ახალი ამბები

კობახიძე მარნეულის აქციის მოწყობაში ენმ-ს და ევროპულ საქართველოს ადანაშაულებს

22 აპრილი, 2020 • 951
კობახიძე მარნეულის აქციის მოწყობაში ენმ-ს და ევროპულ საქართველოს ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მარნეულში მიმდინარე აქცია “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მიერ არის ორგანიზებული. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილებას უყარეს კენჭი:

“როცა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე იყო საუბარი, მარნეულში “ნაცმოძრაობის” ორი განშტოების წარმომადგენელი ერთობლივ აქციას აწყობენ. ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი. ეს დანაშაულია და უნდა გავაფრთხილოთ, რომ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ.”

კობახიძის ამ განცხადებას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ უპასუხა და თქვა, რომ პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეების დამშვიდებას ცდილობენ. მისივე თქმით, ოპოზიცია მთავრობას აფრთხილებდა, რომ მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა ვითარებას გაართულებდა.

“მინდა მოვუწოდო ყველას, ჩვენი პოლიტიკური ძალის “ევროპული საქართველოს” მომხრეებს, რომ ამ რთულ ვითარებაში, როგორი საფუძველიც არ უნდა ჰქონდეთ აღშფოთების და აქვთ ეს საფუძველი თქვენი მთავრობის მიმართ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა სამართლებირივი წესრიგი დაარღვიოს. ჩვენი წარმომადგენლები მარნეულში არიან და ამ ხალხის დამშვიდებას ცდილობენ. ოღონდ ერთი რამ გაითვალისწინეთ, როცა ჩაკეტილი გყავს ხალხი კვირაობით და ოჯახის შენახვის საშუალებას არ აძლევთ, მათი კონტროლი შესაძლოა შეუძლებელი გახდეს. ეს უნდა გაითვალისწინოთ და ამას მოგიწოდებდით, თუმცა ყური არ შეიბერტყეთ”,-განაცხადა ბოკერიამ.

ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეოვს მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ შულავერში. აქ შეკრებილი არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვაში დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, კიტრის მოსავალი სახლში აქვთ და ვერ ყიდიან. სადისტრიბუციო მანქანანები, რომლებიც მუნიციპალიტეტში შედის, მათი განცხადებით, საკმარისი არ არის, რის გამოც პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახდენენ. რადიო მარნეულის ინფორმაციით, მოსახლეობას მარნეული- სადახლოს დამაკავშირებელი გზა გადაკეტილი აქვს, რის გამოც სატვირთო ავტომობილები გასვლას ვერ ახერხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი