ახალი ამბები

“სისხლის გამათხელებლები თითქმის ყველა მძიმე პაციენტთან გამოვიყენეთ” – ენდელაძე

23 აპრილი, 2020 • 3681
“სისხლის გამათხელებლები თითქმის ყველა მძიმე პაციენტთან გამოვიყენეთ” – ენდელაძე

ინფექციური საავადმოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ COVID-19-ის მქონე პაციენტების მკურნალობაში პირველივე დღიდან ჩართული იყო ჰემატოლოგი და თითქმის ყველა მძიმე პაციენტთან სისხლის გამათხელებლებს იყენებენ.

ექიმის თქმით, მათთვის სიახლე არაა, რომ ახალი კორონავირუსი, სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, სისხლის შემდედებელი სისტემის პათოლოგიებს იწვევს. შესაბამისად, დაავადების გავრცელების ადრეულ ეტაპზევე პაციენტების ანტიკოაგულანტებით მკურნალობა დაიწყეს:

“თავიდანვე დავიწყეთ სისხლის გამათხელებლების გამოყენება. თრომბოემბოლიები ვითარდება და საერთოდ, ეს ინფექცია ძალიან მოქმედებს სისხლის შემდედებელ სისტემაზე. თრომბები შესაძლოა სხვადასხვა ორგანოში გაჩნდეს და პაციენტის უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა ანტიკოაგულანტების გამოყენება.

ჩვენ კვლევებს ვატარებდით და თავიდანვე ჰემატოლოგიც ჩართული გვყავდა მძიმე პაციენტების მკურნალობაში და, როგორც კი შემდედებელ სისტემაში ვნახულობდით ცვლილებებს, თავიდანვე დავიწყეთ. თითქმის ყველა მძიმე პაციენტთან გვაქვს გამოყენებული”, – ამბობს ენდელაძე.

მისი თქმით, მსგავსი გართულებები სხვა ვირუსებისთვის დამახასიათებელი არ არის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული დაავადების სირთულეს.

აღნიშნული გართულების შესახებ დღეს აშშ-ში მომუშავე ექიმებზე დაყრდნობით სტატია “როიტერსმა” გამოაქვეყნა. გამოცემა წერდა, რომ Mount Sinai-ში ექიმებმა შეამჩნიეს, რომ თირკმლის სადიალიზო კათეტერებში სისხლის კოლტები იჭედებოდა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების ფილტვების გარკვეულ რეგიონებს კი სისხლი არ მიეწოდებოდა. მსგავსი ტენდენცია შენიშნეს ნეიროქირურგებმაც, რადგანაც გაიზარდა ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც სისხლის კოლტების გამო ინსულტი უვითარდებოდათ და მათ, სულ მცირე, ნახევარს, COVID-19 ჰქონდა დადასტურებული.

ამ მიგნების გამო Mount Sinai-ს ჰოსპიტალში ამჟამად პაცენტებს სისხლის შეთხელებისთვის დიდი დოზით პრეპარატებს უნიშნავენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პაციენტის ორგანიზმში სისხლის შესქელების დაწყება გამოვლინდება, თუმცა აშშ-ის ჰემატოლოგების საზოგადოება საკუთარ სახელმძღვანელოებში წერს, რომ პრევენციის მიზნით სისხლის შეთხელებისთვის საჭირო მედიკამენტების COVID პაციენტებში გამოყენების ეფექტიანობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც მარინა ენდელაძემ “ნეტგზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში მკურნალობის ამ მეთოდს მას შემდეგ იყენებენ, რაც პაციენტის სისხლში ცვლილებები გამოვლინდება.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

ექიმები COVID-19- ის ერთ-ერთ გართულებად სისხლის შესქელებას ასახელებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი