ახალი ამბები

თურნავას თქმით, ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან შემოვიდნენ

7 მაისი, 2020 • 913
თურნავას თქმით, ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან შემოვიდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საწყის ეტაპზე, ანუ ივლისიდან, როცა საქართველოში ტურისტული სეზონი გაიხსნება, საკმაოდ რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

როგორც მინისტრი ამბობს, მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს “ჯორჯიან ეარვეისთან”, რათა რეგულარული ფრენები, სულ მცირე, ორი მიმართულებით მაინც განახლდეს. მისგანვე გახდა ცნობილი, რომ “საჭიროების შემთხვევაში” ქართულ ავიაკომპანიას მთავრობა მხარდაჭერის პაკეტს შესთავაზებს. ნათია თურნავა ჯერჯერობით არ ამბობს, რომელი მიმართულებით აღადგენს ივლისიდან ფრენებს “ჯორჯიან ეარვეისი”.

“აქტირი კომუნიკაცია გვაქვს Wizz Air-თან, რადგან მნიშვნელოვანია ვნახოთ, შეასრულებს თუ არა ავიაკომპანია საერთაშორისოდ მიღებულ უსაფრთხოების სტანდარტებს, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან იქნება დაწესებული. ვმუშაობთ იმ მიმართულებების მოკლე სიაზე, სადაც იგივე Wizz Air მზად არის საწყის ეტაპზე მოემსახუროს. ანუ საიდანაც ტურისტების მოზიდვის მეტი პერსპექტივაა. მათგანაც ველოდებით იმ მიმართულებების ჩამონათვალს, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მათ მიაჩნიათ, რომ საწყის ეტაპზე ყველაზე მეტ ტურისტს შემოიყვანენ. ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ”,-აცხადებს თურნვა.

ჟურნალისტებმა ნათია თურნავას რუსეთზეც ჰკითხეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მაღალია. როგორც მინისტრი ამბობს, რუსეთთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ტურისტების შემოსვლის საკითხზე, თუმცა საქართველო მზად არის, რუსი ტურისტები მიიღოს. “ჩვენი ქვეყანა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მზად არის, მათ შორის რუსი ტურისტებიც მიიღოს.”

მოგვიანებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თურნავას განცხადება განმარტა.  ქვრივიშვილის თქმით, მინისტრმა რეგიონის ქვეყნები იგულისხმა სახმელეთო საზღვრის ნაწილში, ანუ საუბარია სახმელეთო გზით შემოსულ ტურისტებზე.

“მიმდინარე პერიოდი არის მოსამაზადებელი მოლაპარაკებების თვალსაზრისით როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე, პარტნიორ ქვეყნებთან. შესაბამისად, უკლებლივ ყველა იმ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის ღირებული იყო. აქედან გამომდინარე, მე ალბათ არ გამოვყოფდი იმ ქვეყნების ჩამონათვალს… რაც მინისტრმა ახსენა, უბრალოდ ეხებოდა სახმელეთო ნაწილს და, ბუნებრივი,ა ჩვენი მეზობელი ქვეყნები არიან ის ქვეყნები, საიდანაც სახმელეთო შეზღუდვის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში მოგზაურობას დაიწყებენ”,-აცხადებს ქვრივიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი