ახალი ამბები

ოპოზიცია მთავრობის ტურიზმის მხარდამჭერ გეგმას ფრაგმენტულს უწოდებს

7 მაისი, 2020 • 903
ოპოზიცია მთავრობის  ტურიზმის მხარდამჭერ  გეგმას ფრაგმენტულს  უწოდებს

ოპოზიცია მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორის დასახმარებლად 7 მაისს წარმოდგენილ გეგმას აკრიტიკებს და ფრაგმენტულს უწოდებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სრული ხედვა საზოგადოებისთვის არ წარმოუდგენია და წარდგენილი სტრატეგიის განხორცილებაშიც ეჭვი ეპარებათ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგნოს გეგმა, რომელიც ყველა დარგზე იქნება გავრცელებული და არა მხოლოდ იმ სფეროებზე, რომელსაც თავად ჩათვლის საჭიროდ:

“მთლიანობაში ეს არის ფრაგმენტული, დაუსაბუთებელი და არასწორი მიდგომა. ზოგადად უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკა გავრცელებული ყველა დარგზე და არა მხოლოდ იმ სფეროზე გავრცელებული, რომელსაც მთავრობა ჩათვლის საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ყველაზე დაზიანებული სფეროა ტურიზმი. მაგრამ დაზიანდა ყველა დარგი და სეგმენტური მიდგომა არ არის სწორი.

საჭიროა მაკროეკონომიკური მიდგომა, სადაც საგადასახადო შეღავათები გაწეული უნდა იყოს მთელი ბიზნესისსთვის –  რაც გვქონდა ჩვენ შეთავაზება, რომ ყოფილიყო წლის ბოლომდე შეჩერებული ქონების გადასახადის გადახდა, რომ დიდი ბიზნესის საგადასახადო შემოსავლები განახევრებულიყო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო და ქონების გადასახადი უნდა ყოფილიყო შეჩერებული”, – ამბობს გოცირიძე.

მისი თქმით, ხელისუფლების ყველა ინიციატივას აღსრულების პრობლემა აქვს და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” არც ამ გეგმას შეასრულებს. რაც შეეხება თავად მთავრობის მიერ წარმოდგენილ ხედვას, გოცირიძე აღნიშნავს, რომ ის მოუმწიფებელია და ილუზიებზეა აგებული:

“თვითონ გეგმა მოუმწიფებელია, რომლის აღსრულება იქნება ძნელი. თავიდანვე, როდესაც მცდარ საფუძველს ქმნი,  მთავრდება ეს გეგმები წარუმატებლად. არ არის ეს პროგრამა გამართული ეკონომიკურად და ბევრ ილუზიებზეა აგებული. მაგალითად, ერთ-ერთი ილუზიაა ის, რომ ტურისტები შემოვლენ და ტესტირებას გაუკეთებენ საზღვარზე. სად გაუკეთებენ- თურქეთის საზღვარზე თუ რუსეთის საზღვარზე, როცა ორივე მათგანი გაგანია ვირუსის პერიოდშია და ალბათ სექტემბრამდე ვითარება არ დამშვიდდება. ისიც კი არ უხსენებიათ, როგორ მოხდება ტურისტების ისე შერჩევა, რომ ვირუსი არ გაავრცელოს ქვეყანაში.

მოსთხოვენ ცნობას თავიანთი ქვეყნიდან, რომ ტესტი გავლილი აქვთ, თუ აეროპორტში მოახდენენ ტესტირებას? ამის ბიუჯეტი რამდენი აქვთ? როდესაც ტესტირება ქვეყანაში ვერ ჩაუტარებიათ და საქართველოში, მაგალითად, ჩამოვიდა ერთი მილიონი ტურისტი – ერთ მილიონ ტურისტს როგორ ტესტავენ და რა ჯდება? როგორც კი დეტალებში შევდივართ, აღმოჩნდება, რომ კვლავ ძველებურად, ტყუილ-მართალის, რეალობისა და ილუზიის ნაზავია ეს გეგმაც”, – ამბობს გოცირიძე.

მთავრობის გეგმას აკრიტიკებენ ევროპულ საქართველოშიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ის დაგვიანებული ნაბიჯებისგან არის შემდგარი. ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კრიზისს გავლენა მთელ ეკონომიკაზე აქვს და გეგმა ფრაგმენტული არ უნდა ყოფილიყო:

“დღეს წარმოდგენილ გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, მაგრამ მთლიანობაში, გეგმა არის ფრაგმენტული და ხშირად დაგვიანებული ნაბიჯებისგან შემდგარი. პირველ რიგში, ეკონომიკის ასე სექტორებად დაყოფა მიგვაჩნია არასწორად, ვინაიდან კრიზისი ურტყამს მთლიან ეკონომიკას და ეკონომიკის ყველა სექტორს. ამიტომ, უნდა იყოს საერთო ნაბიჯები, რაც კეთდება ყველასთვის და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ დამატებით შეღავათებზე. საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება უნდა იყოს საერთო და უნდა ეხებოდეს არა მარტო ტურიზმს, არამედ ყველა ბიზნესსუბიექტს.

ქონების გადასახადის გაუქმება წელს არის სწორი ნაბიჯი, რასაც ითხოვს და ეთანხმება ევროპული საქართველოც, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს მთლიანად ბიზნესს, ყველა სექტორს და არა მხოლოდ ტურისტულ სექტორს. საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე არის სწორი მიმართულება, მაგრამ სანახევრო, და აქედან გამომდინარე, არასაკმარისი ნაბიჯი”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი პოზიცია აქვთ “ლელოშიც”. ბადრი ჯაფარიძის თქმით, მთავრობას არ წამოუდგენია ეკონომიკის ამოქმედების სრული ხედვა და საზოგადოებისთვის უცნობია, რა რესურსების მობილიზება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს კრიზისისგან მიყენებული ტვირთი შეუმსუბუქდეთ:

“ვფიქრობ, დღევანდელი პრეზენტაცია პიარული დატვირთვის იყო. იმის დემონსტრირების მცდელობა, რომ მთავრობა ფიქრობს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ამა თუ იმ სეგმენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მაგრამ, მთლიანობაში, ყველაზე დიდი პრობლემა რჩება, რომ არ გვაქვს მთავრობის მთლიანი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს გაჩერებული ეკონომიკის ამოძრავება, რა რესურსების მობილიზება უნდა მოხდეს, რომ ის დიდი გაჭირვება, რომელსაც ქართული ოჯახები შეეჯახნენ, ნელ-ნელა იყოს დაძლეული.

ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა ხედვის არარსებობა და ინფორმაციის საზოგადოებისთვის არმიწოდება იმ სიზუსტით, რომელიც აუცილებელია, რომ გავითავისოთ, მთავრობის რა ნაბიჯები მოჰყვება მათ პიარულ პრეზენტაციებს”,- ამბობს ბადრი ჯაფარიძე ტელეკომპანია “პირველთან”.

თურნავას თქმით, ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან შემოვიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი