლარიანი კომპენსაცია?

ორივე კომპენსაციას ერთდროულად ვერ მიიღებთ და ასეთ შემთხვევაში თქვენ გექნებათ 200- ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება.

11. ვარ დასაქმებული და ახლაც მერიცხება ხელფასი, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო აღნიშნული კომპენსაცია?

ამ შემთხვევაში 300 ლარიან0-კომპენსაციას ვერ მიიღებთ.

[yellow_box]თუ თქვენ მუშაობდით, გქონდათ შრომის ხელშეკრულება და დაკარგეთ სამსახური, გაიგეთ რა შემთხვევაში მიიღებთ თვეში 200- ლარიან კომპენსაციას [/yellow_box]

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვთ იმ პირებს, რომლებზეც 2020 წლის 1 კვარტალში ფიქსირდება ხელფასის გაცემა: საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი, ან ასეთი საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან.

ასეთ უწყებებს მიეკუთვნება მაგალითად: სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები  (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და სხვა.

დადგენილი გამონაკლისების გარდა ყველა სხვა ტიპის საწარმოში დასაქმებული ისარგებლებს კომპენსაციის მიღების უფლებით, თუ დაკმაყოფილდება შესაბამისი პირობები.

1. თუ მე ვიყავი დასაქმებული, რა შემთხვევაში მივიღებ კომპენსაციას და რა ოდენობით?

თუ თქვენ მუშაობდით 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და იღებდით ხელფასს (რაზეც თქვენს დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია) და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეგიწყდათ ან შეგიჩერდათ შრომითი ურთიერთობა და აღარ იღებთ ხელფასს, გაქვთ უფლება, მიიღოთ კომპენსაცია თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.

2. თუ მარტის თვის ხელფასი აპრილში ავიღე, თუმცა რეალურად აპრილიდან აღარ ვმუშაობ, მაქვს თუ არა უფლება ავიღო კომპენსაცია 200 ლარი აპრილის თვისთვის?

ვინაიდან ხელფასი აიღეთ აპრილში და აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურს ეცნობა აპრილის თვეში, თქვენ კომპენსაციის მიღების უფლება გექნებათ მხოლოდ მაისიდან.

3. როგორ უნდა მოვიქცე და რომელ უწყებას მივმართო, რომ მომცენ თვეში 200-ლარიანი კომპენსაცია?

თქვენ არ უნდა მიმართოთ არცერთ უწყებას, თქვენმა კომპანიამ, სადაც მუშაობდით და საიდანაც გაგათავისუფლეს ან დროებით ხართ უხელფასო შვებულებაში, არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვისა ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურში სპეციალური ფორმით უნდა წარადგინოს იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში – იანვარი, თებერვალი, მარტი, ერთხელ მაინც და აღარ გაუცია ხელფასი წინა თვეში.

4. რას აკეთებს შემოსავლების სამსახური მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი წარუდგენს ინფორმაციას?

შემოსავლების სამსახური დაამუშავებს ამ მონაცემებს და შესაბამის პირთა სიას, ვისაც უფლება აქვს მიიღოს 200 ლარი, წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20 რიცხვისა.

5. როდის და სად ავიღებ 200 ლარს?

კომპენსაციას დასაქმების სააგენტო ჩაგირიცხავთ საბანკო ანგარიშზე, არაუგვიანეს იმ თვის მომდევნო თვის 30 რიცხვისა, როცა ვერ მიიღეთ ხელფასი. მაგალითად, თუ პირმა ვერ მიიღო მაისის ხელფასი, შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს 30 ივნისისა.

6. რა შემთხვევაში შეიძლება შემიწყდეს 200-ლარიანი კომპენსაცია დანიშვნიდან 6 თვის გასვლამდე პერიოდში?

კომპენსაცია შეგიწყდებათ თუ:

ა) თქვენ კვლავ დაიწყებთ მუშაობას და 2020 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება ამის შესახებ ინფორმაცია;
ბ) განცხადებით მოითხოვთ კომპენსაციის შეწყვეტას;
გ) ხართ საქართველოს მოქალაქე და გახვალთ საქართველოს მოქალაქეობიდან ან დაკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას;
დ) კომპენსაციის მიმღები პირი გარდაიცვალა.

7. ვიყავი დასაქმებული, 2020 წლის პირველ კვარტალში მერიცხებოდა ხელფასი, თუმცა გამათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო როგორც ყოველთვიური 200-ლარიანი, ისე თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300-ლარიანი კომპენსაცია?

ორივე კომპენსაციას ერთდროულად ვერ მიიღებთ და ასეთ შემთხვევაში თქვენ გექნებათ 200- ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება.

[blue_box]რა შემთხვევაში და რა ოდენობით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები კომპენსაციას[/blue_box]

1. ჩვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 000 დან 100 001-მდე, გვეკუთვნის თუ არა რამე დახმარება?

თუ თქვენს ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ აქვს დაფიქსირებული 65 000-დან 100 001 ქულამდე, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში ოჯახის თითოეულ წევრზე მიიღებთ 35 ლარს. გამონაკლისია ერთი და ორი წევრისგან შემდგარი ოჯახები. კერძოდ, ერთწევრიან ოჯახზე კომპენსაცია გაიცემა 70 ლარის ოდენობით, ხოლო ორწევრიანზე – 90 ლარის ოდენობით.

2. ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, გვაქვს 100 001-მდე სარეიტინგო ქულა და გვყავს სამი 16 წლამდე ასაკის შვილი, გვეკუთვნის თუ არა რაიმე დახმარება?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი, მიეცემათ კომპენსაცია თვეში 100 ლარის ოდენობით 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

3. ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაქვს თუ არა კომპენსაციის მიღების უფლება?

თუ თქვენ ხართ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში მოგეცემათ 100- ლარიანი დახმარება ყოველთვიურად .

4. ვის უნდა მივმართო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის/შშმ პირებისთვის გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის მიზნით და როდის?

თუკი უკვე ხართ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ან/და უკვე მოპოვებული გაქვთ შესაბამისი შშმ პირის სტატუსი, თქვენ არ გევალებათ სადმე განცხადების შეტანა. სოციალური მომსახურების სააგენტო თავად უზრუნველყოფს კომპენსაციის მიმღები ოჯახების/პირების იდენტიფიცირებას და კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ან/და საარსებო შემწეობასთან ერთად.

5. თუ 2020 წლის 1 მაისის შემდეგ (15 მაისს) მოხდა ჩემი ოჯახისთვის 66 000 ქულის მინიჭება, დამენიშნება თუ არა ყოველთვიური 100-ლარიანი კომპენსაცია?

ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნული კომპენსაცია დაგენიშნებათ სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვიდან (მოცემული შემთხვევაში – ივნისიდან), ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში (ოქტომბრის თვის ჩათვლით).

6. 2020 წლის 1 მაისის შემდეგ (1 ივლისს) დამიდგინდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დამენიშნება თუ არა ყოველთვიური 100-ლარიანი კომპენსაცია?

1 მაისის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

7. ჩვენი ოჯახი შედგება 5 წევრისგან, საიდანაც 3 არის 16 წლამდე ასაკის ბავშვი, ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 67 000 და ოჯახის სრულწლოვან ერთ წევრს აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მაქვს თუ არა აღნიშნულისთვის გათვალისწინებული სამივე კომპენსაციის ერთდროულად მიღების უფლება?

შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სამივე საფუძვლით (სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და შშმ პირებისთვის) გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღება შეზღუდული არ არის. ასეთ შემთხვევაში უფლება გაქვთ, 2020 წლის მაისიდან ყოველთვიურად მიიღოთ 100-ლარიანი კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში (3 არასრულწლოვანის შვილის და 100 000 ქულამდე ქონის საფუძვლით) + კომპენსაცია თითოეულ ოჯახის წევრზე ყოველთვიურად 35 ლარის ოდენობით (ჯამში, 175 ლარი) 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში + მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს პარალელურად მიიღოს ყოველთვიურად 100-ლარიანი კომპენსაცია 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

8. ჩვენი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ვიღებთ საარსებო შემწეობას. კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი იქონიებს თუ არა გავლენას ოჯახის სარეიტინგო ქულაზე?

არ იქონიებს, რადგან ზემოაღნიშნული საფუძვლებით კომპენსაციების დანიშვნის შემთხვევაში, მიღებული თანხები არ გაითვალისწინება სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

9. 1 მაისიდან დამენიშნა კომპენსაცია, რადგან ჩვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 100 000-ზე ნაკლები და გვყავდა სამი არასრულწლოვანი შვილი (16 წლის და ქვემოთ). ერთი ბავშვი ივლისში ხდება 17 წლის. ამის გამო შეგვიწყდება თუ არა დანიშნული 100-ლარიანი კომპენსაციის გაცემა?

არა, რადგან მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დანიშნული კომპენსაცია ოჯახებს უნარჩუნდებათ მთელი ვადით და კომპენსაციის მიღების შემდგომ პერიოდში ოჯახში 0-16 წლის ბავშვთა რაოდენობის ცვლილება არ იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას/შეჩერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი