ახალი ამბები

“დარჩი სახლში” და D ვიტამინი – როგორ მოვიქცეთ?

7 მაისი, 2020 • 5397
“დარჩი სახლში” და D ვიტამინი – როგორ მოვიქცეთ?

მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ორ თვეზე მეტია მოუწოდებენ, “დარჩნენ სახლში”. შეიძლება თუ არა “სახლში დარჩენილი”  მოქალაქეები დარჩნენ D ვიტამინის გარეშე და სჭირდებათ თუ არა ამ ვიტამინის პრეპარატის სახით მიღება? სჭირდებათ თუ არა D ვიტამინის დამატება ბავშვებს, რომლებიც “სახლში დარჩნენ”?

 


დიდი ბრიტანეთისა და შოტლანდიის ჯანდაცვის უწყებებმა  D ვიტამინის პრეპარატის სახით მიღების შესახებ რეკომენდაცია გასცეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დიდ დროს ატარებს დახურულ სივრცეში. 

ბრიტანეთს კორონავირუსის  პანდემიამდეც ჰქონდა ასეთი რეკომენდაცია – გამომდინარე იქიდან, რომ  D ვიტამინის ძირითადი წყარო მზის პირდაპირი სხივებია, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში მხოლოდ საკვებით ამ ვიტამინის საჭირო დოზით მიღება რთულია, ბრიტანეთში მოქალაქეებს 2016 წლიდან ურჩევდნენ შემოდგომასა და ზამთარში D ვიტამინის ყოველდღიურად მიღებას. 


რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს D ვიტამინის დეფიციტმა და როგორ უნდა შევძლოთ მისი მარაგის შევსება პანდემიის პირობებში? 

 ენდოკრინოლოგ ნინო გაბიძაშვილის განმარტებით, D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის, თუმცა ბოლო წლებში გამოიკვეთა D ვიტამინის როლი ორგანიზმის სხვა სისტემებისთვისაც. D ვიტამინის ფუნქცია თირეოიდული ჰორმონების მოქმდებას უთანაბრდება. გარდა ამისა, D ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გაძლიერებისთვისაც. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, ის ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციებმა ოფიციალურად გაუწიეს რეკომენდაცია: 

“კორონავირუსის დროს ერთადერთი ვიტამინი, რომელსაც სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციებმა ოფიციალურად გაუწიეს რეკომენდაცია, არის სწორედ D ვიტამინი, რადგან ის რეალურად ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას როგორც ინფექციური, ისე ბაქტერიული დაავადებების მიმართ. გარდა ამისა, გააჩნია ანტიკარცენოგენური ეფექტი, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ავტოიმუნური დაავადებების და ნეიროდეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის”, – განმარტა გაბიძაშვილმა.

თუმცა, გაბიძაშვილის თქმით, D ვიტამინი ცალსახად კორონავირუსის სამკურნალოდ ან პრევენციისთვის არ გამოიყენება.

მისი თქმით, D ვიტამინის ძირითადი წყარო არის მზის სხივები, თუმცა მას ასევე შეიცავს სხვადასხვა მცენარეული საკვები, თევზი, კვერცხი. საკვები D ვიტამინს დაბალი დოზით შეიცავს, შესაბამისად, ორგანიზმისთვის აუცილებელია დამატებითი გზებით მისი მიღება.

როგორ მივიღოთ D ვიტამინი


როგორც ყველაფერმა სხვამ, ორგანიზმში D ვიტამინის ზედმეტმა დოზამ შესაძლოა ავნოს ადამიანს, ამიტომ, ენდოკრინოლოგის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ D ვიტამინის როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური გზებით მიღებისას ვაკონტროლოთ დოზები. ამისთვის კი ის მოქალაქეებს ურჩევს: 

[checklist]

  • ეცადეთ, მზის სხივები თქვენს კანს მოხვდეს დილის საათებში საშუალოდ 30-60 წუთის მანძილზე.
  • მნიშვნელოვანია, რომ კანს მზის სხივები მოხვდეს პირდაპირ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. მათ შორის დაბრკოლებას წარმაოდგენს ფანჯრის მინა ან ტანსაცმელი.
  • თვითდანიშნულებით, სეზონურად (შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში) შეგიძლიათ მიიღოთ 1000 სე ვიტამინი D 3. უფრო მაღალი დოზით პრეპარატის მიღება შეათანხმეთ ექიმთან.
  • კალციუმის პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ექიმის დანიშნულების და სისხლში კაცლიუმის დონის განსაზღვრის გარეშე, რადგანაც არსებობს რიგი დაავადებები, როდესაც კალციუმის დონე სისხლში იმატებს და, შესაბამისად, პრეპარატის სახით კალციუმის დამატებით მიღება უკუნაჩვენებია.
  • გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში D ვიტამინის მარაგის შევსება ეცადეთ ბუნებრივი გზით (მზის სხივები), მედიკამენტების გარეშე.

[/checklist]

როგორ ვლინდება D ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში

ენდოკრინოლოგის განმარტებით, D ვიტამინის ნაკლებობისას ადამიანი ხშირად გრძნობს ზოგად სისუსტეტს. ამასთან, უსუსტდება კუთნები, დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში შესაძლოა კუნთების ტკივილიც გამოიწვიოს. ასევე, D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში ხშირია გუნება-განწყობილების დაქვეითება, ადამიანი ხდება დეპრესიისკენ მიდრეკილი და აქვს მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები.

გაბიძაშვილის განმარტებით, თვითიზოლაციის პირობებში არ არსებობს კონკრეტული პერიოდები, როდესაც ადამიანს შესაძლოა სიმპტომურად გამოუვლინდეს D ვიტამინის ნაკლებობა, რადგან მისი დეფიციტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი მარაგი ჰქონდა ადამიანს თვითიზოლაციამდე – რამდენად დიდ დროს ატარებდა დახურულ სივრცეში, როგორ იკვებებოდა და რა თანმხლები დაავადებები აქვს.

რისკჯგუფები

D ვიტამინის დეფიციტის გამოვლენა და მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ჯგუფის პაციენტებისთვის:

[checklist]

  • მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალები, რადგანაც ამ ორი ფაქტორის კომბინაციისას მკვეთრად იმატებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.
  • ადამიანები, ვინც გვიანი შემოდგომის და ზამთრის პერიოდში არ იღებდნენ D ვიტამინის პრეპარატს.
  • ადამიანები, რომელთაც გადატანილი აქვთ ინსულტი ან აღენიშნებათ მოძრაობის შეზღუდვით მიმდინარე სხვა დაავადება, რის გამოც ნაკლებად გადიან ბუნებაში.
  • თუ დანიშნული გაქვთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც აქვსითებენ D ვიტამინის დონეს ორგანიზმში: მაგალითად, გლუკოკორტიკოიდები, ანტიკონვულსანტები, …
  • ონკოლოგიური პაციენტები, რომლებიც იღებენ არომატაზას ინჰიბიტორის ჯგუფის პრეპარატებს, რაც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს.
  • შეწოვის დაქვეითებით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტები.

[/checklist]

როდის მივმართოთ ექიმს 

ენდოკრინოლოგის თქმით, D ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს არასპეციფიკური სიმპტომები, ამიტომაც დიაგნოზის დასადასტურებლად რეკომენდებულია D ვიტამინის დონის განსაზღვრა სისხლში.

“სიმპტომურად D ვიტამინი ვერ დაინიშნება, მაგრამ თუ ადამიანი ხვდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ რისკჯგუფში, დამოუკიდებლად შეუძლია პრეპარატის მიღება დოზით 1000 საერთაშორისო ერთეული. უფრო მაღალი დოზის მიღებისთვის საჭიროა ექიმის თანხმობა.

ამ პერიოდში [გაზაფხულზე და ზაფხულში] ადამიანებმა ვიტამინის დეფიციტის შევსება, განსაკუთრებული საჭიროებების გარდა, შესაძლოა მზესთან კონტაქტით მოახერხონ”, – განმარტა გაბიძაშვილმა.

მისი თქმით, ზამთრის პერიოდში, როდესაც მზესთან შეხება ადამიანს ნაკლებად უწევს, ექიმის კონსულტაციის გარეშეც პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება 1000 საერთაშორისო ერთეულის დოზის D ვიტამინის მიღება.

D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში

პედიატრ მაკა ლომიძის თქმით,  თვითიზოლაციის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა დილის საათებში 30 წუთი მაინც გაატარონ მზის ქვეშ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის გარეთ გასვლა ვერ ხერხდება, სასურველია აივანზე ან ღია ფანჯარასთან გაატარონ გარკვეული დრო. თუმცა, პედიატრის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნამ, შესაძლოა სხვა დაავადებების გაჩენას შეუწყოს ხელი, პროფილაქტიკის მიზნით უმჯობესია ბავშვებმა ყოველდღიურად პრეპარატის სახით მიიღონ D ვიტამინის დოზა 400 საერთაშორისო ერთეული. ლომიძის თქმით, აღნიშნული რაოდენობა ბავშვის ორგანიზმს არ ვნებს.

პედიატრი განმარტავს, რომ D ვიტამინის დეფიციტისას ძვლები თხელდება, ხდება ადვილად მსხვრევადი და დეფორმირდება. ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის გამო შესაძლოა განვითარდეს რაქიტი – დაავადება, რომელიც იწვევს ძვლების მინერალიზაციის დარღვევას და ოსტემალაციას (ძვლის დარბილებას). ეს კი ქვედა კიდურების დეფორმირების მიზეზი ხდება და ვითარდება სქოლიოზი და მოტეხილობებიც. მინერალური ცვლის დარღვევის გამო მეორადად განვითარებული ჰიპოკალცემიის (სისხლში კალციუმის დაბალი შემცველობა) გამო შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვა, ტეტანია და არითმია, კუნთების სისუტე, კბილების ანომალიები, ზრდაში ჩამორჩენა. D ვიტამინის დეფიციტი ასევე ზრდის მოტეხილობების რისკს ყველა ასაკში.

პედიატრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის დამატებითი წყარო მზის პირდაპირი სხივებია, კანის კიბოს პრევენციის მიზნით ამერიკის პედიატრიული აკადემიის რეკომენდაცით 6 თვემდე ასაკის ყველა ბავშვი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მზის პირდაპირი სხივებისაგან და მზეზე ყოფნის დროს კანის დასაცავად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი, რაც ხელს უშლის D ვიტამინის სინთეზს კანში და ხელს უწყობს დეფიციტს.

“ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილი დამატებით უნდა იღებდეს 400 საერთაშორისო ერთეულ D ვიტამინს ყოველღიურად, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. დედის რძე D ვიტამინით ღარიბია, რის გამოც ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში რაქიტის შემთხვევბი უფრო ხშირია. D ვიტამინის დამატება საჭირო აღარაა, თუ ძუძუს დანებების შემდეგ ბავშვის კვება გრძელდება D ვიტამინით გამდიდრებული ხელოვნური ნარევით, რომლის დღიური ოდენობა 1 ლიტრზე ნაკლები არ არის. მიზეზი კი ისაა, რომ 1 ლიტრი ხელოვნური ნარევი ყოველ 100 კალორიაზე შეიცავს 40-100 საერთაშორისო D ვიტამინს, რაც უზრუნველყოფს 1 ლიტრ ნარევში 400 სასერთაშორისო ერთეული D ვიტამინის შემცველობას”, – განმარტა ლომიძემ.

“თუ ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის მეძუძური დედა იღებს D ვიტამინის 4000-6000 საერთაშორისო ერთეულს (100-150 მკგ), ბავშვისთვის ვიტამინის დამატება შეიძლება არ იყოს საჭირო.

შერეულ და ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილთა უმრავლესობა მოიხმარს საჭიროზე (1 ლიტრზე) ნაკლებ მოცულობის ხელოვნურ ნარევს და, შეაბამისად, საჭიროებენ D ვიტამინის დამატებას (400 საერთაშორისო ერთეული).

ამერიკული რეკომენდაციით დღევანდელი ჩვილებიც დამატებით იღებენ 400 საერთაშორისო ერთეულ D ვიტამინს. შედარებით მაღალი დოზაა რეკომენდებული ევროპული და კანადური გაიდლაინით”, – განმარტა ლომიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ლომიძის თქმით, 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომლებიც საკვების სახით ვერ იღებენ D ვიტამინს 600 საერთაშორისო ერთეულის ოდენობით, ასევე საჭიროებენ D ვიტამინის დამატებით მიღებას, იგივე დოზით. ხოლო ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების ან სამკურნალოდ მიღებული მედიკამენტების გამო არიან D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკჯგუფში, საჭიროებენ ვიტამინის მაღალ დოზას, რომელსაც ექიმი უნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი