სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი.
პროკურატურის ცნობით, გია ონიანთან ერთად დაკავებული არიან ლენტეხის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები – ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი.
პროკურატურის განცხადებით, გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი.
როგორც პროკურატურა აცხადებს, პროექტი ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს. გია ონიანმა მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით პრორქტი წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა, და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა.
„ნებართვის გაცემის პროცესში გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.
სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დისქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გია ონიანი „ქართული ოცნების“ წარდგინებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად 2021 წელს აირჩიეს. ის თანამდებობას 2025 წლის ოქტომბრამდე იკავებდა.







