ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოძალადესთან გამოკეტილი – ქალები კარანტინში სომხეთში

1 მაისი, 2020 • 1701
მოძალადესთან გამოკეტილი – ქალები კარანტინში სომხეთში

ავტორი: მარიამ მუგდუსიანი, ერევანი


პანდემია – გარდამტეხი მომენტი ქალებისთვის

ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კორონავირუსის პანდემიის საფრთხემ ქალები სომხეთშიც სახლებში გამოკეტა და აქამდე არსებული ოჯახში ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო ცხადი გახადა. გარკვეულ შემთხვევებში პანდემია ქალებისთვის გარდამტეხ მომენტადაც იქცა.

ნარინეს ამბავი 

ნარინე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არ არის, მაგრამ ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში ქმარი მის შრომით ექსპლუატაციას ეწევა.

“ჩემი დღე იწყება ბავშვების ონლაინ გაკვეთილებით, პარალელურად, მე თავადაც დისტანციურად მიწევს მუშაობა. ამ დროს ჩემი ქმრის ძირითადი საქმიანობა ტელევიზორის ყურება და ჩემ მიმართ პრეტენზიების გამოხატვაა.

თუ, მაგალითად, მაგიდაზე სალათი არაა, ან არ მაქვს დრო, რომ ყოველდღე კერძები ვამზადო, ან საჭმელი იგვიანებს, ჩხუბს იწყებს. იმ შემთხვევაშიც მე მაკისრებს პასუხისმგებლობას, როდესაც ბავშვები კარგად არ სწავლობენ გაკვეთილებს”.

ნარინე ამბობს, რომ ქმრის ასაკოვან მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, რომელთაც ასევე სჭირდებათ მოვლა.

კარანტინის შემოღებამდე, როდესაც ბავშვები სკოლაში მიჰყავდათ, ორივე სამსახურში მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა.

შესაბამისად, ქალი ამბობს, რომ მხოლოდ ახლა ხვდება, რამდენად უჭირს ქმართან თანაცხოვრება და არ გამორიცხავს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს და განქორწინდეს.

[red_box]ვარდუის ამბავი[/red_box]

ვარდუის სამი შვილი ჰყავს, ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობებისაა.

ქალი ამბობს, რომ კარანტინის შემდეგ მისი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა და თითოეული დღე გამოწვევა გახდა.  მისი ქმარი, რომელიც აქამდე მშენებლობაზე მუშაობდა, სახლიდან ადრე გადიოდა და გვიან შემოდიოდა. გამომუშავებულ ფულს კი, როგორც ვარდუჰი ამბობს, ძირითადად ალკოჰოლში ხარჯავდა.

“ახლა მთელი დღე გამოკეტილია და ბავშვის პენსიას ელოდება თვიდან თვემდე, რომ წავიდეს და ალკოჰოლი იყიდოს. უკმაყოფილების გამოხატვის ან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მცემს”.

ქალი ამბობს, რომ მისი ქმარი აქამდეც, სახლებში გამოკეტვამდეც, ძალადობდა მასზე, თუმცა ეს უფრო იშვიათად ხდებოდა.

“აქამდე პოლიციას რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ მოდიოდნენ სიტუაციის გასარკვევად, ახსნა-განმარტებით შემოიფარგლებოდნენ და ამით სრულდებოდა ყველაფერი”.

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გამოსავალს ვერ ხედავს.

“სად წავიდე სამი შვილით, მით უმეტეს, ერთი შშმ მყავს, ვინ მოუვლის მათ, მე თუ ვიმუშავე, ან რამდენ ხანს შეიძლება იქ გავრჩერდე? ამ სახლის  გარდა სხვაგან წასასვლელი არ მაქვს”.

თუ ერევანში მცხოვრებ ქალებს თავშესაფარში წასვლა მაინც შეუძლიათ, იმავეს ვერ ვიტყვით რეგიონებში მცხოვრებ ქალებზე, სადაც თავშესაფრებიც კი არ არსებობს.

ამასთან, კარანტინის დროს სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ სომხეთში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტაქსი კი ბევრი ქალისთვის  საკმაოდ ძვირი ჯდება. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მოკლე დროითაც კი ვერ გაეცლებიან ქალები საკუთარ სახლებს და ვერ წავლენ ან ახლობლებთან, ან მეგობრებთან. მდგომარეობას ამჟამად ისიც ამძაფრებს, რომ არც რეგიონებიდან დედაქალაქამდე ჩამოსვლის შესაძლებლობა აქვთ ქალებს.

[blue_box]კარინეს ამბავი[/blue_box]

კარინე სომხეთის ერთ-ერთ რეგიონში ცხოვრობს, ერევნიდან 200-მდე კილომეტრში. ჩვენი ონლაინ საუბრის დროს მიგზავნის ცემისგან დალურჯებული  ხელების ფოტოს და მალევე შლის.

„ადრე სამსახურში გავდიოდი და ეს შვება იყო”, – ამბობს კარინე.

კარინე პედაგოგია. ყველა ონლაინ გაკვეთილის ჩატარების დროს მისი ქმარი აცხადებს, რომ წუხდება და ყვირილს იწყებს.

“ჩხუბის ხმა რომ არ გაიგონ მოსწავლეებმა, გაკვეთილებს ვაჩერებ და მერე ისევ ვაგრძელებ”.

ქმრის მიერ ძალადობის ფაქტებზე პოლიციას იმ მიზეზით არ მიმართავს, რომ ქმრის რამდენიმე ნათესავი პოლიციის სისტემის თანამშრომელია და, შესაბამისად, ქალი დარწმუნებულია, რომ მას არ დაეხმარებიან.

ნელი დურიანის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, დეპარტამენტის სპეციალისტები დღეში 24 საათი მუშაობენ და მზად არიან, ყველა ოჯახს დაეხმარონ. თუმცა, უწყების ოფიციალური მონაცემების თანახმად, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ძალადობის დარეგისტრირებული შემთხვევები არ გაზრდილა.

„ოფიციალური სტატისტიკა ყოველთვის არასრულყოფილი იყო და იქნება, რადგანაც ბევრი არ მოგვმართავს. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკის მიხედვით შემთხვევების რაოდენობა არ შეცვლილა, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ზრდას ადგილი მაინც აქვს. მიზეზი ისაა, რომ ამ პირობებში, როცა ხალხი სახლს არ ტოვებს და სოციალური ინტერაქცია მინიმუმამდეა დაყვანილი, უნდა გვქონოდა ძალადობის შემთხვევების კლება, მაგრამ სტატისტიკა იგივეა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანობაში გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ძალადობის მსხვერპლი ხშირად პოლიციას არ მიმართავს, რადგანაც პოლიციელების დიდი ნაწილი არ არის სენსიტიური ამ პრობლემის მიმართ. ამიტომ ოფიციალური მონაცემების არ მჯერა“, — ამბობს უფლებადამცველი არმან ღარიბიანი და ამატებს, რომ ყოფილა მკვლელობის ბევრი შემთხვევა, რომლის მოხდენამდეც ქალებმა მიმართეს პოლიციას, მაგრამ, როგორც წესი, პოლიციელები მხოლოდ ახსნა-განმარტებითი სამუშაოთი შემოიიფარგლენ.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის წარმომადგენლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტის, ზარუი ჰოვანისიანის თქმით, მათთან შესული ზარების შესაბამისად, შემთხვევების რაოდენობამ იმატა.

2019 წლის იმავე პერიოდში ცენტრის ცხელ ხაზზე 109 ზარი შემოვიდა, წელს კი 26-ით მეტი მიმართვა დაფიქსირდა. ამავე დროს, ეს არ ასახავს რეალურ სურათს, რადგანაც არიან ქალები, ვისაც არ აქვს წვდომა ტელეფონზე ან სხვადასხვა მიზეზით ვერ რეკავს.

ბოლო თვეების განმავლობაში ერევნის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ორი ქალი გადაიყვანეს. ერთი მათგანი ერევანში ფეხით ჩავიდა და შემთხვევით მოახერხა თავშესაფრის პოვნა. ქალი ქმრის ძალადობის მსხვერპლი 25 წლის განმავლობაში იყო და, როგორც ჰყვება, მხოლოდ ახლახან გააცნობიერა, რომ მოძალადესთან დარჩენა აღარ შეეძლო, რის გამოც ერევანში თავშესაფრის საპოვნელად ჩავიდა.

ზარუი ჰოვანისიანი ამბობს, რომ ქალთა ნაწილი, ვინც მათ დახმარებისთვის მიმართა, ადრე არასამთავრობო ორგანიზაციის ბენეფიციარი იყო, ძალადობას თავი დააღწია, მუშაობაც დაიწყო, მაგრამ დღეს მათ სამსახური აღარ აქვთ, გააჩნიათ სერიოზული სოციალური პრობლემები და დგანან მოძალადესთან დაბრუნების საფრთხის წინაშე უბრალოდ იმიტომ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესაძლო ზრდაზე ყურადღება მალევე გაამახვილა და ამ მიმართულებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა.

სახალხო დამცველის, არმან ტატოიანის თქმით, 13 ზეპირი და წერილობითი ცნობა დარეგისტრირდა ომბუდსმენის ოფისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. დაზარალებულებს შორის არიან ქალები, ბავშვები და ერთი მოხუცებული მამაკაცი.

როგორც მედიაში გავრცელებული ცნობებითა და ქვეყნების ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა თითქმის მთელ მსოფლიოში იმატა და ზოგიერთი ქვეყანა ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევების პრევენციისთვისა და დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით სახსრებს გამოყოფს.

სომხეთის მთავრობას ოჯახში ძალადობის კუთხით სპეციალური ფინანსური დახმარება არ გამოუყვია. ქვეყანაში დაიწყო სხვადასხვა დახმარების პროგრამა, მაგრამ არცერთი  არაა მიმართული სპეციალურად ქალების დაცვისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი