ახალი ამბები

მოვუწოდებთ პარლამენტს, არ დაუშვას მისი მიღება – ფერმერთა ასოციაცია „რუსულ კანონზე“

8 აპრილი, 2024 • 829
მოვუწოდებთ პარლამენტს, არ დაუშვას მისი მიღება – ფერმერთა ასოციაცია „რუსულ კანონზე“

ფერმერთა სათათბიროს წევრი დარგობრივი ასოციაციები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ „რუსული კანონის“ დაბრუნების გამო და პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაუშვას მისი მიღება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში შემობრუნებას ძალიან მკაცრი შეფასება მოჰყვა საზოგადოების დიდი ნაწილისა და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების და დონორების მხრიდან (ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვა). შეგახსენებთ, რომ ათეული წლებია, რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით ხორციელდება სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო)  უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულია სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების, კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, იქნება ეს ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფითა თუ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის გზით.

ამ სიკეთეებზე უარის თქმით, ამაო გახდება ის ძალისხმევა, რაც წლების განმავლობაში დარგში მომუშავე უწყებებმა, მათ შორის სამთავრობო სექტორმა, გაიღეს დარგის განვითარებისთვის, იმ რეფორმების ფარგლებში, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა უნდა იყოს. ამდენად, კანონპროექტთან დაკავშირებით ფერმერთა სათათბიროს წევრი დარგობრივი ასოციაციები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას მისი მიღება“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

1. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
2. საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია
3. ასოციაცია „მომავლის ფერმერი“
4. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
5. მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია
6. კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია
7. ასოციაცია „ტყის პროდუქტი’’
8. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“
9. საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაცია
10. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების
მწარმოებელთა ასოციაცია
11. საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია
12. ორგანული აქვაკულტურის ასოციაცია ,,ფორეჯი”
13. ასოციაცია „ღვინის ოსტატები“
14. გაერთიანება ,,ქართული ხორბალი”
15. ექსპორტის განვითარების ასოციაცია
16. საქართველოს მერძევეობის ასოციაცია
17. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია
18. საქართველოს მეხილეობის ასოციაცია
19. საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია


მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი