ახალი ამბებიეკონომიკა

ემიგრაციიდან დაბრუნებული ფერმერი ქალი, რომელმაც თანამშრომლებს სათბური აჩუქა

6 მაისი, 2020 • 3058
ემიგრაციიდან დაბრუნებული ფერმერი ქალი, რომელმაც თანამშრომლებს სათბური აჩუქა

ვანის რაიონში მცხოვრებმა ფერმერმა, ქეთი თომეიშვილმა ოთხ თანამშრომელს 500 კვ.მ. სათბური აჩუქა, საიდანაც ისინი უკვე სამ კვირაში კიტრის მოსავალს აიღებენ.

“თუ Covid-19-ის მიუხედავად შესაძლებლობა იქნება, რომ კიტრი გავყიდოთ, თანხას წაიღებენ, თუ არადა, ოჯახს მოახმარენ”, – უთხრა ფერმერმა ქალმა ნეტგაზეთს.

ქეთი თომეიშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში დაფინანსება 2018 წელს მიიღო, დღეს კი სოფელ მთისძირში გაშენებულ სათბურებში კიტრი, პომიდორი და მწვანილი მოჰყავს. ფერმერი გვეუბნება, რომ პროექტის დახმარებით დღეს უკვე ხუთი სათბური აქვს- ორი კიტრის, სამი კი -პომიდვრის. კიტრი პირველ წელსვე დათესა, პომიდვრის მოსავალს კი წელს პირველად ელოდება. როგორც ის ამბობს, ახალი საქმიანობის დაწყებაზე ფიქრი ჯერ კიდევ ემიგრაციაში დაიწყო, საიდანაც 2016 წელს დაბრუნდა. მანამდე მთისძირში დაახლოებით 1.5 ჰექტარი მიწა შეიძინა, რომლის ნაწილზეც (2000 კვ.მ) დღეს სათბურები აქვს გაშენებული.

“ფერმერთა ასოციაციაში გავწევრიანდი და თუ რაიმე დამჭირდა, ყველაფერში დამეხმარნენ…  რჩევები, აგრონომის გამოგზავნა და ა.შ. რაც შეეხება ამ პროგრამას, გრანტზე განაცხადი ოქტომბერში შევიტანე, დაფინანსება კი საახალწლოდ მივიღე. ყოველ წელს 15-20 ტონამდე კიტრი მომყავს, წელს პირველად ვცადე პომიდვირის მოყვანა. სათბურის გაკეთების იდეა ემიგრაციაშივე გამიჩნდა, ვფიქრობდი, რით უნდა მერჩინა თავი… რადგან სოფლელი ვარ, მივხვდი, რომ უფრო სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაკეთებდი რამეს. წელს ქინძი მოვიყვანე, რომელიც ამ კორონავირუსის პირობებშიც კი მთლიანად ექსპორტზე გავიდა. როგორც იცით, ქინძი ძირითადად რუსეთში იყიდება. ქვიტირში არსებობს სამაცივრე მეურნეობა, მის მეპატრონესთან ერთად ჰოლანდიაში ვიყავი USAID-ის პროექტით… ასე გავყიდე 2 ტონა ქინძი რუსეთში. ასე დავეხმარეთ ერთმანეთს.”

ქეთი თომაშვილი ამბობს, რომ კიტრს მთლიანად საქართველოში ყიდის. ფერმერს კორონავირუსის გავლენაზეც ვკითხეთ და, როგორც მან გვითხრა, ჯერჯერობით კიტრის მოსავალი არ აუღია, შესაბამისად Covid-19 გავლენაზე ვერ ისაუბრებდა. თუმცა “სამ კვირაში, როცა მოსავალი მომივა, მერე არ ვიცი, რა მოხდება.”

მისივე თქმით, სწორედ არსებული მძიმე ვითარების გამო გადაწყვიტა, თანამშრომელი ქალებისთვის ერთი სათბური  ეჩუქებინა. ფერმერი ამ ეტაპზე ოთხ ადამიანს ასაქმებს, ყველა მათგანი მთისძირში მცხოვრები ქალები არიან. თუმცა, როგორც ამბობს, მათ გარდა დასაქმებული ჰყავს და და სიძეც. მისივე თქმით, ეს ექვსი ადამიანი მასთან მუდმივად, ანუ ყველა სეზონზე მუშაობს.

“წელს ჩემი ფულით… 60 ათასი ლარი სესხად გამოვიტანე და 5 ათას ფრთა ქათამზე ფერმა გავაკეთე. ძალიან დიდი ფერმა, ფაქტობრივად, რვა თვეში გავაკეთე. ახლა იძულებული ვარ, ქათამი ცოცხლად გავყიდო, რადგან დაკვლის უფლება არ მაქვს. არ მაქვს სასაკლაო… წესის მიხედვით რომ გავაკეთო სასაკლაო, მაგისთვის ნახევარი საშენი მასალა უკვე შეძენილი მაქვს, მარა მერე უკვე კორონამ მომისწრო. ადრე 2.80 ლარად რომ ვყიდულობდი დოლარს, ახლა 3 ლარი ღირს და აღარ მაქვს ამის საშუალება. ამ ეტაპზე იძულებული ვარ, ქათამი ცოცხლად გავყიდო, რაც დაკლულის ნახევარი ფასია.”

ქეთი თომეიშვილის მიერ ქალებისთვის ნაჩუქარი სათბურის შესახებ ინფორმაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ  გაავრცელა. ის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მონაწილეა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

გარეკანის ფოტო:  გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი