ახალი ამბები

რას ითვალისწინებს “ლელოს” ანტიკრიზისული პროგრამა

30 აპრილი, 2020 • 2175
რას ითვალისწინებს “ლელოს” ანტიკრიზისული პროგრამა

“ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა უფრო სოციალური დახმარების პაკეტია, ვიდრე ეკონომიკური პროგრამა. ხაზარაძის თქმითვე, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დახმარებაც მოქალაქეებზე უსამართლოდ არის განაწილებული, ეს კი “ვერც მოკლევადიან და ვერც გრძელვადიან პერიოდში შედეგს ვერ მოიტანს”.

“ლელოს” დამფუძნებელი საზოგადოებას საკუთარ პროგრამას სთავაზობს. როგორც დღეს, 30 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე ხაზარაძემ თქვა, პროგრამის შედგენაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სპეციალისტები. ამასთან, გაითვალისწინეს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.

“ერთი მილიარდი ლარი უნდა განაწილდეს თითქმის 1.5 მილიონ ადამიანზე. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ განსხვავება არ არის, ადამიანმა სამსახური დაკარგა თუ ის თვითდასაქმებული იყო, რადგან თუ ადამიანზე ვსაუბრობთ, დღეს იმის გარჩევის დრო არ არის, დასაქმებული იყო, თავისით მუშაობდა, რეგისტრირებული იყო თუ ოფიციალური სამსახური ჰქონდა… თუ ჩვენი ამოცანა მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, მაშინ ეს თანხა ყველა ადამიანს უნდა მივცეთ. ჩვენი გათვლებით თითოეული ოჯახი სამი თვის განმავლობაში თვეში 1 000 ლარს მიიღებდა. რატომ სამ თვეში?! იმიტომ, რომ სამი თვის თავზე ეკონომიკა ამუშავებული უნდა იყოს”, – აცხადებს ხაზარაძე.

“ლელოში” მიაჩნიათ, რომ მთავრობამ სამი მილიარდი ლარის საკრედიტო-საგარანტიო ფონდი უნდა შექმნას. როგორც ხაზარაძე ამბობს, საგარანტიო ფონდების შექმნა ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის მნიშვნელოვანია ასპექტია და მას მრავალ ქვეყანაში იყენებენ. მისივე თქმით, თუ ამ სქემამ წლების განმავლობაში წარმატებულად იმუშავა, საქართველოს ეკონომიკა 4 წელიწადში 2-ჯერ გაიზრდება.

“ჩვენი პროგრამის მიხედვით, სამ-მილიარდლარიანი ფონდი იქნება ინტერესის გარეშე და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც დღეს გაჩერებულია, საბრუნი კაპიტალი უნდა მივცეთ იმ პირობით, თუ ისინი თანამშრომლების 80%-ს შეინარჩუნებენ. მათ 24 საათის განმავლობაში საგარანტიო საბუთის მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რათა დაიმატონ იმდენი თანხა, რაც სჭირდებათ. ამით  ორ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწევთ: ეკონომიკა არ გაჩერდება და ადამიანები, რომლებიც დღეს სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან, ეკონომიკაში შენარჩუნდებიან”, – ამბობს ხაზარაძე.

“ლელოს” გეგმის კიდევ ერთი ნაწილი სოფლის მეურნეობას ეხება. როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, საქართველო ნიორის, ხახვის, პომიდვრისა და სხვა აგროპროდუქტის იმპორტზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. “ლელოში” მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ხალხს ერთწლიანი კულტურების მოყვანაში უნდა დაეხმაროს.

“დღე და ღამე ხვანა-თესვა უნდა მიმდინარეობდეს”, – ამბობს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი