ახალი ამბები

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს – ადვოკატი

25 თებერვალი, 2026 •
ლენტეხის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს – ადვოკატი

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული ლენტეხის ყოფილი მერი, გია ონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მისი ინტერესების დამცველი, ლევან მახარაშვილის საადვოკატო ოფისის ინფორმაციით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ონიანთან ერთად დაკავებული ლენტეხის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები, ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი.

IPN-ის ინფორმაციით, ონიანს გირაოს სახით 18 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ტვილდიანს – 12 000 ლარის, ხოლო გულბანს- 13 000 ლარის.

სამივე მათგან დააკავეს 23 თებერვალს. პროკურატურის ინფორმაციით, გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი. უწყების ცნობით, ონიანის პროექტი ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს. გია ონიანმა მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით პროექტი წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა.

“სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გია ონიანი „ქართული ოცნების“ წარდგინებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად 2021 წელს აირჩიეს. ის თანამდებობას 2025 წლის ოქტომბრამდე იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი