პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კი სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ სამართლებრივი გადაწყვეტილებები ვერ გადაიხედება და 8 მარტის შემთხმება ამას არ ითვალისწინებს.
“საარჩევნოს სისტემის შეთანხმების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხს, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ინსტიტუტებს ვცემ. ვთვლი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების სასამართლო პროცესები, რომლებიც დასრულებულია, ანუ ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს. ამის შემდგომ ვიღაცა ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პრიცესზე ზემოქმედების საგანი. ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია”,-ამბობს გახარია.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს, 11 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებით ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლების პირობა არ დაუდია და ელჩებს მოუწოდა, ამ საკითხს “ნათელი მოჰფინონ”. თალაკვაძის თქმით, “საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა”.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუცო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
“შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე მხარს არ დავუჭერთ. შეთანხმება ითვალისწინებს როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ასევე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.