ახალი ამბები

ლენტეხში თვითიზოლაციის შეზღუდვები ხვალიდან ყველასთვის მოიხსნება ერთი პირის გარდა

21 აპრილი, 2020 •
ლენტეხში თვითიზოლაციის შეზღუდვები ხვალიდან ყველასთვის მოიხსნება ერთი პირის გარდა

ლენტეხის მუნციპალიტეტში მყოფ 40 პირს თვითიზოლაციაში ყოფნის შეზღუდვები ხვალიდან, 22 აპრილიდან მოეხსნებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ დაუდასტურა.

ჯაფარიძის თქმით, თავდაპირველად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 150-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც ექიმები ყოვედღიურად ამოწმებდნენ, თუმცა, ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 41 პირი რჩება, რომელთაგანაც 40-ს შეზღუდვები ხვალ მოეხსნება, რადგან 2-კვირიანი სათვითიზოლაციო ვადა გადის.

“საქმე ეხებოდა პირველად კონტაქტში მყოფ პიროვნებებს, რომელთა საერთო რაოდნება 150-ზე მეტი იყო. თვითიზოლაციაში ყოფნის ორკვირიანი ვადა გასდით ამ პირებს, ისინი იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, თუმცა სიმპტომები არცერთთან არ გამოვლენილა. დარჩენილია 41 პიროვნება ლენტეხში. ცაგერში თვითიზოლაციის შეზღუდვები სრულად მოიხსნა. 41 ადამიანიდან 40-ს თვითიზოლაციის შეზღუდვები ხვალიდან მოეხსნებათ, დარჩება მხოლოდ ერთი პირი, რომლის თვითიზოლაციაში ყოფნის ვადაც 2 დღეში გადის”, – განმარტა ჯაფარიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხში კორონავირუსის შიდა გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით სრული კარანტინი 10 აპრილს გამოცხადდა. ამის მიზეზი კი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 პირის დაინფიცირება გახდა.

ლენტეხი ჩაიკეტა – კარანტინი

მასალების გადაბეჭდვის წესი