ჭავჭავაძის გამზირის გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. ხიზანიშვილის ქუჩაზე შესაბამისი ახალი საგზაო ნიშების მონტაჟი უკვე დაწყებულია.
წილოსანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დროის შემცირების მიზნით მიიღეს და ამგვარად 30 პროცენტით შემცირდება ოპერაციული და კაპიტალური ხარჯები, რომელიც დაყოვნების იმავე დროის მისაღებად მერიას უდნა გაეღო:
“ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ ჭავჭავაძეზე, ვეკუაზე და ხიზანიშვილზე, სადაც განხორციელდა ინფრასტრუქტურული ჩარევები. ეს განპირობებულია იმით, რომ გვერდიდან შემოსულმა მანქანებმა არ შეაყოვნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აღნიშნული იწვევს დაახლოებით 30- პროცენტიან შეყოვნებას და ჩვენ თუ გვინდა დავაჩქაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო, ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ ეს შეფერხებები.
მაგალითისთვის რომ წარმოვიდგინოთ, თუ გვინდა გვქონდეს 10 -წუთიანი მოლოდინის დრო, შემომავალი ქუჩებიდან შემოსული ნაკადი დაახლოებით 30 პროცენტით აფერხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას”, – ამბობს წილოსანი.
მისი თქმით, ამ გზით დაიზოგება დაახლოებით 200-250 მილიონი ლარი კაპიტალურ ხარჯებში, საოპერაციო ხარკებში კი წელიწადში 10-12 მილიონი ლარის ეკონომიაზეა საუბარი. გარდა ამისა, როგორც წილოსანი აღნიშნავს, ავტობუსის გაჩერებები გლდანში მეტროს მხარეს მოეწყობა და მოსახლეობას აღარ მოუწევს ამ ქუჩების გადაკვეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის:
“ესეც ერთ-ერთი კომფორტია ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთათვის. როდესაც შემოდის ნაკადი და უნდა გადაკვეთოს ავტობუსის ზოლი, ეს აფერხებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და რომ დავთვალეთ, ეს აფერხებს დაახლოებით 30 პროცენტით. შესაბამისად, ამდენით მეტი კაპიტალური ხარჯი უნდა განგვეხორციელებინა იმიტომ, რომ მეტი ავტობუსი დაგვჭირდებოდა, რათა გარკვეული მოლოდინის დრო დავიცვათ და, შესაბამისად, 30 პროცენტით გაგვეზრდებოდა”, – უთხრა წილოსანმა ნეტგაზეთს.
მისივე თქმით, კაპიტალურ ხარჯებში 250 მილიონი ლარის ჩადება და ასევე, საოპერაციო ხარჯებისთვის წელიწადში 10-12 მილიონი ლარის დახარჯვა ნიშნავს, რომ 10-წლიან ჭრილში მერიას დამატებით 400 მილიონი ლარის გაღება მოუწევდა.
“პირობითად ვამბობ, ავტობუსების საექსპლუატაციო ვადა 10 წელია და ჩვენ ამას 10-წლიან ჭრილში ვუყურებთ. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 400 მილიონი ლარის ეკონომიას მოვახდენთ 10- წლიან ჭრილში”, – აღნიშნავს მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ხიზანიშვილის ქუჩაზე 15 გაჩერება მეტროს მხარეს მოეწყობა და მათ შორის მანძილი 500 მეტრი იქნება. შესაბამისად, მოსახლეობას უახლოეს გაჩერებამდე მისასვლელად დაახლოებით 250 მეტრის გავლა მოუწევს. მთლიანად აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია კი, მისი თქმით, ისევე, როგორც ჭავჭავაძის გამზირის, 1 თვეში დასრულდება.
წილოსანი აღნიშნავს, რომ ბევრ ქუჩაზე, სადაც მრავალი შემაერთებელი ქუჩა გამოდის, ჭავჭავაძის მსგავსად, ავტობუსის გაჩერებების შუაში მოწყობა განიხილება. წილოსანის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ქუჩა შესაძლოა მელიქიშვილის გამზირი იყოს. მერიის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ როდესაც ამ ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება, სავარაუდოდ, იქაც გადააწყობენ სატრანსპორტო სქემას:
“ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ტენდერი და 2 მილიონი კვადრატული მეტრი ქუჩების პასპორტიზაცია უნდა მოხდეს. გვაქვს ბევრი ადგილი, სადაც საერთოდ არ არსებობს ტროტუარი, არანაირი საზოგადოებრივი ტრანპოსრტისთვის გამოყოფილი ზოლი, ველობილიკები და ა.შ. ამიტომ, მოხდება ამ ქუჩების ჩვენს პოლიტიკასთან მორგება. ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტულად ვთქვათ, ზუსტად სად იმოძრავებს შუაში, სად განაპირა მხარეს და სად – საპირისპირო მიმართულებით. ეს დამოკიდებულია კონკრეტული ქუჩების შემაერთებელ ქუჩებთან და მათ სატრანსპორტო ნაკადებთან”, – ამბობს წილოსანი.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფრომის ფარგლებში 2.5-ჯერ გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა. რეფორმა წლის ბოლოს უდნა დამთავრებულიყო, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო შეფერხდა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან შეთანხმების საფუძველზე, სავარაუდოდ, 1 წელში დასრულდება.